26 ივნისს 16 საათზე ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმში გამოფენა – „ხელოვნების სასახლის საგანძური“ გაიხსნება.
მუზეუმის საგამოფენო სივრცეში პირველად იქნება წარმოდგენილი ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების კოლექცია, რომელიც 2021 წელს ხელოვნების სასახლეს გადაეცა.
უნიკალური საგანძური ავარიულ ნაგებობაში იყო განთავსებული (ყოფილი ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის შენობა შ.დადიანის ქუჩაზე), მუზეუმის კოლექციების გარკვეული ნაწილი ნულოვან სართულზე ინახებოდა, კედლებიდან ბათქაში ცვიოდა და წყალი ჟონავდა.
2022 წელს კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, სამუზეუმო ექსპონატების სათანადო დაცვისა და ექსპონირების მიზნით, ხელოვნების სასახლის მომიჯნავედ შეძენილ იქნა შესაბამისი შენობა. ჩატარდა შენობის რემონტი, მოეწყო საფონდო სივრცეები, სამუშაო ოთახები და ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების ყოფილი მუზეუმის კოლექციები სრულად განთავსდა კეთილმოწყობილ, თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტებით აღჭურვილ შენობაში.
სწორედ აღნიშნულ საგანძურს მასპინძლობს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის საგამოფენო დარბაზები. ექსპონატები განთავსდა საგანგებოდ რესტავრირებულ სამუზეუმო ვიტრინებში, რომლებიც XX საუკუნის დასაწყისში ლატვიელი საზოგადო მოღვაწის, ეთნოგრაფის, მხატვრის, პედაგოგის, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში აკრედიტებული ლატვიის რესპუბლიკის საკონსულოს თანამშრომლის იული სტრაუმეს ესკიზების მიხედვით იყო შექნმილი.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კავკასიის კუსტარული კომიტეტის მოღვაწეობისა და მის შემდგომ პერიოდში ხალხური რეწვის ოსტატთა მიერ შექმნილი ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშები.
ექსპონატთა მრავალფეროვნება თვალნათლივ წარმოაჩენს ეროვნული კულტურის ბრწყინვალე საგანძურს, რომელიც საექსპოზიციო დარბაზებში წარმოდგენილია: ქართული „ოქრომქანდაკებლობის“, ხალიჩებისა და იმ ეკიზების ნუმუშები, რომელთა მიხედვითაც ხალხური რეწვის მუზეუმთან (შემდგომში ხალხური და დეკორატიულ-გამოყენებით ხელოვნების მუზეუმი) არსებულ ექსპერიმენტულ სახელოსნოებში ქმნიდნენ ხალხური რეწვის ოსტატები.
საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი ექსპონატები გამორჩეულია თავისი მაღალმხატვრული, ხელოვნების ნიმუშებისათვის მახასიათებელი ნიშნებით. ეს არ არის უბრალო ხელოსნური ნაწარმი, ეს ტრდიციული, ქართული ეროვნული ხელოვნების ნიმუშებია.