24 ივნისი, 2023

რუსი მწერალი ევგენი მარკოვი ქართველებზე

რუსი მწერალი და მოგზაური ევგენი მარკოვი ქართველების შესახებ: წერდა:

“ევროპა და განსაკუთრებით რუსეთი , ჯერ კიდევ ვერ მიხვდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის ისტორიული მისია , რომელიც საქართველომ თავისი მრავალსაუკუნოვანი ტანჯვითა და ქართველთა ეროვნული თავდადებით ევროპული ქრისტიანობის წინაშე შეასრულა.

ქართველი ერი – ეს არის ჭეშმარიტად ჯვაროსანი ერი.

როგორც ჯვაროსანი რაინდის ცხოვრება, ამ ერის ცხოვრებაც იყოფოდა ლოცვად და სისხლიან ბრძოლად მუსლიმი დამპყრობლების წინააღმდეგ. ათას წელზე მეტია ამ ერს ხელიდან არ გაუგდია ხმალი და თუ ბევრი მათგანის სამოსზე ქრისტიანული ჯვარი არ იყო ამოქარგული, სამაგიეროდ, ის ჩაქარგული იყო ყოველი ქართველის გულში.

სწორედ ამრიგად იქცა საქართველო ევროპული ქრისტიანობის მოსაზღვრე და მის სანაპირო ციხედ, რომელიც პირველ და უსაშინლეს დარტყმებს ყოველთვის თავის თავზე ღებულობდა, რის გამოც ევროპის ამ პატარა მოკავშირემ კონტინენტის უსაფრთხოებისთვის ისტორიული მნიშვნელობის მქონე უდიდესი სამსახური გასწია.

მიუხედავად ყველაფრისა, ამ ერმა შეინარჩუნა თავისი სილამაზე, ენა, ადათები, ტრადიციები და, რაღა თქმა უნდა, სარწმუნოება!

აღმოსავლეთის დიდძალმა ისლამურმა სახელმწიფოებმა თავისი ენერგია და ფანატიზმი ძალიან ბევრჯერ მიმართეს პატარა საქართველოს შეუდრეკელი მკერდისკენ და მიუხედავად იმისა , რომ მათი კლანჭები ბევრჯერ მოსწვდა საქართველოს და ჩრდილოეთით მცხოვრებ კავკასიელ ხალხებს, რომელთა დიდი ნაწილის გამუსლიმება შეძლო, თვითონ ქართველები მაინც ქრისტიანებად დარჩნენ და ისლამის წინსვლა საბოლოოდ სწორედ საქართველოში შეაჩერეს.

ქრისტიანული საქართველოს ტაძრები და ამ ტაძრის თავზე აღმართული ჯვრები სულ უფრო ზევით იწევდნენ, იმალებოდნენ, მაგრდებოდნენ, ძლიერდებოდნენ და ასე ქრისტიანულად აგრძელებდნენ კაშკაშს. საქართველოს ამ ზეაწეული ტაძრების ფეხთან რჩებოდა ისლამური ოქროს ნახევარმთვარე, რომელსაც ზევიდან ამაყად გადმოჰყურებდა ქრისტიანული ჯვარი.”