29 სექტემბერი, 2023

შოთა ნიშნიანიძის უძვირფასესი სიტყვები

არაჩვეულებრივმა პოეტმა შოთა ნიშნიანიძემ უძვირფასესი სიტყვები მიუძღვნა აფხაზეთის ომში დაღუპულ არჩილ მიშველაძეს. ის მწერალ რეზო მიშველაძის ერთადერთი შვილი იყო, რომელიც 20 წლის ასაკში რისეთის წინააღმდეგ ომს ემსხვერპლა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ლექსს კონკრეტული ადრესატი ჰყავს, იგი ეძღვნება ყველას, ვინც სამშობლოს შეწირა თავი.

“შენ არაერთხელ გაიპარე, სიკვდილში, ომში,
პატარა ბიჭი გაიპარე, ახლა ხარ დიდი…
შენ გაეპარე დედ-მამას და მომავალ ცოლ-შვილს,
შენ გაეპარე სიბერეს და სიბერით სიკვდილს.
შენ გაეპარე მყუდრო ლოგინს და მყუდრო ოთახს
და იმ წუთიდან აღარ იყავ დედის შემბრალე,
შენს სინდისს თურმე საცრისტოლა თვალები ჰქონდა
და სინდისს, ალბათ, ამიტომაც ვერ გაეპარე…
არც აფხაზია შენი მკვლელი, და არც ჩეჩენი,
სიკვდილს შენ თვითონ დაეძებდი ჯიქურ სარქენად,
ეჰ, შენი მკვლელი პირველ ყოვლის მამაშენია,
პაატას კვალზე ბავშვობიდან რომ შეგაყენა.
გადატეხილი, მშვენიერი ხარ კვიპაროსი
ჟამი კი მიდის რია რიით.. ლიტანიითაც…
შენი ტოლები გრიალებენ სადღაც კვიპროსზე,
ზოგნიც სამძიმარს აგზავნიან იტალიიდან…
ხვალ – ზეგ აფხაზეთს გადავლილი რისხვის გრიგალი,
დაიხსნის მიწას – ლტოლვილების ცრემლებით ნამულს
ადექი ბიჭო, ადექი და კვლავ გაიპარე…
შენი სიკვდილი კვლავ სჭირდება შენს ტანჯულ მამულს!..”