მომღერალი ნანი ბრეგვაძე არ მალავს, რომ კიდევ სურს იცოცხლოს, რათა ყველაზე მთავარს – ევროპულ ოჯახში საქართველოს გაწევრიანებას მოესწროს:
„პარიზში ჩემი სოლო კონცერტი მივეცი, ოღონდ პატარა წრეში. მაპატიეთ, ძალიან მრცხვენია ამის თქმა, ერთი ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა და მითხრა, არ მეგონა ედიტ პიაფის მერე ასეთ განცდას თუ განვიცდიდიო.
ყველაზე დიდი სხვაობა, რაც ევროპაში დავინახე, არის ცხოვრების დონე. თავისუფლება. ძალიან თავისუფალია ყველა იქ. ჩვენც ვიყავით შებოჭილები, საბჭოთა კავშირიდან ჩასულები, ვკანკალებდით, არავინ ახლოს არ მოსულიყო. ერთმანეთს არ ველაპარაკებოდით. არავის არ უნდა დაელაპარაკოთო.
ის არასოდეს არ დაბრუნდება! ამის იმედი არავის არ ჰქონდეს, რომ საბჭოთა კავშირი დაბრუნდება. ღმერთმა დაიფაროს.
აქ რომ ვართ მარტო დარჩენილები, თუ რუსეთის იმედი აქვთ, რუსეთიდან თვითონ იქით გარბიან. იმის იმედი როგორ უნდა გქონდეს?
მე კარგად არ მესმის, ნამდვილად არ მესმის სიღრმე პოლიტიკის, მაგრამ მგონია, უნდა გინდოდეს ევროპაში შესვლა. აუცილებლად. მე ასეთი აზრის ვარ.
87 წლის გავხდები ახლა, რომ ვამბობ ამას, მიკვირს… კიდევ 3 წელიწადი… მე ყოველ წელს ვუმატებ ამ წლებს. მინდა რომ კიდევ გაგრძელდეს ჩემი ცხოვრება, რომ მოვესწრო და მოვესწრები, ნამდვილად მჯერა.”