2 ოქტომბერი, 2023

ვერიკო ჭუმბურიძემ მასტერლკასი გამართა

უნიჭიერესმა ქართველმა მევიოლინემ ვერიკო ჭუმბურიძემ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედის” მოსწავლეებისთვის მასტერკლასი გამართა. ამ ღონისძიებით რიგით მე-15 საიუბილეო ფესტივალი “ღამის სერენადები” ოფიციალურად დაიხურა.

ვერიკო ჭუმბურიძე, მევიოლინე:

– ჩავატარე მასტერკლასი “ნიჭიერთა ათწლედის” არაჩვეულებრივ ბავშვებთან. დაუკრეს ბახის, პაგანინის, სიბელიუსის, დონიცეტის ნაწარმოებები.
ჩვენმა მასტერკლასმა საკმაოდ სასიამოვნო გარემოში ჩაიარა. ძალიან მონდომებულები და ინტერესიანები არიან. ვისაუბრეთ მათთვის ბევრ საინტერესო თემაზე. ჩემი გამოცდილება გავუზიარე. ეს ჩემთვისაც საინტერესო იყო, რადგან რაც დღემდე ვისწავლე, სხვებს გადავეცი. ძალიან მაინტერესებს რა შედეგებს გამოიღებს ჩვენი შეხვედრა დროთა განმავლობაში. დიდი სიამოვნებით დავაკვირდები ამ პროცესს.

თამუნა მიქაძე, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი:

– არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის ლაურეატს, გერმანიაში მოღვაწე წარმატებულ, ახალგაზრდა ქართველ მევიოლინე, ვერიკო ჭუმბურიძეს, უკვე კარგად იცნობს ქართველი მსმენელი.
მინდა გითხრათ, რომ თბილისში გამართული მისი ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ, თავად „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეებმა გვთხოვეს და გამოთქვეს სურვილი, ვერიკოს მასტერკლასი ჩვენს სკოლაში ჩაეტარებინა.
ძალიან გვიხარია, რომ ვერიკოსთან და ფესტივალის „ღამის სერენადები“ შემოქმედებით ჯგუფთან ერთობლივი ორგანიზებით, 28 სექტემბერს, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედში“ შედგა დაგეგმილი შეხვედრა.
მასტერკლასმა ძალიან სასიამოვნო გარემოში ჩაიარა, ვერიკომ არაერთი პრაქტიკული რჩევა და გამოცდილება გაუზიარა ჩვენს მოსწავლეებს. გარდა იმისა რომ ის არის შესანიშნავი მევიოლინე, რომელსაც უკვე აქვს ინდივიდუალური საშემსრულებლო სტილი, ოსტატობა, პროფესიონალიზმი, არტისტიზმი და ქარიზმა. ვერიკო, როგორც პიროვნება, საოცარი კეთილშობილური ადამიანური თვისებებითაა შემკული. იგი განსაკუთრებული სითბოთი და ყურადღებით მიუდგა მასტერკლასში მონაწილე თითოეულ მოსწავლეს. ჩვენთვის, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ არამარტო „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეები და პედაგოგები, არამედ თბილისის სხვადასხვა სახელოვნობო სკოლების წარმომადგენლები.
მინდა უდიდესი შემოქმედებითი წარმატებები ვუსურვო ახალი თაობის შესანიშნავ ქართველ მევიოლინე ვერიკო ჭუმბურიძეს და იმედი მაქვს საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად იგი კვლავ ესტუმრება ჩვენ სკოლას.