19 ივლისი, 2023

არაჩვეულებრივი ისტორია ჰამლეტ გონაშვილზე 

ფენომენალური მომღერლის ჰამლეტ გონაშვილის ცხოვრებიდან ერთ-ერთ არაჩვეულებრივ ისტორიას პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი იხსენებდა, რომელიც ანსამბლ “რუსთავის” იტალიურ გასტროლს შეეხება:

“კონცერტი ტარდება ვენეციის მოედანზე. სამი ათასამდე კაცი ფეხზე დგას, ორი ათასი – ზის. მე ვეღარ ვაქტიურობ, მივეჩვიე ანსამბლის ყოველდღიურ საოცარ ფურორს და თან მეჩქარება, მინდა, კონცერტი დროზე დამთავრდეს, მოედნის კუთხეში ლუდის მაგიდა მაქვს შეკვეთილი.

ჰამლეტ გონაშვილმა “ჩაკრულო” შეუბერა, დაამთავრა და ინგრევა ვენეციის მოედანი ხუთი ათასი მსმენელის ტაშის გრიალით და შეძახილებით. მე ვდგავარ ჩემთვის და ტაშს არ ვუკრავ, ლუდზე ვფიქრობ. გვერდით ვიღაც იტალიელი კაცი ხმამაღლა და უდიერად მომმართავს, მეჩხუბება. ერთი სიტყვა კი გავიგე – “ლა დეგენერატო”. თარჯიმანი მოვიყვანე. როცა გავარკვიეთ, ვინ ვინ იყო და რა მოხდა, ორივემ სიცილი დავიწყეთ. ამ იტალიელ კაცს მეც თანამემამულე ვეგონე და გაოცებული მეჩხუბებოდა, – შე დეგენერატო, უკეთესი რა მოგისმენია, რომ ტაშს არ უკრავ და ამ ხუთი ათას ადამიანში ერთადერთი უვიცი იტალიელი შენ ხარო. ჩვენს სიცილ-ხარხარში კონცერტი დასრულდა და ის იტალიელი ჩვენ წამოგვყვა ლუდის დასალევად.”