1 ივლისი, 2023

ლალი ბადურაშვილი ყველაზე მთავარზე

ლალი ბადურაშვილი ყველაზე მთავარზემსახიობი ლალი ბადურაშვილი არასდროს მალავდა, რომ არაჩვეულებრივ ფილმში “დიდოსტატის მარჯვენა” შორენა კოლონკელიძის როლზე ნაწარმოების ავტორმა – კონსტანტინე გამსახურდიამ შეარჩია:

“ჩემს მეუღლეს ფილმებში უჭირდა ჩემი გაშვება იმიტომ, რომ ახალგაზრდები ვიყავით ორივე. თეიმურაზს ძალიან კარგი სამეგობრო ჰყავდა და თვითონ იყო ხელოვნების მოყვარული, ყველა სფეროში მეგობრები ჰყავდა. თან თბილისიც პატარა იყო, ერთი პლეხანოვი იყო და ვერა. ვაკე არ არსებობდა და საბურთალო. ჩემი მეუღლე ძალიან არტისტული გახლდათ, მღეროდა, თამადობა იცოდა არაჩვეულებრივი. აბსოლუტურად თბილისელი ბიჭი იყო, არ უნდოდა ცოლის გადაღება კინოში. როცა ჩემი ფილმში დაკავების სურვილი გაუჩნდებოდათ, თეიმურაზი სულ ამბობდა, მსახიობი რომ მდომოდა, ცოლად მსახიობს მოვიყვანდი, მაგის მეტი რა იყოო. სულ იყო ლაპარაკი, გაუშვი თემო ლალი კინოშიო და სასაცილოდ არ ყოფნიდა. “დიდოსტატზე” კი უარის თქმა უკვე ვერ გაბედა, რადგან თვითონ კონსტანტინე გამსახურდია ჩაერია ამ საქმეში.

მე ხომ კოწიას არჩეული ვარ, ეს ყველამ იცის. მას პირდაპირ ვუთხარი – თქვენი შორენა ოქროსფერთმიანი და ცისფერთვალებაა, ბატონო კოწია-მეთქი.

მკაცრად გამისწორა – კოწია არ ვარ, კონსტატინე ვარ, ფილმი მაინც შავ-თეთრია, ეგ ფერები არ ჩანსო.

მერე ეკრანზე რომ მიყურებდა, გადაღებისას კმაყოფილი იყო: აი, როგორი სწორი ვარ, ხომ ხედავთ, შორენა როგორ ამართლებსო.

ახლა, 80 წელს გადავცილდი და შემიძლია ვიტრაბახო მისი შეფასებით: ვახტანგ ტაბლიაშვილს მიუბრუნდა და უთხრა, ლალიში არის ის, რაც შორენაში მთავარია – იგი მთლიანად ბიბლიურიაო.

შორენას მერე თუ კიდევ ვინმე რამეს შემომთავაზებდა, ყოველთვის კითხულობდა, რა ტიპის როლის თამაში მომიწევდა. აკადემიური როლები უნდა მეთამაშა. ახალგაზრდობაში შეყვარებულების როლები არ მოწონდა და თამამი კინოების წინააღმდეგი იყო.

ჩემი მეუღლე თენგიზ აბულაძეს, რეზო ჩხეიძეს, ელდარ შენგელაიას უფრო გაბედულად ელაპარაკებოდა, მაინც მისი თანატოლები იყვნენ. ვახტანგ ტაბლიაშვილი სხვა თაობა იყო, სხვა რანგი იყო და თვითონ კონსტანტინე გამსახურდია იყო გადამწყვეტი ფიგურა.”