სამაგალითო გელა ჩარკვიანი

სამაგალითო გელა ჩარკვიანიგელა ჩარკვიანი ნამდვილად მისაბაძი პიროვნება გახლდათ თავისი უბრალოებით, მანდილოსნებისადმი დამოკიდებულებით, განათლებით, აზროვნებით, მუსიკალურობით…

„ჩემი ერთ-ერთი თვისება, რომლითაც მოიხიბლა ნანა, უბრალოება იყო. ჯერ იყო და გაცნობისთანავე არ ვიუარე, როცა შემომთავაზა, რახან ფული არ გაქვთ, კონცერტის ბილეთს მე გიყიდითო.

შემდეგ, როცა უკვე ყოველდღე, დილიდან, პოლიტექნიკური ინსტიტუტის აუდიტორიის ნაცვლად, მის ბინაში ვიჯექი (გაცვეთილ დივანზე), აზრი ჩემი განსხვავებულობის შესახებ კიდევ უფრო გაუმყარდა.

ერთხელ გამიმხილა, რომ ძალიან უყვარდა ხინკალი, მაგრამ ,სამწუხაროდ, ამ სიამოვნებას მოკლებული იყო, რადგან თბილისში (იმ დროს) ქართველი გოგოს სახინკლეში შესვლა მიუღებელი იყო.

დიდხანს არ მიფიქრია, წავალ და მოგიტან-მეთქი, ვუთხარი. როგორ მოიტანო, გაიკვირვა. „ქვაბი გამატანე და სახინკლიდან წამოვიღებ“. – ვუპასუხე. „მოიცა, ვერ გავიგე. ქვაბით ხელში ივლი რუსთაველზე?“ – გაოცებისაგან დიდი თვალები აუჟუჟუნდა. „ვითომ რა ასეთი დიდი ამბავია ქუჩაში ქვაბით სიარული? მომეცი და წავალ“. „აკრძალული კი არ არის, მაგრამ ხომ იცი ჩვენი ხალხი…“ „მომე, მომე და დღეს სწორედ ფულიც მაქვს, შენ არ გამოგართმევ.”

წინა საღამოს ტრიკოტაჟის ქარხანაში ცეკვებზე დავუკარი. იქ რუსი ქალები მუშაობდნენ და საღამოობით ზოგჯერ ცეკვები იმართებოდა. სამნი ვუკრავდით: მე – პიანო, ნუგზარა (გვარი არ მახსოვს) – ბასს და მიშა ბაიდენკო – დრუმს. 75 მანეთს გვაძლევდნენ და ვიყოფდით.

ყველაზე კარგ ხინკალს მაშინ ველიამინოვის ქუჩის სახინკლეში ამზადებდნენ და იქ წავედი. უკანა გზაზე სავსე ქვაბი ორი ხელით მეკავა და ხალხი მართლა მიყურებდა. ვიღაც გოგოებმა გვერდზე რომ გამიარეს, ჩაიკისკისეს. სამაგიეროდ, ნანა საოცრად კმაყოფილი დარჩა და მას შემდეგ რუსთაველზე ხინკლით სავსე ქვაბით სიარული, გამვლელთა ყურადღება და დროდადრო გოგოების კისკისი ჩემთვის ჩვეულ ამბად იქცა.

დღემდე ვერ ვამბობ დაზუსტებით, ეს მოსკოვში გატარებული წლებიდან გამოყოლილი უბრალოება იყო თუ ექსცენტრიული ქცევით უწყინარი, მიკროამბოხის დემონსტრირების სურვილი. თუ ორივე.”