26 სექტემბერი, 2023

საუკეთესო წერილი ანა მანიანიზე

ლეგენდარულ იტალიელ მსახიობს ანა მანიანის კინომცოდნე გოგი გვახარიამ საუკეთესო წერილი მიუძღვნა:

“1973 წელს მანიანი უკანასკნელ გზაზე თითქმის მთელმმა რომმა გააცილა – ქალაქში არ მუშაობდა ტრანსპორტი, დაიხურა მაღაზიები. იტალიელები უკან მიჰყვებოდნენ მსახიობის ცხედარს და ერთი და იგივეს იმეორებოდნენ ”მშვიდობით, ნანარელა!”…
ნანარელა – ასე ეძახნენ სამშობლოში ანა მანიანის.

თავისი ერთ-ერთი უკანასკნელი ფილმის – ალბერტო ჯანეტის სატელევიზიო ციკლი ”სამი ქალი”, პრემიერა დიდი მსახიობის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე გაიმართა იტალიის ტელევიზიით. იმხანად მანიანის კინოში უკვე აღარ იღებდნენ, უფრო სწორად, თავად მსახიობი ამბობდა უარს შეთავაზებულ როლებზე. მის ამ უარს კრიტიკოსები სხვადასხვანაირად ხსნიდნენ: ზოგი წერდა, ამ შავ-თეთრმა მსახიობმა, რომელიც არასდროს ცნობდა სიკეთისა და ბოროტების, სიყვარულისა და სიძულვილის ნიუანსებს, ფერადი კინოს ესთეტიკა ვერ გაითავისაო; ზოგიც ჯიუტად ამტკიცებდა, მანიანის არ სურს ბებიების თამაში, თავის კლასიკურ იმიჯს უფრთხილდებაო…არადა, ხომ თქვა ერთხელ მსახიობმა, მე ვამაყობ ჩემი ნაოჭებითო და ისიც თქვა, რომ არ სურს იაფფასიან იტალიურ კომედიებში მონაწილეობა, რომ იგი ტრაგედიის ჟანრს ანიჭებს უპირატესობას.
კრიტიკოსები ამბობდნენ, რომ ანა მანიანი არასდროს თამაშობდა კამერის წინ – იგი, უბრალოდ, თავის თავს განასახიერებდა. შეიძლება ამიტომაცაა, რომ, უდიდესი წარმატების მიუხედავად თეატრში (მანიანიმ 20-იან წლებში პირველად სწორედ თეატრში სცადა ბედი), მეოცე საუკუნის ხელოვნებაში იგი დარჩა როგორც კინომსახიობი, რომელიც თავის თავს კი თამაშობდა, მაგრამ არასდროს განმეორებულა. ისიც ხომ ფაქტია, რომ ტრაგიკული სახეების მიმართ ლტოლვის მიუხედავად, ანა მანიანი არასდროს ქმნიდა დისტანციას თავის პერსონაჟებსა და მაყურებელს შორის. სიდიადე – ზოგჯერ მონუმენტურობაც კი – იყო, მაგრამ ეს სიდიადე ყოველთვის იჟღინთებოდა იუმორით და უბრალოებით.

გასაოცარი ხმა ჰქონდა, თითქოს სიმღერ-სიმღერით ლაპარაკობს. სხვათა შორის, მეტყველების ეს მანერა პირველად მისმა ყოფილმა მეუღლემ, რობერტო როსელინიმ, აღმოაჩინა. როცა მუშაობდა ნეორეალიზმის შედევრზე ”რომი ღია ქალაქია”, როსელინი ცდილობდა მაქსიმალურად წარმოეჩინა არა მარტო მანიანის განუმეორებელი პლასტიკა, არამედ მისი ხმის ტემბრი და მუსიკალურობა. ფილმის ეკრანებზე გამოსვლისა და როსელინის სურათის ფენომენალური წარმატების შემდეგ, როცა ანა მანიანი უკვე იტალიური კინოს ვარსკვლავი გახდა, მსახიობმა სიმღერაც კი დაიწყო.

ამას მოჰყვა მუშაობა ლუკინო ვისკონტისთან ფილმზე ”ულამაზესი”… სწორედ იმ დროს, როცა მანიანის ცხოვრებაში სერიოზული კრიზისი დაიწყო: რობერტო როსელინიმ მიატოვა და ცოლად ინგრიდ ბერგმანი შეირთო. ”ის მუშაობდა და თითქოს ამტკიცებდა, რომ უკეთესი მსახიობია, ვიდრე ინგრიდ ბერგმანი”, – იგონებდა ლუკინო ვისკონტი. მანიანიმ თავისას მიაღწია კიდეც: 50-იან წლებში მას უკვე ჰოლივუდშიც იღებენ და ამერიკული ”ოსკარის” ლაურეატიც ხდება. მაგრამ იტალიაში იწყება ეგრეთ წოდებული ”ეკონომიკური სასწაულის” ეპოქა. ახალ იტალიურ კინოში ნეორეალისტების ფილმებში დამკვიდრებული იმიჯი ”სტილიდან ამოვარდნად” ითვლება. ამიტომ ანა მანიანის ნაკლებად იწვევენ კინოში. გამონაკლისია პიერ-პაოლო პაზოლინი, რომელიც 1962 წელს იღებს ფილმს ”მამა რომა” – ანა მანიანი აქ ახალ ამპლუაში წარმოაჩენს თავის თავს: თამაშობს რომაელ მეძავს, რომლის შესახებ პეტრე მამრაძე ამბობს: ”არანაირი მეძავი არ არისო”.

მანიანიმ წარმოუდგენელი შეძლო – ერთი უბრალო მეძავი ქალი, რომელიც შვილის ბედნიერებისთვის იღვწის, ლამის რომის სიმბოლოდ, ”მამა რომად” გადააქცია:
პეტრე მამრაძე – ”ეს არ არის მეძავი. მოდელი ასეთია – ეს სიცოცხლე სიბინძურეა, მაგრამ მანიანი პირველივე კადრებიდან ბავშვის მომავალზე ლაპარაკობს. მას არც ხალისი, არც სიცოცხლის სიყვარული, არც ღირსება ასეთ სიტუაციაში დაკარგული არა აქვს.”

მანიანი რომის სიმბოლო გახდა არამარტო პაზოლინისთვის. თავისი უკანასკნელი როლი მსახიობმა ფედერიკო ფელინის ფილმში ითამაშა. ფილმში ”რომი” მან განასახიერა საკუთარი თავი – ცოტა არ იყოს დაღლილი, მაგრამ ძალიან ამაყი ქალი, რომელიც მშვიდობიან ღამეს უსურვებს ფედერიკოს. იგი ფელინის ამ შედევრით დაგვემშვიდობა და ფილმის პრემიერიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა.”