28 ოქტომბერი, 2023

ბესიკ ხარანაული: “ცოდვა ვარ!”

სიმართლის სადარაჯოზე მდგომი პოეტი ბესიკ ხარანაული თავის საყვარელ სამშობლოს  – საქართველოს და ქართველებს კიდევ ერთი შეძახილით გვაფხიზლებს:

მე და შენ ვართ საქართველო

მე და შენ ვართ საქართველო,
ორი ხეიბარი,
მე სიბერით დღე მაკლდება,
შენ კი მთა და ბარი,
გზაზე ვართ დაყუდებული,
როგორც მცხეთის ჯვარი _
მნახველები დაუდიან,
არ ურეკავს ზარი…
– ადექ, ზარო, დაურეკე,
იგრძნობს მთა და ბარი,
ადექ, ზარო, გაიგონებს
ცოცხალი და მკვდარი,
თუ ცოცხალმა არ გიშველა,
მკვდარი ბევრი არის,
უმალვე წამოცვივიან
აჩრდილების ჯარი,
ვინაც შეკრა თავის მკერდით
კავკასიის კარი,
ვინაც დაჰკრა მუზარადებს,
დააჩნია ბზარი…

მე და შენ ვართ საქართველო,
ორი ხეიბარი,
მე კიდევ უფრო ცოდვა ვარ,
ამის მოუბარი.