მეფე თამარზე ძალიან საინტერესო და უმნიშვნელოვანეს ამბავს გვიზიარებს ისტორიკოსი ბექა ჭიჭინაძე:
“როგორ უნდა აიხსნას, რომ მე-12 საუკუნეში, ,,ოქროს ხანაში” საქართველოში არ აშენებულა არცერთი მასშტაბური კათედრალი ? სად იყო ქართველი მეფეების და განსაკუთრებით თამარის ყურადღება მიმართული ამ დროს ? აქეთკენ:
,,არამხოლოდ საქართველოში აშენებდა მონასტრებს, არამედ პირველყოვლისა პალესტინასა და იერუსალემში, კვიპროსსა და ღალიაში, სადაც ააშენა მონასტერი, შეამკო და უყიდა შემოსავლის წყაროები, კონსტანტინეპოლში კი აუშენა მეტოქები – ფილიალები, აქედანვე სიტყვა ,,მეტოქე”.
,,უზარმაზარი განძით გაგზავნიდა ნდობით აღჭურვილ პირებს და დაავალებდა მოეარათ ალექსანდრია, ლიბია, სინას მთა, მოიკითხავდა იმ ადგილების ეკლესია-მონასტრებს და ქრისტიანულ მოსახლეობას. ხოლო იერუსალემისთვის საუბარიც კი ზედმეტია, აგზავნიდა აურაცხელ ოქროს მონაზვნებისა და გლახაკებისთვის, ტყვეებს იხსნიდა, თვითონ იხდიდა ქრისტიანთა გადასახადებს და ყველანაირ გასაჭირში შველოდა. საბერძნეთი, მაკედონია, თრაკია, კონსტანტინეპოლის მონასტრები, ისავრია, კურუსეთი, შავი მთის და კვიპრის სანახები… აავსო ქველის საქმით.”
თამარი თავს მიიჩნევდა ,,ყოველთა ქრისტიანეთა მპყრობელად”, ამიტომ მისი ყურადრება პალესტინასა და ჩრდილოეთ აფრიკაში იყო მიმართული, იგი კოლოსალურ ხარჯებს იღებდა აქაურ ქრისტიანთა მფარველობისთვის, საქართველო ამგვარად იქცა მახლობელი აღმოსავლეთის ქრისტიანთა მთავარ მფარველად, ამიტომაა, რომ გარნისის ტრაგედია ასე შეიცხადეს ბაღდადის ქრისტიანებმა, ბაღდადის მიაფიზიტი პატრიარქი წერს: ,,და თავზარდამცემი ამბავი გავრცელდა, რომ ხვარაზმშამ დაამარცხა ქართველთა ლაშქარი და ტიფლისი აიღო”
მაგრამ მონღოლთა ბატონობის პირობებშიც ქართველები აგრძელებდნენ მახლობელი აღმოსავლეთის ქრისტიანების მფარველობას, ამიტომ აღმოსავლელ ქრისტიანებს საქართველო ისევ მთავარ ქრისტიანულ ძალად მიაჩნდათ, ეს კარგად ჩანს ჩემგან მოძიებული მე-13 საუკუნის კოპტური წინასწარმეტყველებიდან:
,,შვიდი სულთანი მოიკვლება და ღმერთი ქართველების ხელით წაიღებს ძლევას ისმაელის ძეთაგან, მათი მამათმავლობის და ქრისტიანთა მჩაგვრელობის გამო, ქართველები აიღებენ ბაღდადს და დაიწყებენ მის მართვას”
ისევ ზემოთქმულს რომ დავუბრუნდეთ, მე-12-13 საუკუნეებში საქართველოს მთელი ყურადღება მიმართული იყო პალესტინისა და ჩრდილოეთ აფრიკისკენ, ამ მიმართულებით სამხედრო ექსპანსიის განუხორციელებლობის კომპენსირებას თამარი ცდილობდა აქაური ქრისტიანული თემების კოლოსალური ეკონომიკური მხარდაჭერით, 1210-იანი წლების ეკონომიკური კრიზისი საქართველოში შესაძლოა ნაწილობრივ ამ უზარმაზარი ხარჯებითაც ყოფილიყო განპირობებული.
ამ დროის დასავლეთ ევროპაში თანხებს არა პალესტინის შენახვას, არამედ ადგილობრივი დიდი კათედრალების აგების წარმოსაწყებად იყენებენ – ნოტრ-დამი, შარტრი, ამიენი, ღანსი…”