ალბათ ბევრს გაუჭირდება დაჯერება, რომ გენიალური პოეტის – მუხრან მაჭავარიანის ბინა არაერთხელ დაცხრილეს. პოეტის ოჯახს აფეთქებით ემუქრებოდნენ და თავად მუხრან მაჭავარიანი დააპატიმრეს კიდეც.
ამ შემზარავ ისტორიას მისი მეუღლე ლამარა ბოკერია ისხენებდა:
“1994 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მუხრანი და აკადემიკოსი ვახტანგ ბოჭორიშვილი ქუჩაში, მიტინგზე დააპატიმრეს. წაიყვანეს საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში. ქამრები და ფეხსაცმლის თასმები დაახსნევინეს, დაჰკითხეს, პოლიციის უფროსს ვევედრებოდი: “გაათავისუფლეთ მუხრანი, დიაბეტი სჭირს და წამლები აქვს მისაღები-მეთქი”.
“ქალბატონო, სულ ზევიდან მაქვს ნაბრძანები მუხრანისა და ბოჭორიშვილის დაპატიმრება და ვერ გავათავისუფლებ”.
მთელი დღე პატარა ვიწრო ოთახში ისხდნენ…
გვიან ღამით, როცა პოლიციას გარს ხალხი შემოერტყა ყვირილით: “გაათავისუფლეთ მუხრანი და ვახტანგ ბოჭორიშვილიო!” – პოლიციის უფროსმა თავდებით გაათავისუფლა “დამნაშავენი”…
“ბოლშევიკური” რეპრესიები ჩვენი ოჯახის მიმართ ერთიორად გაძლიერდა.
ყველაზე უფრო შემაძრწუნებელი, დამთრგუნველი და დამამცირებელი იყო ის, რომ მუხრანს, პოეტს, ტყვია ესროლეს…
მოპირდაპირე სახლის სახურავზე ჩასაფრებულებმა ტყვიამფრქვევიდან დაგვიშინეს ტყვიები… ეტყობა, სწორად ვერ გათვალეს სართული, ტყვიები ქვედა სართულის მეზობლის საძინებელ ოთახს მოხვდა და ცეცხლი წაეკიდა, ბავშვი კინაღამ დაიღუპა…
ასე განმეორდა კიდევ რამდენიმე ხნის შემდეგ, მეორედაც დაცხრილეს ჩვენი ბინა… ნატყვიარები დღესაც ატყვია ჩვენს სახლს.
სასწრაფოდ ჩამოვხსენით კარებზე მიმაგრებული ლითონის აბრა, ამოტვიფრული მუხრანის სახელით და გვარით: “მუხრან მაჭავარიანი” და დღემდე ჩვენი ბინის კარზე არ აწერია მისი სახელი და გვარი…
მაგრამ არ გასულა დიდი დრო და შეიარაღებული პირები მაინც შემოიჭრნენ ჩვენს ბინაში. ექვსნი იყვნენ.
– ნაბრძანები გვაქვს: იარაღს ვეძებთო!..
– პოეტის ბინაში იარაღს ეძებთ?! – შევეკითხე.
– მუხრანი პოეტიც არის და ეროვნული ხელისუფლების წევრიც… ასე გვაქვს ნაბრძანები…
კარის სათვალთვალოდან გავიხედე და კიბის თავზე მდგომი კიდევ სამი შეიარაღებული დავინახე.
რასაკვირველია, ვერაფერი იპოვეს და წასვლისას ექვსიდან მხოლოდ ერთმა მოგვიხადა ბოდიში…
შეიარაღებულთა “ვიზიტმა” კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა მუხრანის ჯანმრთელობას…
ტელეფონით ხშირად გვირეკავდნენ და გვემუქრებოდნენ; ახლაც მახსოვს, ვიღაც გარეწარი ბოხი ხმით დამემუქრა: ქალბატონო, იცოდეთ, აგაფეთქებთ! თუ არ გჯერათ, გადმოიხედეთ აივნიდან, თეთრი მანქანა რომ დგას, იქ არის ბომბიო!
ცახცახით გავიხედე აივნიდან: თეთრი მანქანა მართლაც იდგა ჩვენს სადარბაზოსთან…
ასე დაემუქრნენ ჩვენს ვაჟიშვილს, ვანოს, რომელსაც პატარები ჰყავდა: ოთხი წლის მუხრანი და ორი წლის რატი.
– შვილებს დაგიხოცავთ, თუ არ გაეცლებით აქაურობასო!
ვანომ და მისმა მეუღლემ, ინგამ, გუდა-ნაბადი აიკრეს და ბავშვებიანად საზღვარგარეთ გადაიხვეწნენ…”