13 ნოემბერი, 2023

საუკეთესო წერილი საქართველოზე

საქართველოზე არაერთი მნიშვნელოვანი და ძვირფასი წერილი დაწერილა, თუმცა ამბავი, რომელიც თენგიზ საგარეჯოელმა გაგვიზიარა, ნამდვილად განსაკუთრებულია:

“მინდა მოგითხროთ რეალური ამბავი ჩემი ცხოვრებიდან, რომელმაც წარუშლელი და ყველაზე ამაღელვებელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ამ ფაქტს დღემდე სიამაყით ვიხსენებ და ყოველ ჯერზე გული სიხარულით მევსება.

„კვალი მარადიული“

1982 წლის ნოემბერში, ბერლინიდან ერთი კვირით ლონდონში ვესტუმრე ჩემს მეგობარს და კოლეგას ჯონ ვილსონს, რომელიც აეროპორტში დამხვდა საკუთარი მანქანით, ბრიტანელებისთვის დამახასიათებელი კონსერვატიზმით და თავშეკავებით მომიკითხა და მაშინვე მასთან სახლში მიმიწვია. სანამ ჯონის სახლამდე მივიდოდით, რომელიც ლონდონის ძველ, ,,კენსინგტონ ენდ ჩელსის“ უბანში მდებარეობდა, გულდასმით ვათვალიერებდი ძველ არქიტექტურას. გზად შევიარეთ კენსინგტონის ბაღში, სადაც ადგილობრივი ლუდი დავაგემოვნეთ.

ჯონის სახლი სწორედ ისეთი აღმოჩნდა, როგორსაც ველოდი: ფეხი შევდგი თუ არა, გამიჩნდა შეგრძნება, რომ მე-18 საუკუნის ინგლისელს ვსტუმრობდი. სახლის ყველა დეტალი მკაცრად კონსერვატორული, თუმცა თანამედროვე დეტალებით შეუმჩნევლად გაფორმებული იყო. გამიკვირდა ის სისუფთავე და წესრიგი, რომელიც იქ დამხვდა, რადგან ჯონს ოჯახი არ ჰყავდა და მარტოხელა მამაკაცები იშვიათად გამოირჩევიან მოწესრიგებულობით.

იმ ღამეს რომელიღაც საფეხბურთო მატჩს ვუყურეთ. უფრო სწორად, ჯონი უყურებდა, მე კი მისი ხათრით ვადევნებდი თვალს. მეორე დღეს დილიდანვე გავედით ქალაქში. ჯონი აშკარად ცდილობდა, ჩემზე ეფექტი მოეხდინა და მისი ინიციატივით, ვიქტორიანული ეპოქის საკონცერტო დარბაზ ,,ალბერტ ჰოლში“ გავიარეთ, რომლის ვიზუალმა და არქიტექტურულმა სინატიფემ ლამის დეპრესიაში ჩამაგდო. დიდხანს ვიტრიალე და ვათვალიერე შენობის დეტალები. მიუხედავად იმისა, რომ წლებია, ბერლინში ვცხოვრობდი და აღტაცებული ვიყავი გერმანელი ხალხის პედანტობით, გერმანული ქალაქების არქიტექტურითა და ცხოვრების სტილით, ბავშვობიდანვე ყველაზე მეტად მიზიდავდა და მაინტერესებდა დიდი ბრიტანეთი და მისი ისტორია.

ვიქტორიას და ალბერტის მუზეუმის დათვალიერებამ უფრო გაამძაფრა ჩემი ემოციები. მიუხედავად უჟმური ამინდისა, ქალაქის ქუჩები, მოვლილი სკვერები, გაზონები, ცხენებით მოძრავი პოლისმენები უცნაურად სასიამოვნო განწყობას ქმნიდნენ. გამახსენდა ჩემი ლექტორის, ცნობილი ქართველი მეცნიერის სიტყვები: ,,ესაა ერი, რომელიც ჭეშმარიტად იმსახურებს მსოფლიოზე ბატონობას“. საოცარ ჭეშმარიტებად მომეჩვენა ეს სიტყვები: ქვეყანა, რომელმაც მსოფლიოს აჩუქა ნიუტონი, ბაირონი, შექსპირი, ლივერპულელი ოთხეული, შერლოკ ჰოლმსი, უინსტონ ჩერჩილი და ფეხბურთი… ,,ხომ შეიძლებოდა, ასეთ ქვეყანაში დავბადებულიყავი და არა პატარა აზიურ ქვეყანაში, სადაც მუდამ პრობლემებია და თავისუფლებაც კი სანატრელი აქვს“. უნებურად წამომცდასავით ეს ფიქრი. უგუნებობა შემომაწვა, როდესაც ქართული ბაზილიკა ანგლიკანურ, უმდიდრეს ეკლესიებს შევადარე და იმედგაცრუებულმა აღმოვაჩინე – მათთან შედარებით, თუ რამდენად ღარიბულად, მოკრძალებული არქიტექტურის მქონედ და მცირედ მოჩანდა ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები.

– თენგო, შენს ქვეყანაში რომ ჩამოვალ, რას ვნახავ საინტერესოს? – ისე მოულოდნელად მკითხა ჯონმა, შევცბი და გავიფიქრე, სახეზე ხომ არ დამეტყო იმედგაცრუება და შური. წამით ისევ ჩავფიქრდი, ასეთი ლამაზი, ასეთი ბრწყინვალე, რა უნდა ვანახო? ვერაფერი გავიხსენე.

– ამაზე რომ ჩამოხვალ, მერე ვიფიქროთ. – სიტყვა ავუგდე ბანზე. ჯონმა ვერ შეამჩნია ჩემი ხასიათის ცვლილება და გააგრძელა ქვეყნის ღირსშესანიშნაობებზე საუბარი.

– კინაღამ დამავიწყდა, მეგობარი კოლეგისგან მოწვევა მივიღე, ხვალ ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სიმპოზიუმია ,,ალბერტ ჰოლში“. მსოფლიოს 150 ქვეყნიდან არიან მოწვეული სტუმრებიო. როგორც მან ამიხსნა, ახალგაზრდები წარმოადგენენ თავის ნამუშევრებს, რომელიც შეეხება სხვადასხვა ქვეყნების ხელოვნების და კულტურის განვითარების ისტორიის მიმოხილვას. ეს ხომ ჩვენი საქმეა? – ჯონიმ ხელები გაშალა და პასუხის მოლოდინში თვალებმოჭუტული მომაჩერდა. დიდად არ მოვიხიბლე აღნიშნული შემოთავაზებით, რადგან, ისედაც ხანმოკლე შვებულების სიმპოზიუმებზე გატარება სისულელედ მომეჩვენა, მაგრამ მეგობარს უარი არ ვუთხარი.

მეორე დღეს ,,ალბერტ ჰოლის“ შესასვლელში დაგვხვდა ჯონის მეგობარი ქეითი, მაღალი, კაფანდარა, ცისფერთვალება და მხიარული გამომეტყველების ახალგაზრდა ქალი. ჯონიმ გაგვაცნო ერთმანეთი, თუმცა როდესაც ქეითს ჩემი ეროვნება უთხრა, სასიამოვნოდ გამიკვირდა, რომ ყველა სხვასავით, მანაც არ გაიოცა საქართველოს არსებობა. დარბაზში შესულმა აღმოვაჩინე, რომ სიმპოზიუმზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. მაყურებელთა წრიულად განლაგებული სკამების წინა ნაწილი თითქმის შევსებული იყო, სცენა მოწყობილი იყო პრეზენტატორების გამოსასვლელად, რომლის თავზე უზარმაზარი მონიტორი იყო განთავსებული. სცენის გვერდით, გრძელ მაგიდასთან, საკონკურსო კომისიის ათკაციანი ჯგუფი ისხდა, მათ შორის ქეითიც.

სიმპოზიუმი ინგლისის ნაციონალური ჰიმნით გაიხსნა. ყველა ფეხზე ავდექით. საოცარი აკუსტიკა ჰქონდა დარბაზს, ყველა ბგერა სრული ჟღერადობით მოდიოდა ყურამდე. მე და ჯონი ქეითის დახმარებით საკონკურსო კომისიის მარჯვენა მხარეს, პირველივე რიგში ვისხედით, ისე, რომ პირდაპირ ვხედავდით სცენას და კომისიასაც.

მცირე შესავლის შემდეგ, გამოაცხადეს პრეზენტატორების სახელი და გვარები. როგორც მახსოვს, უმეტესი მათგანი ამერიკელები და ცენტრალური ევროპის ქვეყნებიდან იყვნენ. ხასიათი უფრო გამიფუჭდა, რადგან საბჭოთა კავშირის 15 ქვეყნიდან მხოლოდ ორი წარმომადგენელი იყო, ისიც ბელორუსი და ტაჯიკი. კავკასიიდან – არცერთი.

პირველი პრეზენტატორი იტალიელი აღმოჩნდა, რომლის ნაშრომი შეეხებოდა ძველი რომიდან თანამედროვე იტალიამდე ეპოქას. მას მოჰყვა ესპანეთის, შემდეგ ავსტრიის, ნიდერლანდების, პოლონეთის, შვედეთის, ჩეხეთის, უნგრეთის, ბელგიის, საფრანგეთის, ამერიკის, თურქეთის და სხვა ქვეყნის პრეზენტატორთა გამოსვლები. უზარმაზარ საკონცერტო დარბაზში უცნაურად შემოქმედებითი აურა შეიქმნა. მსგავს მოწიწებას და პატივისცემას ამხელა აუდიტორიაში, აქამდე არასდროს შევსწრებივარ. გამოსვლების დასრულების შემდეგ, დარბაზი ხანმოკლე ტაშით გამოხატავდა მოწონებას. შეგრძნება მქონდა, რომ საკონცერტო დარბაზის ჰაერი გაიჟღინთა საფრანგეთის რევოლუციის, ინგლისური კონსერვატიზმის, ესპანური კორიდისა თუ რომაული ამფითეატრების სუნით.

წარმოდგენილი ნაშრომები აბსოლუტურად განსხვავებული იყო: ზოგი ზეპირად წარმოადგენდა მიმოხილვას, ზოგი დიდ ეკრანზე ხსნიდა ნამუშევრის დეტალებს, ზოგი ისტორიულ ფოტოებს იშველიებდა. ამ ყველაფერს ისეთი ენთუზიაზმით, ინტერესითა და აღტაცებით აკეთებდნენ, რომ აშკარა იყო, ყველა ამაყობდა საკუთარი ნაშრომით. კომისიის წევრები ყველა პრეზენტატორს გულისყურით უსმენდნენ და შენიშვნებს ფურცლებზე ინიშნავდნენ. ვიგრძენი, წინა დღის უარყოფითი ემოცია დარბაზში ყოფნისას და პრეზენტაციების მოსმენისას, უფრო მიმძაფრდებოდა. თითქოს თავი ზედმეტად და უსუსურად ვიგრძენი. რომ არა მეგობრისადმი პატივისცემა, მზად ვიყავი, დამეტოვებინა იქაურობა.

ერთსაათიან შესვენებაზე ,,ალბერტ ჰოლი“-ს კაფეში გავედით, სადაც შემოგვიერთდა ქეითი. რატომღაც, იმ მომენტში გულწრფელად ვუთხარი ჯონის ის, რასაც ვფიქრობდი და განვიცდიდი ეს ორი დღე. ჯონის ხმამაღლა გაეცინა, ქეთიმ კი არაფერი თქვა, მხოლოდ გაიღიმა, ან მომეჩვენა, რადგან მას ისედაც სულ მომღიმარი სახე ჰქონდა. ამან უფრო გამაღიზიანა და ვთქვი:

– ჰო, შენ გეცინება! ძალიან ადვილი და მხიარულია ცხოვრება მისთვის, ვინც დიდ და მდიდარ ქვეყანაში იბადება და დაბადებიდანვე ბედნიერებისთვისაა ,,განწირული“. ყველაფერს ბედი უნდა ამ სამყაროში. ამდენი ქვეყნის წარმომადგენელია აქ თავმოყრილი და შევამჩნიე, უკვე ექვსმა მათგანმა ისაუბრა ინგლისის ისტორიაზე, თითქოს მათ მშობლიურ ან სხვა ქვეყნებზე არაფერია სასაუბრო. ვის აინტერესებს პატარა ქვეყნები? თუ გინდა, მცირე ექსპერიმენტი ჩავატაროთ: ჩემი ქვეყნის სახელი რომ ჰკითხო ამ ,,ისტორიკოსებს“, დარწმუნებული ვარ, ყველას ამერიკის ჯორჯიის შტატი ეგონება. სამწუხაროდ, ესაა პატარა ქვეყნის ხვედრი დიდ და ულმობელ სამყაროში!

იმ დღეს, საღამოს 18:00 საათზე შეწყდა ნაშრომების პრეზენტაცია და მეორე დღეს, დილის 10 საათიდან განახლდა. კვლავ გაგრძელდა ორატორების გამოსვლები, რომლებიც მთელი აღტყინებით ცდილობდნენ, მსმენელისთვის საინტერესოდ წარმოედგინათ ნაშრომი, რაც უმეტესად, გამოსდიოდათ კიდევ. აუდიტორიას რომ გადავავლე თვალი, შევამჩნიე, რომ წინა დღისგან განსხვავებით, ახალგაზრდების რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილიყო.

დაახლოებით საღამოს 17 საათზე, ბოლო პრეზენტაცია წარმოადგინეს, რის შემდეგაც, მოულოდნელად ტრიბუნასთან მივიდა საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი, გვარად ჰარისონი, მიკროფონი აიღო და განაცხადა:

– მეგობრებო, სიმპოზიუმი მინდა დავასრულო ჩემი პრეზენტაციით, რომელიც ეხება ჩემთვის აქამდე უცნობ ქვეყნის ისტორიას.

არ მესიამოვნა, რადგან უკვე დარბაზიდან გასასვლელად ვემზადებოდი. თუმცა, ვინაიდან კომისიის მოპირდაპირედ ვისხედით, ეს უტაქტობად ჩამეთვლებოდა და იძულებული გავხდი, დავრჩენილიყავი ადგილზე.

– ეს იმდენად პატარა ქვეყანაა, რომ ამ რუკაზე არც კი ჩანს, – დარბაზში სიცილი ატყდა. ჰარისონმა ხელი უზარმაზარი მონიტორისკენ გაიშვირა, სადაც მსოფლიოს რუკა გამოისახა. – ამ ქვეყნის მოსახლეობა ჩვენი ერთი ქალაქის მოსახლეობაზე სამჯერ ნაკლებია, წარმოგიდგენიათ? თუმცა, მისი ასაკი, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებზე ათჯერ მეტია. გულწრფელად გეტყვით, ამ ქვეყნის და მისი ისტორიის აღმოჩენა ჩემთვის მსოფლიოს მერვე საოცრებაა!

ჰარისონის ასეთმა შესავალმა ,,ალბერტ ჰოლის“ აუდიტორია უცებ გამოაფხიზლა. დარბაზი გაისუსა და ინტერესით მიაჩერდა მომხსენებელს, თან მონიტორიზე გამოსახულ რუკას მისჩერებოდნენ. ჰარისონი აზარტში შევიდა, სცენაზე ვერ ჩერდებოდა, თვალებიდან ნაპერწკლებს ჰყრიდა და ისეთი აღტაცებით და მგზნებარებით საუბრობდა, მიუხედავად მოწყენილობისა, მეც კი დავინტერესდი.

– მაშინ, როდესაც ჩვენი საამაყო ინგლისი სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, ამ ქვეყანაში უკვე შექმნილი იყო ხელოვნების და კულტურის ბრწყინვალე შედევრები! როდესაც ჩვენთან საფუძველი ჩაეყარა პარლამენტს, ამ ქვეყანაში უკვე არსებობდა მისი წინამორბედი, მეფის სათათბირო ორგანო. როცა ამერიკა შეიქმნა, სწორედ იმ დროს, ამ ქვეყანაში დაიბეჭდა მსოფლიო პოეზიის საგანძური, სიყვარულის და მეგობრობის ბალადა! სწორედ აქ, პირველად მთელ მსოფლიოში, ხმამაღლა ითქვა, რომ ქალი და მამაკაცი თანასწორნი არიან! ხვდებით, რა დონის ცივილიზაცია, საზოგადოების განვითარების რა დონე იყო ამ ხალხში?
ამ ქვეყანამ გაუძლო რომაელთა ლეგიონებს, ალექსანდრე მაკედონელს, ჩინგიზ ყაენის და თემურ ლენგის დამანგრეველ შემოსევებს და თითქმის მომაკვდავი, დანგრეული, ათასგზის გადამწვარი და დარბეული, სასწაული ძალით, ფენიქსისებურად ფერფლიდან აღდგებოდა! ისევ ახერხებდა არათუ გადარჩენას, არამედ უფრო შესანიშნავი კულტურის და გამაოგნებელი ისტორიის წერას!

სრულად გამოვფხიზლდი. თითქოს რაღაც ძალიან ნაცნობზე და ჯერ არდავიწყებულზე, ძალიან მშობლიურზე საუბრობდა მომხსენებელი. გარინდებული ვისმენდი თითოეულ სიტყვას და ფიქრმა გამიელვა: ,,ნუთუ? მაგრამ, საიდან, როგორ?” – მყისვე უკუვაგდე სულელური ვარაუდი.

ჰარისონი კი ისევ აგრძელებდა საგალობელივით: – ამ ქვეყანაში სიმღერით იბადებიან, სიმღერით შრომობენ, სიმღერით საუბრობენ და სიმღერით კვდებიან! მათთვის მუსიკა სულის საკვებია, რომლითაც საუკუნეებია, უზარმაზარ ურჩხულებს შორის მოქცეულები, აცოცხლებენ საკუთარ სახელს, საკუთარ ტრადიციებს და იდენტობას! ისინი უმღერიან სიცოცხლეს, უმღერიან მზეს, დიახ, მათ აქვთ მზის სადიდებელი სიმღერა, როგორც მადლიერების გამოხატვა სიცოცხლის მინიჭებისათვის!

ამ ქვეყნის შესწავლისას აღმოვაჩინე, რომ ეს ერი საკუთარ მიწას ღვთისმშობლის წილხვედრს უწოდებს! გეცინებათ? სრულიად ტყუილად! როგორ შეიძლება ამაში ეჭვი შეიტანო? სხვა რა ძალას შეეძლო გადაერჩინა ეს ერთი მუჭა ერი, რომელიც უძველესი ქალაქებით, კულტურის უძველესი ძეგლებით და საკუთარი, უნიკალური დამწერლობით იწონებს თავს?

ამ ქვეყანამ სამყაროს აჩუქა შოთა რუსთაველი, ვაჟა-ფშაველა, ვახტანგ ჭაბუკიანი, დავით აღმაშენებელი. ალბათ, ბევრს არ გსმენიათ ჩამოთვლილი პიროვნებები, ხომ? ეს ჩვენი სირცხვილია, მაგრამ ზუსტად ვიცი, აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში, სამყაროს ყველა კუთხეში იცნობენ უდიდეს სამხედრო და პოლიტიკურ მოღვაწეს, მსოფლიოს ყველა დროის უძლიერეს მხედართმთავარს, ,,ფოლადის კაცად“ წოდებულ იოსებ სტალინს! დიახ, სტალინის ნამდვილი გვარია ჯუღაშვილი და ის ქართველი იყო!

ჰარისონის ბოლო წინადადებაზე დარბაზს გაოცებულმა შეძახილმა გადაუარა – აშკარად მოულოდნელი იყო მოსმენილი ინფორმაცია.

– მე სხვა პრეზენტატორებივით არ წარმოვადგენ დოკუმენტებს ნიშნად ამ ერის უნიკალურობისა. მე მინდა, მხოლოდ მათი კულტურული შემოქმედების რამდენიმე ნიმუში წარმოგიდგინოთ, რომელიც სრულყოფილად დაგვანახებს ამ ქვეყნის სახეს!

უცებ საკონცერტო დარბაზი ქართული ,,დაისის“ ჰანგებით გაივსო. უზარმაზარ მონიტორზე ავაზასავით შემოვარდნენ ქართული ნაციონალური ანსამბლის ,,სუხიშვილების“ სოლისტები. ,,დაისს“ ,,მთიულური“ მოჰყვა და .. ცეცხლი დაინთო! ცეცხლი კი არა, ეს იყო ხანძარი, ,,ალბერტ ჰოლის“ სტუმრების წინაშე წარმოდგენილი იყო ,,ჭეშმარიტად ქართული გენია, როკვით განფენილი“.

ალბათ ადვილად წარმოსადგენია, ამ დროს მე რა დამემართა! ეს იყო ის მომენტი, როდესაც სიტყვები სრულიად უძლური, უფერულია ემოციების და გრძნობების გადმოსაცემად. სრულყოფილად ვერც დარბაზში მსხდომთა ემოციებს აღვწერ, რადგან თავად მთვრალივით არეულს, აღქმა წამიერად დამიქვეითდა. ეს იყო სრული ფურორი! მთელი დარბაზი ფეხზე იდგა, სინქრონულად გაიძახოდა ,,ბრავო“-ს და უწყვეტად უკრავდა ტაშს. არ მახსოვს, რამდენი წუთი გრძელდებოდა ეს ყველაფერი. ვხედავდი, რომ ჩემს თვალწინ გაქრა მათი თავშეკავებულობა. იცინოდნენ, ყვიროდნენ როგორც სტადიონზე და ერთმანეთს ხელით რაღაცას ანიშნებდნენ მონიტორისკენ. მცირე პაუზის შემდეგ, ,,სულიკოს“ მელოდიამ გამომაფხიზლა და სხეულში დენივით გამიარა. ვიცოდი, რომ ეს სიმღერა ბევრ ენაზე იყო ნამღერი, მაგრამ მთელი დარბაზი ასეთი სიზუსტით და ასე ერთხმად ამღერებული, აქამდე მხოლოდ ,,ქუინის“ კონცერტზე მყავდა ნანახი.
სიმღერის დასრულების შემდეგ, ჰარისონმა, რომელიც სახეგაბადრული და ბედნიერი იდგა სცენაზე, ხელის აწევით სთხოვა აუდიტორიას დამშვიდება, შემდეგ კი ხმამაღლა განაცხადა: როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, ჩვენთან იმყოფება ამ ქვეყნის ერთადერთი წარმომადგენელი, რომლის სტუმრობის შესახებ არავინ ვიცოდით. მივესალმოთ მას და ერთხმად ვუთხრათ მადლობა იმისთვის, რომ არსებობენ! – ჰარისონი შემობრუნდა და ორივე ხელი ჩემკენ გამოიშვირა. არ მახსოვს, როდის წამოვდექი, რას ვამბობდი, რას ვაკეთებდი, რას ვლუღლუღებდი არეული.. ვიდექი ფეხზე, თავზე დამნათოდა საკონცერტო დარბაზის პროჟექტორი და ვგრძნობდი დამსწრეთა ჩემკენ მომართულ მზერას.

მხოლოდ იმ წამს მივხვდი, თუ რა ბედნიერება მხვდა წილად, რომ ქართველად დავიბადე. მივხვდი, რომ სწორედ იმით ვიყავი ამაყი და გოროზი, შექსპირის – ინგლისელებზე, ჰიუგოს და ნაპოლეონის – ფრანგებზე, ველასკესის და სერვანტესის – ესპანელებზე, მიქელანჯელოს და იულიუს კეისრის იტალიელებზე აღმატებული და უფრო დიდი, რომ მე, ამ ერთი ციდა, მაგრამ უზარმაზარი გულის და სიამაყის მქონე ერის ნაწილი ვიყავი, რომელიც ვერ გააქრო სამყაროდან თავად უკვე გამქრალმა მაკედონელის იმპერიამ, დაშლილ-დანაწილებულმა რომის იმპერიამ, ათასგზის იავარქმნილმა ბიზანტიამ, მრავალჯერ სახელ და სახეცვლილმა ირანმა და ოსმალეთმა.

მოძალებული ემოციების გამო, თავი ვერ შევიკავე, სახეზე ორივე ხელი ავიფარე და ტირილი დავიწყე..
ვტიროდი ყველას წინ უხმოდ, მაგრამ დიდი ცრემლებით..
ვტიროდი, რადგან შემრცხვა ჩემი პატარა, ჯვარზე ათასჯერ გაკრული და არც ერთხელ ჩამოხსნილი სამშობლოს წინაშე.
ვტიროდი, როგორც უძღები, უმადური შვილი პატარა საქართველოსი და ამ ცრემლებით ვითხოვდი მისგან პატიებას.”