17 დეკემბერი, 2023

გიორგი კეკელიძე საქართველოზე

პოეტი და მწერალი გიორგი კეკელიძე საქართველოზე ძალიან ღირებულ წერილს გვიზიარებს:

“ვულოცავ ევროპას ნაბიჯს ჩვენკენ. ვულოცავ საქართველოს ევროპის ნაბიჯსაც.
ხოლო სინამდვილე უფრო ეს არის:

ჩვენ არსად მივისწრაფით. ჩვენ ვართ ევროპა. უბრალოდ, საქართველოში კულტურული გეოგრაფია იბრუნებს საკუთარ საზღვრებს – ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, წვალებით და წინააღმდეგობით, მაგრამ მაინც.

ევროპა არის ანტიკურობის იდეა ჩვენს მიწაზე, არის მირიან მეფის არჩევანი თხოთის მთაზე ქრისტიანობის სასარგებლოდ, არის ეგრისის კრების დასკვნა, იოანე პეტრიწის ფიქრი, გრიგოლ ხანძთელის შრომა, დავით აღმაშენებლის ღვაწლი, თამარ მეფის ქვეყანა, “ვეფხისტყაოსნის” აზრი და მისი მთავარი მეტაფორა – სამყაროს ცენტრში მდგომი ადამიანი, გურამიშვილის ოცნებები, სულხან-საბა ორბელიანის გზის გეზი, ერეკლე მეფის ჭრილობები, სოლომონ დოდაშვილის სიბრძნე, ბარათაშვილის გენიალური დარდის ვექტორი, დიმიტრი ყიფიანის გული, ილია ჭავჭავაძის გონება და ნებელობა, ვაჟა-ფშაველას “ალუდა ქეთელაური”, ნიკო ნიკოლაძის გეგმა, ამბროსი ხელაიას სიჯიუტე და კირიონის ქადაგება, ექვთიმე თაყაიშვილის მოთმინება, გალაკტიონ ტაბიძის ლექსის ზომა და ცისფერყანწელების ვარდის სამყენი, ეკატერინე გაბაშვილის გამბედაობა და ხუთი ქალი მეოცე საუკუნის ქართულ პარლამენტში, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ბრძოლა, ცხრა აპრილის სისხლი.

ყველაფერი, რაც იყო და რითიც ვამაყობთ – უდრის საქართველოს უპირველეს ყოვლისა, ხოლო თვითონ საქართველო უდრის ევროპული საზღვრის გარდაუვალ წევრობას.

ჰოდა, ვულოცავ ევროპას ნაბიჯს ჩვენკენ. ვულოცავ საქართველოს ევროპის ნაბიჯსაც.”