16 ივლისი, 2023

ანიტა რაჭველიშვილი: “ძალიან მალე დავბრუნდები” 

ოპერის მომღერალმა ანიტა რაჭველიშვილმა შემოქმედებითი პაუზა აიღო და ათასობით გულშემატკივარს დაპირდა, რომ სცენას ძალიან მალე დაუბრუნდება:

“დიდი დრო გავიდა, რაც ბოლო ინფორმაცია მოგაწოდეთ ჩემს შესახებ. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ძალიან ავად ვიყავი. ბოლო წლები ჩემთვის ყველაზე რთული იყო. ჩემი ჯანმრთელობა სულ უფრო უარესდებოდა, თუმცა ვცდილობდი ვყოფილიყავი მხნედ და მემუშავა ჩემი ოჯახისთვის, ჩემი პატარა ანგელოზი შვილისთვის, ოპერისთვის და საყვარელი საქმისთვის.

ძალიან, ძალიან ვცდილობდი, მაგრამ უძლური აღმოვჩნდი. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, ივნისის დასაწყისიდან შემოქმედებითი პაუზა ამეღო და საკუთარი თავისთვის მიმეხედა. ძალიან ვწუხვარ. ეს ძალიან რთული გადაწყვეტილებაა.

ახლა თავს უკეთესად ვგრძნობ. ჩემს ჯანმრთელობაზე ექიმების საუკეთესო გუნდი ზრუნავს და ძალიან მალე დავბრუნდები. ჩემს ისტორიას ძალიან მალე მოგიყვებით და ბევრს გესაუბრებით იმ პრობლემებზე, რაც შეიძლება ქალებს გვაწუხებდეს.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მეუღლეს, ოჯახს, მეგობრებს, ადამიანებს, რომლებიც ყოველთვის მხარს მიჭერდნენ და გვერდით მედგნენ ყველაზე რთულ პერიოდებში.

უბედნიერესი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში არიან არაჩვეულებრივი ადამიანები და ბედნიერად და დალოცვილად ვგრძნობ თავს.

ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მომავალ შეხვედრამდე სცენაზე.”