17 ნოემბერი, 2023

გალაკტიონ ტაბიძის გენიალური ფოტო

17 ნოემბერი გენიალური პოეტის გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა. მისმა უმცროსმა კოლეგამ გიორგი კეკელიძემ საინტერესო ამბავი გაგვიზიარა:

“არის ერთი სრულიად გენიალური ფოტო – გალაკტიონს მინერალური წყლის ბოთლი უჭირავს და ჰაერში ასხამს. ერთი შეხედვით, ყველას შემთვრალი კაცი ეგონება, ხელში ღვინით. უკან საგანგებოდ აქვს მიწერილი: ,, გალაკტიონ ტაბიძე მინერალური წყლის, “ვარძიის” ბოთლით ხელში. როდესაც სურათი გადაუღიათ, უთხოვია, არ დაებეჭდათ, რადგან “სხვებს ღვინო ეგონობათო”. 1955 წლის ივლისი. ’’ ეს რომ გადაიღო, ხომ იცოდა, რომ ეგონებოდათ. რომ თხოვა, ისიც ხომ იცოდა, რომ მაინც დაბეჭდავდნენ. ადრე თუ გვიან. განა გალაკტიონი არ სვამდა. სვამდა. ღვინოსაც. მაგრამ ხომ ხვდებით ახლა რისი თქმაც მინდა. ამიტომაც არის დიდი. უდიდესი მისტიფიკატორი. და ეს ფოტო, დედაჩემი სრვეულის მერე, არის ჩემთვის გალაკტიონი. და გალაკტიონ ტაბიძე დედაჩემის მათემატიკის სქელი რვეულია. ,,უსიყვარულოდ, მზე არ სუფევს ცის კამარაზე’’…

უკეთესები ლექსებიც აქვს? ვიცი. ვიცი. ბევრად უკეთესი. ისიც ვიცი, რაც ზეპირად გვახსოვს, უმეტესი მათგანი, ,,დაუზეპირებლებს’’ ბარემ ლურჯა ცხენების გაჭენების მანძილზე ჩამორჩება, მაგრამ მაინც. კითხვა რომ ვისწავლე, დედაჩემის გამოწერილი ლექსების რვეული იყო მათ შორის, რაც შემომაჩეჩეს. კი, ასეთი რვეულები არსებობდა მაშინ. რატომღაც მხოლოდ ქალებს ჰქონდათ. და იქ პირველი ეს ლექსი ეწერა, გამოყვანილი ასოებით და დიდი სიფრთხილით. პოეტობა ეს არის და არა რაღაც ანთოლოგიებს დართულ მიმოხილვებში მოხვედრა. პოეტი უნდა შეგხვდეს ყველგან. წიგნებში, რვეულებში, მატარებელში. პოეტი უნდა შეგვხდეს იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდები. პოეტი უნდა შეგვხდეს. და მერე გაგექცეს.

გალაკტიონის დღეა. გალაკტიონს გაუმარჯოს!”