13 ივლისი, 2023

ევგენი კისინის საამაყო განცხადება

ცნობილი რუსი პიანისტი ევგენი კისინი საამაყო განცხადებას აკეთებს, რომელსაც მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი გვიზიარებს:

“როგორ ვამაყობ, მიყვარს და პატივს ვცემ ამ ღრმა, უნიჭიერეს და ბრწყინვალე მუსიკოსს, ერთ დროს მსოფლიოში აღიარებულ ვუნდერკინდს და დღეს ნამდვილ მოაზროვნეს მომდევნო თაობებშიც იგივე ხარისხის აღიარებით!

ევგენი კისინი!

მსოფლიო კლასიკური მუსიკის სამყაროს ნამდვილი ვარსკვლავი, ლონდონის მუსიკის სამეფო აკადემიის აკადემიკოსი, მიუნჰენის, ბერლინის, ჰონგ კონგის სამუსიკო უნივერსიტეტების და სხვა უამრავი პრესტიჟული კონსერვატორიის საპატიო დოქტორი და ა.შ.

Canadian Stir-თან ინტერვიუში:

”სანქციები, რომელსაც დასავლეთი ახლა პუტინის რეჟიმის მიმართ ახორციელებს, 8 წლის წინ რომ დაწესებულიყო, ყირიმის ანექსიის შემდეგ, ახლა უკრაინაში ომი არ იქნებოდა. მეტსაც გეტყვით: დასავლეთს ასეთი სანქციები რომ დაეწესებინა 2008 წელს, პუტინის საქართველოში შეჭრისა და სამხრეთ ოსეთის ფაქტობრივი ანექსიის საპასუხოდ, პუტინი არ მოახდენდა ყირიმის ანექსიას 5,5 წლის შემდეგ და შესაძლოა იმ დროისთვის ის არც ყოფილიყო ხელისუფლებაში. უფრო მეტიც, დასავლეთს რომ დაეწესებინა მსგავსი სანქციები 1999-2000 წლებში, ჩეჩნეთის გენოციდის საპასუხოდ, საქართველოსა და უკრაინაში შეჭრა ნამდვილად არ მოხდებოდა.

მე კარგად ვიცი ვინ არის პუტინი და რას უნდა ველოდოთ მისგან; თუმცა, ძალიან მიკვირს, რომ დასავლეთში არიან ადამიანები, ძლიერი დემოკრატიული მრწამსის ადამიანები, რომლებიც იზიარებენ იმ თვალსაზრისს, რომ დასავლეთი ამაოდ ირჯებოდა როცა თავს გამარჯვებულად გრძნობდა ცივ ომში. ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვისაც სრულიად საპირისპიროა აშკარა: დასავლეთი არ იქცეოდა როგორც გამარჯვებული ცივ ომში და ზუსტად ამიტომ გვაქვს ახლა ეს პრობლემები და ტრაგედიები. როცა საბჭოთა კავშირმა შეწყვეტა არსებობა, რატომ დაიმკვიდრა რუსეთმა ადგილი გაეროს უშიშროების საბჭოში? რატომ ხვდა წილად ეს რუსეთს ბოროტების იმპერიის დაშლის შემდეგ? ღირსეულ დემოკრატიულ ქვეყნებს, კანადას, ავსტრალიას თუ იაპონიას უნდა მიეღო ეს. . ახლა ჩვენ ყველანი ვხედავთ იმ პრობლემებს, რომლებიც სწორედ აქედან მოდის.

კომუნიზმის დაცემის შემდეგ დასავლეთი რუსეთს ისე უნდა მოპყრობოდა, როგორც გერმანიას ნაციზმის დაცემის შემდეგ. საბჭოთა ლიდერები საერთაშორისო ტრიბუნალს უნდა გაესამართლებინა; დასავლეთს უნდა დაეძალებინა რუსეთისთვის კანონგარეშედ გამოეცხადებინა კომუნისტური იდეოლოგია, ლიტერატურა და სიმბოლიზმი, აეშენებინა ათობით მემორიალი კომუნიზმის მსხვერპლთათვის, გამუდმებით მოენანიებინა და კომპენსაცია გადაეხადა კრემლის მრავალრიცხოვან მსხვერპლთათვის: ებრაელებისთვის, უკრაინელებისთვის ესტონელებისთვის, ლატვიელებისთვის, ლიტველებისთვის, ქართველებისთვის, პოლონელებისთვის, ჩეხებისთვისდა ა.შ. ”მეხუთე კოლონები” უკრაინასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში უნდა გადაეცა რუსეთისთვის, ისევე, როგორც სუდეტი და სილეზიელი გერმანელები გადასცეს გერმანიას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. დასავლეთს არაფერი გაუკეთებია და პოსტკომუნისტურმა რუსეთმა კომუნისტური პარტიის ყოფილი მდივნის, ბორის ელცინის ხელმძღვანელობით მაშინვე დაიწყო საგარეო პოლიტიკის გატარება დასავლეთის წინააღმდეგ მილოშევიჩის მხარდაჭერით… შემდეგ “დემოკრატიულმა” რუსეთმა მოახდინა ქართველების ეთნიკური წმენდა აფხაზეთში, წაართვა აფხაზეთი საქართველოს. დასავლეთმა კი ელცინს ამის უფლება მისცა და განაგრძო მისი მხარდაჭერა. ჩეჩნეთის პირველი ომის შემდეგაც კი, როცა 80 ათასი ადამიანი დაიღუპა, დასავლეთი მხოლოდ სიტყვიერი კრიტიკით შემოიფარგლა, მას არ დაუწესებია სანქციები რუსეთისთვის. ეს არის ფაქტები – სამწუხარო და სამარცხვინო ფაქტები.

რატომ არაფერი ასწავლა თითქმის ერთი საუკუნის წინანდელმა Git/\er-ის გამოცდილებამ დასავლელ პოლიტიკოსებს, რომ არ შეიძლება დიქტატორებსა და მკვლელებს მშვიდად უყურო,, მათ უნდა დაუპირისპირდე მაქსიმალურად მტკიცედ და ყველა საშუალებით, რომ ეს დასავლეთის არა მხოლოდ უფლება, არამედ მორალური მოვალეობაცაა.

სერიოზულად იმედგაცრუებული დავრჩი, როდესაც მივხვდი, რომ დასავლური პრინციპები, დასავლური იდეალები და დასავლური საერთაშორისო პოლიტიკა ერთი და იგივე არ არის, რომ დასავლელი პოლიტიკოსების უმრავლესობა ათწლეულების განმავლობაში ღალატობდა საკუთარ იდეალებსა და პრინციპებს. ამის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია ის, რომ ისრაელის დემოკრატიული სახელმწიფოს დაარსების დღიდან, დასავლელი ოპორტუნისტი პოლიტიკოსები აიძულებდნენ თავიანთ ბუნებრივ მოკავშირეს დათმობაზე წასულიყო ანტიდემოკრატიულ მტრებთან, რომლებიც ყოველთვის მზადყოფნაში იყვნენ მისი განადგურებისთვის. ახლა მხოლოდ შემიძლია მათ ვუთხრა, თუ თქვენ არ გააკეთებთ ყველაფერს, რათა დაეხმაროთ მამაც უკრაინელ ხალხს ამ ომში გამარჯვების საქმეში, მათი ქვეყნიდან აგრესორებისა და მკვლელების განდევნაში, ისტორია არასოდეს გაპატიებთ!”