22 ოქტომბერი, 2023

გიორგი კეკელიძის საოცარი წერილი

მწერალი და პოეტი გიორგი კეკელიძე საოცარ წერილს გვიზიარებს:

“იცით, რატომ აღარ მსურს, ჯერ რომ მოვკვდე? არ მინდა, ჩემს ძაღლს ეგონოს, რომ წავედი და მივატოვე. ჭიშკართან იწვეს, ყველა მანქანის ჩამოვლაზე თავს ოდნავ წევდეს, თვალს აყოლებდეს მოწყენილი და გაკვირვებული, რომ უკვე ათი დღე გავიდა, ოციც, ორმოცი და არცერთი მანქანა არ აჩერებს.

მაგრამ არც მისი სიკვდილი მინდა ვნახო. გახსოვთ, როგორ კვდებიან ძაღლები? როგორ უცნაურად: სადღაც მივარდნილ, მოფარებულ კუთხეს პოულობენ, თითქოს პატრონს ებოდიშებიან და რცხვენიათ – არ უნდათ დაენახონ: რახან აღმოჩნდა რაღაც ისეთი დიდი და საშინელი – მეგობრის გამოც რომ ვერ გაუძლეს და დანებდნენ.

ასე მგონია: ადამიანი, რომელიც ცხოველს ქუჩაში ტოვებს, საკუთარ თავში მხეცს ეპატიჟება.”

გიორგის ძაღლები ცუგი და კუსა