19 აგვისტო, 2023

ბესიკ ხარანაულის საგანგებო მიმართვა

1besik-xara.jpgპოეტი ბესიკ ხარანაული თითოეულ ჩვენგანს საგანგებო მიმართვას გვიგზავნის, რომელსაც “ცოცხლების მიმართ” ჰქვია:

“როცა ლაფში ჩამარხული მკვდრები
ფესვებს გაიდგამენ,
როცა ვარჯებს ამოიყრიან
და ჩაგვიხვევენ ქვესკნელში ტოტებით,
და, ჰაერი არ ჩაგვივა დახშულ ნესტოებში,
და ვერ გავინძრევით ბეწვისოდენადაც…
მაშინ გავიხსენებთ, როგორ ცრუ ვიყავით.
როცა დაგვეყრება ხევთა ხმა და გორთა ძახილი
და ყველაფრის დამნახავი ფრინველებიც მოფრინდებიან,
რომ ამოწმონ ჩვენი ბოროტება სამყაროს წინაშე,
მაშინ გავიხსენებთ, როგორ ცრუ ვიყავით.
მანამდე კი, ვიცოცხლოთ ლაფში
სანამდისაც ყველა ბავშვი არ გაჭაღარდება,
ვჭამოთ ლაფი, ვისუნთქოთ ლაფი,
გავიხსენოთ, როგორ ცრუ ვიყავით.
მაშინღა ვიტყვით:
“ყველაფერი ნამდვილად იყო.”