გაიცანით უნიჭიერესი ლუკა ორჯონიკიძე

უნიჭიერესი ადამიანებით მდიდარ საქართველოში ცხოვრობს 26 წლის გამორჩეული ბიჭი – ლუკა ორჯონიკიძე – თვითნასწავლი მხატვარი და ხატმწერი. წერს ზღაპრებს, ნოველებს, ლექსებს.

ლუკას უდიდესი სურვილია სამყარო ისეთი არ იყოს, როგორიც ახლაა და როგორიც სინამდვილეში!

–  ასე არაჩვეულებრივად რომ ხატავთ, თქვენი წინაპრების “ბრალი” ხომ არ არის?

– დიახ, ზუსტად რომ ჩემი წინაპრების ბრალია ხატვა რომ ვისწავლე, რისთვისაც მადლობის მეტი რა მეთქმის. ვგულისხმობ დედაჩემს, ის პროფესიონალი მხატვარია. ,,თურმე ნაყოფი ხისგან მოშორებით არ ვარდება”. დედასაგან გამომყვა ეს ნიჭი და დედაჩემის პაპისგან, რომელიც თავის დროზე თბილისის სხვადასხვა რესტორნის ბანერებს ხატავდა და ამზადებდა ტყავის ჩემოდნებს. ალბათ ეს უკანასკნელიც მისგან მერგო, რადგან მეც მაქვს ნიჭი დავამზადო მსგავსი ნივთები და დეკორაციები. შარშან ონლაინ მაღაზიაც კი გავაკეთე და ძალიან წარმატებულიც გამოდგა. პაპა კი, სამწუხაროდ, 29 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ თურმე გენები თავისას შვრება.

– ქართველი ვარსკვლავების საუცხოო პორტრეტები გაქვთ. როგორ არჩევთ, ვინ დახატოთ?

– იცით, ძალიან მინდოდა რაიმე ისეთი გამეკეთებინა, გამორჩეული, რაც ჯერ არავის გაუკეთებია. რაშიც თავს კომფორტულად ვიგრძნობდი და მე მას მივაგენი, მე ვხატავ იმ მსახიობების პორტრეტებს, რომლებიც თავის დროზე ჩვენთვის ბევრჯერ წაქცეულან და დაცემულან სცენაზე, ხშირად უტირიათ და უცინიათ ჩვენთვის, ჩვენთვის უცხოვრიათ ბევრჯერ, რადგან იმ ეპოქის არტისტები რეალურები იყვნენ, მაშინაც როცა თამაშობდნენ სცენაზე. მიხარია რომ ამხელა პატივი ვიტვირთე და მე დავუტოვებ საქართველოს მათ პორტრეტებს. არჩევით არ ვარჩევ, რადგან ვაპირებ სადამდეც შევძლებ ყველა ის არტისტი დავხატო, ვისგანაც რაიმე დაგვრჩა.

ზოგადად, ძალიან მიყვარს პორტრეტების ხატვა და ხშირად მეკითხებიან თუ რატომ? იცით, ერთი საოცარი კანადელი მხატვარი ქალი იყო, სახელად მაუდ ლუისი, ის ამბობდა, რომ ,,მთელი სამყარო ფანჯრის ჩარჩოშია მოქცეული, აქ შენს პირდაპირ”. ეს ნამდვილად საოცარი სიტყვებია! მეც მსგავსად ვფიქრობ, რომ: მთელი ადამიანობა, სილამაზე, შიში, ბედნიერება და უბედურება, მთელი ცხოვრება ადამიანის თვალებშია მოქცეული და მისი დახატვა ყველაზე რთულად მეჩვენება, რადგან მთავარი ის კი არ არის, თვალებს როგორი სიზუსტით დახატავ, არამედ თუ როგორი ემოციით დახატავ და თუ დაინახავს ამას სხვა ადამიანი. ბევრი ამას ვერ ხედავს, მე ასე ვფიქრობ! და კიდევ ვფიქრობ, მხატვრის თვალები თუ გინდა დაინახო, თავადაც მხატვარი უნდა გახდე, თუ მხატვრის მიერ შესრულებული პორტრეტის თვალები გინდა რომ დაინახო, მაშინ თავად ის მხატვარი უნდა გახდე, ვინც პორტრეტი შექმნა.

– რა არის ის მთავარი დეტალი, რაც აუცილებელია თქვენთვის, როგორც მხატვრისთვის მუშაობის პროცესში?

– ჩემთვის აუცილებელია სიმშვიდე, არა მხოლოდ გარეგანი, არამედ შინაგანი სიმშვიდე და მუზა, კლასიკური მუსიკა, ოპერა, ჯაზი და ძალიან მიყვარს წვიმა ,,მე წვიმის კაცი ვარ”. ვერ აგიღწერთ როგორ მეხმარება წვიმა, რომ იყოს ჩემთან ამ დროს მუზა…

– მხატვრების უმრავლესობას შეკვთებზე მუშაობა არ უყვარს. თქვენ?

– ხოდა, მეც მათ რიგებს მივეკუთვნები და შეიძლება მეტადაც, არ მიყვარს ვხატო ის, რაც სხვას სურს, ამაში ბევრი მხატვარი დამეთანხმება დარწმუნებული ვარ. ხშირად მაქვს შეკვეთები, ამიტომ მიწევს რამოდენიმე თვეზე გადავანაწილო, მაგრამ ამ პერიოდში ხომ კიდევ მიკვეთავენ, ამიტომ დრო, რომ ვაკეთო ჩემი ჩანაფიქრი, თითქმის არ მრჩება, ეს კი ხშირად იმის მიზეზი გამხდარა, რომ ხატვის მთელი სურვილი დამკარგვია, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს, მასალა და უამრავი რამ მჭირდება, ამიტომ საწუწუნო არაფერი მაქვს. ყველას დიდი მადლობა, ვინც მიკვეთავს.

– ლუკა, 17 წლის ასაკში მონასტერში წახვედით…

– ასე ვფიქრობ, რომ მონასტერში გავიზარდე, იქ 17 წლისა წავედი და 6 წელი ვიცხოვრე მორჩილის სტატუსით. ვიტყოდი ჩემი ცხოვრების დაუკარგავი 6 წლი იყო და თუ შემეკითხებით, წავიდოდი თუ არა კიდევ? მე გიპასუხებთ, რომ წავიდოდი! თუ შემეკითხებით, რატომ წამოვედი? მე გიპასუხებთ, რომ ადამიანები ცხოვრებაში ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებენ და ეს შეცდომა ზუსტად ჩემო წამოსვლა იყო, უმიზეზოდ, მაგრამ ჩემი სურვილები, როგორც იტყვიან ხოლმე ,,ცხრა პარასკევი აქვსო”, აი, ასეა. არ ვიცი, შეიძლება ოდესმე ისევ წავიდე მონასტერში, ყველაფერი ღმერთის ნებაა!.

– როგორც წესი უმრავლესობა ტაძრისკენ დიდი გასაჭირის ან უდიდესი ტრაგედიის დროს იხედება. თქვენც მათ რიცხვს ხომ არ მიუკუთვნებით? 17 წელი არ არის ის ასაკი, რომ სულიერებაზე ასე ღრმად დაფიქრდეს ადამიანი…

– დიახ, ამის ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცი. ღმერთი მაშინ გვახსოვს, როცა გვიჭირს, ეს ძალიან სამწუხაროა. ჩემს შემთხვევაში ასე არ ყოფილა, რადგან ბავშვობიდან ეკლესიაში დავდიოდი, მაშინ ჩემი მოძღვარი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე იყო, ასევე დედაჩემის ძმა მამაოა დეკანოზი დავით მაისურაძე, ამიტომ ჩემთვის უცხო არასდროს ყოფილა ეკლესია, მაგრამ მონასტერი ჩემთვის სრულიად უცხო იყო, თუმცა ასეთ ასაკში ისეთი ძლიერი სურვილი გამიჩნდა, რომ მონასტერში მეცხოვრა და ჩემი ცხოვრება ღმერთისთვის მიმეძღვნა, ვერ აგიღწერთ მას. უბრალოდ წავედი, არაფერზე ვფიქრობდი, თუ რა სიძნელეები შეიძლებოდა იქ დამხვედროდა, თუმცა ღმერთის წყალობით, ყველაფერი კარგად იყო. როგორც ხალხისგან მესმოდა, სულ უცხო ადამიანები მონასტერში მოდიოდნენ და მეკითხებოდნენ, შვილო, რამდენი წლის ხარ? რატომ გადაწყვიტე მონასტერში ცხოვრება? ამაზე პასუხი არ მქონდა, უბრალოდ მინდოდა. ეს დიდ სიხარულს მანიჭებდა. იმაზე ფიქრი მახარებდა, რომ შემეძლო ღმერთისთვის ჩემი ცხოვრება მიმეძღვნა, აი, უბრალოდ ასე იყო ყველაფერი.

– არ გაქვთ სურვილი, მოაწყოთ თქვენი არაჩვეულებრივი ნამუშევრების გამოფენა, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაგიცნოთ?

– დიახ, წინ დიდი გეგმები მაქვს… ამ ჩანაფიქრის დასრულების შემდგომ, ვაპირებ გამოფენა სხვადასხვა თეატრებში მოვაწყო, განსაკუთრებით იმ თეატრებში, სადაც ეს მსახიობები თამაშობდნენ. არ ვიცი რამდენად არის ეს შესაძლებელი და კარგი იქნებოდა. თუ თეატრის ხელმძღვანელობას თავად გაუჩნდებოდაა ამის სურვილი, რადგან მე ჩემს ფანტაზიებს არ გამოვფენ, მე ვხატავ იმ ადამიანებს, ვინც თავის დროზე თვითონ თეატრი შექმნეს და სული ჩაჰბერეს!.

ჩემი ბავშვობის ოცნება იყო გავმხდარიყავი ცნობილი, თუმცა არა როგორც მხატვარი, არამედ როგორც გამომძიებელი. სასაცილოა, მაგრამ ეხლაც მიყვარს ერკიულ პუაროს როლის მორგება. კიდევ მინდოდა მომღერლობა, ან კულინარობა და ეს უკანასკნელი ნაწილობრივ ავისრულე, თუ თავის ქებაში არ ჩამომართმევთ, ძალიან კარგი მზარეული ვარ.

მოკლედ, ცხოვრება ასე შეიცვალა და, აი. მხატვრობა ავირჩიე და, დიახ. მინდა. რომ ცნობილი მხატვარი გამოვიდე და, რაც მთავარია. განსხვავებული სხვებისგან.

პ.ს. დაათვალიერეთ ლუკას ნამუშევრები და დარწმუნდით, რომ უსაზღვროდ ნიჭიერი და გამორჩეული ხელოვანია.

ლია ელიავა ფილმში “მამლუქი”

ლეილა აბაშიძე ფილმში “შეხვედრა მთაში”

სერგო ზაქარიაძე ფილმში “ჯარისკაცის მამა”

ოთარ მეღვინეთუხუცესი ფილმში “დათა თუთაშხია”

ლევან უჩანეიშვილი ფილმში “კუკარაჩა”

ოთარ კობერიძე ფილმში “ბაში აჩუკი”

ზურა ყიფშიძე ფილმში “როცა აყვავდა ნუში”

ვერიკო ანჯაფარიძე ფილმში “მონანიება”