5 ივლისი, 2023

ხელოვნების სასახლეს კრისტოფერ ანდერსონი ესტუმრება

ხელოვნების სასახლეს კრისტოფერ ანდერსონი ესტუმრება6 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების კულტურის ატაშე – კრისტოფერ ანდერსონი საქართველოს ხელოვნების სასახლეში სარესტავრაციო პროცესს დაათვალიერებს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გრანტის ფარგლებში წარიმართა.

აღნიშნული სარესტავრაციო პროცესი შეეხო დადიანების სასახლის უმნიშvნელოვანეს კოლექციებს. მათ შორის, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სამეგრელოს უფლისწულის, ნიკოლოზ დადიანის უნიკალური პორტრეტი, რომელიც დედოფლისეული სასახლის მთავარ საგამოფენო დარბაზში ეკიდა. სამწუხაროდ, პორტერტზე გაჩენილმა სოკოვანმა დაავადებამ მნიშვნელოვნად დააზიანა პორტრეტის ფერწერული ფენები და ნახატი სასწრაფოდ სარესტავრაციოდ ხელოვნების სასახლეშია გადმოტანილი.

ამავე გრანტის ფარგლებში რესტავრაცია უტარდება სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის, პრინც აშილ მიურატის და პრინცესა სალომე მიურატის პირად მემორიალურ ნივთებს.

სამთავრო ოჯახის წარმომადგენელთა ყოფის ამსახველი უნიკალური აქსესუარები – სპილოს ძვლისგან დამზადებული სავარცხლები, სარკის ბუდეები და სუნამოს ფლაკონები უმძიმეს მდგომარეობაში იყო. მათი რესტავრაციის შემდგომ, აღნიშნული ნივთები დადიანების სასახლეში პირველად გამოიფინება.

სარესტავრაციო პროცესი პროექტით ითვალისწინებს ისეთი ძვირფასი ქრისტიანული ხატების რესტავრაციასაც, რომლებიც თავის დროზე მთავარ დავით დადიანისა და დედოფალ ეკატერინეს სამლოცველოს ეკუთვნოდა. მოოქრული ფერწერული ფენები იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ მათი განადგურების აშკარა საფრთხე იდგა.

სარესტავრაციო პროცესს ხელოვნების სასახლის რესტავრატორები, კულტურის სამინისტროს პატრონაჟითა და კოორდინირებით ახორციელებენ. პროცესი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ სრულად დააფინანსა.