რაც დრო გადის, ფილოსოფოს მერაბ მამარდაშვილის ნებისმიერი წერილი თუ ჩანაწერი კიდევ უფრო აქტუალური და ღირებული ხდება.
“არტ ინფო” გიზიარებთ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წერილს:
“ყველაზე მაღლა დგას სინდისის ნათელი წერტილი ანუ ჭეშმარიტება, სამშობლოზეც მაღლა დგას, იმიტომ რომ ხანდახან ჩვენ სამშობლოდ მიგვაჩნია რაღაცა, რომელიც სინამდვილეში არ არის სამშობლოს ინტერესი. ამას მხოლოდ გვიკარნახებს ვნება, სისხლის ჩქეფა ჩვენში, ან მშობლიური ნიადაგი. ამის იქით არ ვიხედებით. არადა, ამის იქით გახედვა შეიძლება მხოლოდ ჭეშმარიტების ვარსკვლავის ქვეშ. ეს არის, სხვათაშორის, ელემენტარული ქრისტიანული მრწამსი. ვიმეორებ ჭეშმარიტება უფრო მაღლა დგას, ვიდრე სამშობლო, ამიტომ საქართველო არ შეიძლება იყოს ფეტიში. ქრისტიანებისთვის კერპები და ფეტიშები არ არსებობენ, ამიტომ ყველა ის ხალხი, ვინც ემორჩილება მხოლოდ ჭეშმარიტების კანონს – სინდისის კანონს, უნდა იყოს ახალგაზრდებთან და ახალგაზრდები უნდა იყვნენ ამ ხალხთან, იმიტომ რომ მაგ ხალხში არის ერთადერთი პატარა შანსი, რომ ეს ახალგაზრდები არ დაიკარგებიან.
ადამიანების სიმრავლე ერთია, ბრბო კი – სხვა. ბრბო არის ისეთი ადამიანების მასა, რომლებიც ამოვარდნილი არიან ტრადიციიდან, გაწყვეტილი აქვთ წარმოშობის ერთიანი კავშირი და როგორც ჩვენს საყვარელ ლეჩხუმში ამბობენ “უგანაჩენო არიან. აი, უგანაჩენოთა გროვა არის ბრბო.”