2 აგვისტო, 2023

ვაჟა-ფშაველას წინასწარმეტყველება

ვაჟა-ფშაველას წინასწარმეტყველება

გენიოსმა ვაჟა-ფშაველამ ჯერ კიდევ წინა საუკუნეში იწინასწარმეტყველა, როდესაც ქართველი სოცდეკ-ბოლშევიკის გასამათრახებლად დაწერა – “ჭკუაზე მოსვლის მაგიერ,
გადაირიე თანთანა; აჩუქებ საქართველოსა, თუ ვინმემ დაგიკაკანა.”

კონსტანტინე გამსახურდია უმცროსი:

“რაც ამ რუკაზეა ასახული, მართლაც სამწუხარო და ტრაგიკული რეალობაა ჩვენი მრავალატნჯული ერის და მისი ისტორიისა, მაგრამ ეს ყოველივე, როგორც ის დღეს ვრცელდება, მიზნად ისახავს ისტორიის გაყალბებული ვერსიის დამკვიდრებას ხალხში, იმის წინაპირობების მიჩქმალვას, თუ რატომ მოხდა ასე.

ეს ტერიტორიები რუსმა და მათთან ჩაძმობილებულმა და მომავალში ბევრი თვალსაზრისით აღზევებულმა ქართველმა ბოლშევიკებმა გადასცეს თურქეთს, უფრო სწორად, ოსმალეთის იმპერიას, რომელიც ფორმალურად ჯერ კიდევ უნივერსალურ ხალიფატად ითვლებოდა და ბოლო სულთანიც ჰყავდა. (სეკულარული თურქეთის სახელმწიფო ბუნებაში 1923 წლიდან არსებობს ლოზანის კონფერენციის შემდეგ)
ვაჟა-ფშაველა წერდა ქართველი სოცდეკ-ბოლშევიკის გასამათრახებლად დაწერილ ლექსში ამ მართლაც წინასწარმეტყველურ სტრიქონებს:

ჭკუაზე მოსვლის მაგიერ,
გადაირიე თანთანა;
აჩუქებ საქართველოსა,
თუ ვინმემ დაგიკაკანა.

საიდუმლო მოლაპარაკებებში, რომელშიც ჩართული იყო ბოლშევიკთა ელიტა ლენინის, სტალინის და ტროცკის მეთაურობით 1920 წელს, პირდაპირ დაუსვეს ოსმალეთს შეკითხვა, მას შემდეგ რაც ბაქო დაუთმო ბოლშევიკებს და წითელ არმიას და ჯარიც აზერბაიჯანიდან გაიყვანა: რა უნდა გავაკეთოთ, რომ ოსმალეთი არ ჩაერიოს საქართველოს ოკუპაციაში და ხელები დაიბანოს? იქიდან იყო პასუხი: გადმოგვეცეს აღნიშნული ტერიტორიები. მათაც გადასცეს და მშვიდად მოახდინეს ქვეყნის ოკუპაცია 1921 წლის 25 თებერვალს. ამიტომ ამ რუკას უნდა ეწეროს: ოსმალეთის იმპერია (და არა თურქეთი) ოკუპანტის ხელშემწყობი და მასთან გარიგებულია. და თავადაც ოკუპანტი მისივე (ანუ მოსკოველთა) წყალობით გახდა – ეს ტერიტორიები ოფიციალურად გადაეცა.

ეტყობა, ვაჟას ტერმინს თუ გამოვიყენებთ, რაღაცამ მძლავრად “დაუკაკანა” ქართველ ბოლშევიკებს.

აი, ბათუმი უკვე აღარ დათმო ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ. ნავთობის ინფრასტრუქტურის გამო, ცხადია.”