შოთა ნიშნიანიძე მთავარი სათქმელით

პოეტი შოთა ნიშნიანიძე თავის მთავარ სათქმელს ყოველთვის საკუთარ პოეზიაში გადმოსცემდა.

“ხარი”

აგრემც ვალმოხდილ, ნაჯაფარ ბებერ ქედს ვენაცვალები,
სულ ნაღვლიანი რადა გაქვს ჯიღა, საცერა თვალები!
წარმართმა გხატე კლდეებზე, ათას მისნური ქარაგმით
და ხარი ღმერთად გიწამე, გწირე და გწირე ზვარაკი.
შენ გთხოვდა კაცის შენახვას უფალი ღმერთი იესო
და შენაც ერჩოლებოდი შიმშილს და სიღარიბესო.
ურმულით, გუთნისდედურით სულს ლევდნენ მამა-პაპანი
და მათთან ერთად შენც სწიე ქართლის ცხოვრების ჭაპანი.
აშენე ციხე-ქალაქი, ააგე ბევრი საყდარი,
რომ ქართველს აბჯარგაუხდელს მტერი ჰყოლოდა წამხდარი.
სისხლს ღვრიდნენ გუთნისდედები, ოფლს ღვრიდნენ მეციხოვნენი,
გუთნის ტარი და ხმლის ტარი საჭეა ქართლის ცხოვრების.
აღზევანს წაველ მარილზე, უფსკრულმა დამიტანაო,
საწყალობელად ბღაოდი, როგორც მოხუცი მამაო,
ცხადში ხომ მყავდი მეგობრად, შემშველებიხარ ზღაპარშიც,
ოფლში და პაპანებაში ერთად ვართ გამონახარში.
ფეხზე მაცმევდი ქალამანს, ყანწს მომაწვდიდი ნადიმში,
დაგკლავდით დიდ ზამთრობისას, – მაძღრად გვყოლოდა ბადიში.
ძეობა იყო – გლეხკაცი ისევ შენ გდებდა იმედებს,
ღრეობა იყო, ვაიმე, ისევ შენ გამოგიმეტეთ.
ქორწილი იყო… ვაიმე, მტკიოდა გული საღადრე,
წამოგაქციეთ ნაჯაფი და ყელი გამოგაღადრეთ.
ცხედარიც მიპატიოსნე აღაპ-ქელეხის წესებით…
დავჯექ და ჩემს მარჩენალზე ტირილით ვწერე ლექსები…
გვიმრავლდეს საქართველოში მიწის და მზის მოხარკედა
ხარივით მსმელი ვაჟკაცი – ხარითვალა და ხარქედა.
ნეტავი, ღმერთო, მეც მომცა ჯანი და მადა ხარისა,
სიტყვა – ხარივით გამწევი მამულის გასახარისად.
ვიყო ხარივით ამტანი, ვიყო ხარივით მომთმენი,
ჩემი პატარა ქვეყნისთვის მეც შევძლო ხარისოდენი.”