16 ივნისი, 2023

ნიკოლოზ წულუკიძის უძვირფასესი ვიდეო

თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძის მიერ მოყოლილი ნებისმიერი ამბავი, უამრავ საინტერესო ჟა მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

“არტ ინფო” ერთ-ერთ მათგანს გიზიარებთ:

“როგორც არაქუთაისელი ვიტყვი, რომ ჩემთვის არის ნომერ პირველი და რატომ: ქართული კულტურული ყოფა დაწყებული კინო, თეატრი, ლიტერატურა, უმეტესწილად ნასაზრდოები არის ქუთაისიდან. ვასილ ამაშუკელმა პირველი ქართული კადრი “აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში” ქუთაისში გადაიღო.

თბილისელები რითი ვამაყობთ? ყველაზე თბილისური ფილმი არის “ვერის უბნის მელოდიები”. მრეცხავი ვარდოები რომ რეცხავენ სარეცხს, ქუთაისშია გადაღებული. ყველაზე თბილისური სასმელი არის ლაღიძის წყალი, რომელიც მიტროფანე ლაღიძემ ქუთაისში შექმნა.

ყველაზე ავთენტური ქართული ქალაქი არის ქუთაისი, რომელსაც რეზო გაბრიაძემ დაწყებული სურნელით, “მატა ბალანჩივაძის ქვრივის გაბზარულ თეფშზე შემოწყობილი მოხარშული მსხლის სურნელი” ტრიალებსო, ეტყობა მაშინ მოხარშულ მსხალს ამზადებდნენ, დამთავრებული ნიავის მოძრაობით, ყველაფერი განუსაზღვრა.

ჩვენწელთაღრიცხვამდე ჩამოთვლილი 20 ქალაქიდან დღეს არის მოქმედი ქალაქი მხოლოდ 1 და ეს არის ქუთაისი. პირველი კლასიკური გიმნაზიის დაფიდან, ვინც სწავლობდა ამ სკოლაში, მარტო ნიკო ნიკოლაძე რომ ავიღოთ, მსოფლიოში იყო პირველი, რომელმაც ჟენევაში ფრანგულად დისერტაცია დაიცვა მშვიდობაზე და განიარაღებაზე. ანუ პირველმა მსოფლიოში მშვიდობაზე ლაპარაკი დაიწყო ნიკო ნიკოლაძემ. ჟენევიდან საქართველოში რომ ჩამოვიდა, მარსელ დეპრემ მოწერა წერილი “ჩვენ ახალი კოშკი გვინდა დავდგათ პარიზში, არქიტექტორი ეიფელი მუშაობს და ვერ მოვიფიქრეთ კონსტრუქცია, რომ ღილაკს თითი დავაჭიროთ და პარიზი განათდესო”. ჩადის ნიკო ნიკოლაძე, რამდენიმე თვე მუშაობს პარიზში და ეიფელის კოშკი რომ იდგმება, აჭერს თითს ღილაკს და პარიზი ნათდება. იცნობს ეიფელს, მერე უკვეთავს რომანოვებთან ერთად იმ ხიდს, რომელიც ეიფელმა დაამზადა და ბორჯომიდან მივდივართ ბაკურიანში… ჩამოდის, აგებს რკინიგზას… დაწყებული ტერმინოლოგიიდან “ორთქლმავალი”, “ლიანდაგი” – ტერმინოლოგია შექმნა – და ყველაფერი მისი დამსახურებაა.

რომ ჩამოვიდა, უთხრეს, ფოთი ააშენეო. ამოიღო ჯიბიდან ეიფელის კოშკიდან ჩახატული პარიზის ზედხედი და ფოთი არის ერთადერთი ქალაქი, რომელიც ჯერ დახატულია და შემდეგ აშენებულია. ფოთს აქვს ზემოდან ამომავალი მზის ფორმა, 12 მოციქულის აღსანიშნავად 12 ცენტრალური ქუჩა შედის ცენტრალურ მოედანზე, რომელზეც აია სოფიას ანალოგის ტაძარი დგას. ჯერ კანალიზაცია გააკეთა, ჩინელებს პალიასტომი მიყიდა ბრინჯი დათესეთო და იმ ფულით პორტი ააშენა… ცხადია, მერე გამოაგდეს ფოთიდან, აბა, ჩვენ ხომ მადლიერები არ ვართ.

მერე უთხრეს, სამტრედიაში რკინიგზა დააგე, ჩამოდიო და ელოდებიან სამტრედიელები, რომ რკინიგზა უნდა დააგოს ნიკო ნიკოლაძემ. დიდი ჯიხაიშიდან ხედავენ, რომ მოდის კაცი ჟენევაში დისერტაციადაცული, ექვს ენაზე ლაპარაკობს, 80 წელს გადაცდა ინგლისური რომ ისწავლა და მოდის ვიღაცა კაცი, ველოსიპედზე ზის, აცვია ბრიჯები, გადაკიდებული აქვს ჩოგბურთის ჩოგანი, გვერდზე შებმულია ერთკაციანი ეტლი, სუნამონაპკურ მარაოს ინიავებს ქალი – ცოლი – ოლღა გურამიშვილი, რომელსაც ვარდისფერი პეპლის საჭერი ბადე აქვს ზურგზე გადაკიდებული და გაგიჟდნენ სამტრედიელები – ეს შორტიკიანი კაცი რა რკინიგზას დაგვიგებსო.

პირველი სელფი ნიკო ნიკოლაძემ გადაიღო ფოტოაპარაკი რომ ჩამოიტანა. ჯაკუზი ზოგმა ახლა რომ გაიგო, ნიკო ნიკოლაძეს ჯაკუზი 1870 წელს უკვე დიდ ჯიხაიშში ედგა, რომელიც ახლაც დგას.

ნათურა რომ ინთება თბილისში, ონკანში რომ წყალი მოდის, კანალიზაცია რომ გაყვანილია, თბილისის ზღვის პროექტი, კონკა, ფუნიკულიორი – ყველაფერი არის ნიკო ნიკოლაძის გაკეთებული.

ეჩხუბებოდნენ წერა-კითხვის გამავრცელებულ საზოგადოებაში, რატომ აძლევს ფულს ქალებს, რომ განათლება მიიღონ ევროპაშიო. ულვაშებს აწებებდა ქალებს და ისე უშვებდა ევროპაში სასწავლებლად, რომ ვითომ კაცები იყვნენ.

ასეთი კაცების ჯარია ქუთაისში…”