დავით თორაძის უკვდავი სიმღერა”ქარი კვლავ არხევს” ფილმისთვის “დღე უკანასკნელი, დღე პირველი” ირინა შერაზადიშვილმა არაჩვეულებრივად შეასრულა, რომელსაც აკომპანიმენტი პიანისტმა ნინო ჟვანიამ გაუწია:
“ქარი კვლავ არხევს ნაცნობ ლელიანს და ბულბულები ისევ მღერიან…
ბავშვობიდან მიზის ეს სიტყვები და სიმღერის საოცარი მელოდია, ინოლას დაუვიწყარი შესრულებით. თუმცა, ერთია, როდესაც ისმენ ნაწარმოებს და მეორეა, როცა ხელში ნოტებს იღებ და იწყებს მის შესწავლას.
ნოტები ხელში კი იმიტომ ავიღე, რომ დათო საყვარელიძეს გაუჩნდა იდეა, წინანდლის ფესტივალზე რახმანინოვის მარათონის კონცერტის დასასრულს ბისზე ირინა შერაზადიშვილს და მე შეგვესრულებინა დავით თორაძის უკვდავი რომანსი კინოფილმიდან “დღე უკანასკნელი, დღე პირველი” – მარათონი ხომ ლექსო თორაძის ხსოვნას მიეძღვნა.
1959 წელს დაუწერია დავით თორაძეს ეს მუსიკა. რომ ვარჩევდი, რაღაც ახალი კუთხით გავიაზრე ყველასათვის ასე ნაცნობი ჰარმონიები და დაუძლეველი სურვილი გამიჩნდა, ოდნავ ჯაზურ სტილში ამეღო ზოგიერთი აკორდი . თან ვფიქრობდი, 1959 წელს ჯაზი ჯერ კიდევ აკრძალული იყო საქართველოში (საბჭოთა კავშირში) და აი საიდან გაჩნდნენ ეს აკორდები ამ რომანსში-მეთქი? როგორ შეძლო დავით თორაძემ, იმ ეპოქის სული და სილაღისა და თავისუფლების სიმბოლო ჩაექსოვა ჩაკეტილ-ჩარაზული სივრცის შუაგულში შექმნილ მუსიკაში-მეთქი?!
კონცერტის მერე ნინო თორაძესთან საუბარში კი გავარკვიე, რომ ბატონი დავითი საოცრად კარგად იცნობდა ჯაზს, ჰქონდა არაერთი ფირფიტა საზღვარგარეთიდან (ვვარაუდობ ჩუმად) ჩამოტანილი და თავადაც ძალიან კარგად ასრულებდა ჯაზს. 1959 წელს!
აი, რასა იქმს თავისუფალი სული, ლაღი გონება და უდიდესი ტალანტი! ეს შედევრი ისე, უბრალოდ ხომ ვერ შეიქმნებოდა?! ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ ის უკვდავი ჩანაწერიც ფილმიდან სულ სხვანაირად მივისმინე და გავიგონე…
და მერე ყოველივე ამას ზედ დაეფინა ირინას სასწაული ხმა და აირია ერთმანეთში 60-იანი წლების დასაწყისის ქართული რეალობა და ოცნება (პარტიას არ ვგულისხმობ ), ჯაზი, აკადემიური სიმღერა, ინოლას ტკივილიანი ხმა, პეტრე გრუზინსკის სევდიანი ლექსი, დავით თორაძის გულში ჩამწვდომი მოტივები და ჰარმონიები… აირია და ახალ, ოდნავ განსხვავებულ მუსიკალურ სახედ იქცა.
ირინამ პირველად რომ მიმღერა, ამეტირა … მერე დავიფიცე, რომ კონცერტზე არ ვიტირებდი. უცნაურია ცოტაოდენ, დამეთანხმეთ! არადა ისე იმღერა, დაფიცებული რომ არ მქონოდა, ჩემი ცრემლები დაასველებდა როიალის კლავიშებს…
ყველანი ვხვდებით, რა ტკივილი ჩადო პეტრე გრუზინსკიმ ლექსში, ინოლა გურგულიამ – ნამღერში, დავით თორაძემ კი – მუსიკაში და ეს ტკივილი უნივერსალური აღმოჩნდა, ყველასათვის ნაცნობი და გასაგები… ამიტომ იყო, რომ კონცერტის მერე მოგვადგა სხვადასხვა ეროვნების, რასის, სქესისა და რელიგიური მრწამსის მსმენელთა დიდი ჯგუფი, რომელმაც გასნაკუთრებულად ბოლოს შესრულებული რომანსი გამოჰყო… წარმოდგენა არ მქონდა, რაზე იყო ეს სიმღერა, მაგრამ მწარედ ვიტირეო, გვითხრა ერთმა ულამაზესმა გოგონამ კორეადან…
ყველას, მიუხედავად ჩვენი ეროვნებისა, რასისა, სქესისა და მრწამსისა, შეგვიძლია იმის თქმა, რომ რაც უკვე გაქრა, წავიდა, ვეღარ დავიწყებთ თავიდან. და თუ ამას დიდი კომპოზიტორი გითარგმნის ყველაზე უნივერსალურ ენაზე, გითარგმნის, არ შემეშინდება ამ სიტყვის გამოყენება, გენიალურად, აბა როგორ ვერ იგრძნობ ამ ტკივილს, რომელიც ყველას გვაერთიანებს?!
უფ, მართლაც და…
განმეორება ძნელია, თუმცა…
მადლობა ღმერთს, რომ…
ვერხვები გველიან…
და ბულბულები ისევ მღერიან…
ხმის რეჟისორი – გიორგი გვარჯალაძე
ტრანსლაციის რეჟისორი – დავით გერსამია.”