კლასიკოსი მწერალი ოთარ ჭილაძე 1 ოქტომბერს გარდაიცვალა. მისი უკანასკნელი ჩანაწერები შემოქმედის სულიერ სამყაროს კიდევ უფრო ახლოს გაგაცნობთ:
“უკვე თვრამეტი დღეა, აქ ვარ, თითქმის სამი კვირა. შეიძლება, ცოტა უკეთ ვარ, შეიძლება! ოღონდ ისე არა, როგორც ექიმებს გონიათ. ამისათვის დიდი მადლობა ყველას, ვისაც მართლა სჯერა ჩემი მორჩენისა და ამის სურვილი აიძულებს ჩემს მოტყუებას.
…აი, მე მაინც მეტი სიამოვნება გამოვძალე ცხოვრებას, თუკი სიამოვნება ეთქმის უაზრო სმასა და უთავბოლო მრუშობას, იმიტომაც ვისჯები, ალბათ, ახლა. მაგრამ, განა ამისთვის უნდა ისჯებოდეს ადამიანი, რომელიც ისედაც დროებით, ხანმოკლე მივლინებითაა მოხვედრილი ამ ქვეყანაზე. სიკვდილი რაკი არსებობს, სხვა არანაირი სასჯელი აღარ უნდა არსებობდეს. სიკვდილის დაჩქარება უმაღლესი სასჯელია და სავსებით სამართლიანიც, ოღონდ , მხოლოდ მკვლელობისთვის, ანდა სამშობლოს ღალატისთვის. სხვა, ნებისმიერი დანაშაულისთვის… დასჯა, ჩემი აზრით, სიბრიყვეა – ბოროტმოქმედებს ამრავლებს მხოლოდ, თუ ვინმე გამოსწორებულა ციხეში, გარეთ უფრო მალე გამოსწორდებოდა; ვინც ციხეში გაირყვნა, გარეთ შედარებით გვიან გაირყვნებოდა.
წავალ, დავწვები საავადმყოფოში და “აკმეზე” ვიფიქრებ-მეთქი. ყვავს კაკალს გავაგდებინებ-მეთქი, აქ კი ათას სისულელეს ვფიქრობ, რაც კიდევ უფრო მაშორებს “აკმეს”.
სხვა რა მომცა საავადმყოფომ? საქმისთვის სასარგებლო, ალბათ, რაღაც მაინც მომცა, მაგრამ ეს მერე გამოჩნდება, უფრო მოგვიანებით და სრულიად სხვა გარემოში.
…
დღეს ნათლისღებაა. ყინული ჩავარდა წყალშიო – ხალხში ამბობენ დღევანდელ დღეს – ე.ი. გათავდა ქრისტეშობის ყინვებიო. შეიძლება ასეცაა, მაგრამ ჩემს პალატაში ძნელი შესამოწმებელია, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ხალხის რწმენა. იმდენი ვქენი, მაინც აქ აღმოვჩნდი ბოლოს. თუმცა, ალბათ ეს ერთადერთი ადგილია, სადაც უნდა ვიყო, საიდანაც შეიძლება იქ დაბრუნება, სადაც ჯერ არ მინდა ყოფნა, ცოტა ხანს მაინც, თუნდაც “აკმეს” (დაუმთავრებელი რომანი) ბედის გარკვევამდე. ბევრია? ბევრიც არის და ცოტაც. მხოლოდ ბევრი რომ იყოს, არ შევაწუხებდი არავის, პირველ რიგში, ღმერთს. ღმერთო, შენ იცი და შენმა სამართალმა. გული შეიძლება დამწყდეს, მაგრამ არ მეწყინება. არადა, ექიმებს რომ კითხო, ობიექტურად კარგად ვარ. არ ვკამათობ (რა აზრი აქვს?), მაგრამ სუბიექტურად ვერ ვგრძნობ ობიექტურ კეთილდღეობას…
2009 წლის 7 მაისს, სისხლიანი გიორგობის მეორე დღეს, კიდევ ერთხელ, მაგრამ ამჯერად საბოლოოდ, ვიწყებ წერას და უფალს ვთხოვ შემწეობას, ძალასა და შთაგონებას. მხოლოდ მისი ნებაა, მორიგი წარმატება იქნება, რის შექმნასაც შევძლებ თუ პირველი და უკანასკნელი მარცხი. შემდეგი ცდისთვის დრო აღარ რჩება. დროც უფლისგანაა განსაზღვრული. დიდება მის სახელს უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
ესა ვარ, რაც ვარ…
დღევანდელობა მაიძულებს, ეჭვის თვალით შევხედო წარსულსაც. ჩვენ უცნაური ხალხი ვართ – სინამდვილეს ლეგენდა გვირჩევნია. ჩვენი პირადი სიმპატიები გვყოფნის, ჩვენგან აჩემებული პიროვნება გავაღმერთოთ. პირადად მე, საქართველოს ეროვნული გმირი მაზნიაშვილი მგონია… მაზნიაშვილის გმირობამ საქართველოს გადაურჩინა სოჭის ოლქი (დროებით) და ბათუმი…”