11 ივნისი, 2023

იცით ვინ არის “მზიურის” შესასვლელში ჩამომჯდარი ბიჭი?

თბილისის ბავშვთა ქალაქ “მზიურის” შესასვლელში რკინის კონსტრუქციაზე ჩამომჯდარია ბიჭი, რომელიც მოქანდაკე გია ჯაფარიძემ შექმნა. ბიჭი მისი ძმიშვილია. ქანდაკება ბეტონშია ჩამოსხმული და ზემოდან სპილენძი აქვს გადაკრული.

გასული საუკუნის 90-იან წლებში ქანდაკება გაიძარცვა. ბიჭის გარდა, ყველა ქანდაკება და ფარდის ნაწილი წაიღეს. “ახალი მზიურის” დირექციის თხოვნის საფუძველზე თბილისის მერიამ ქანდაკება მისი ავტორის, გია ჯაფარიძის უშუალო ჩართულობით აღადგინა.

მზიურელი ბიჭის შექმნის ისტორია არქიტექტორმა გია აბულაძემ გაიხსენა:

“გიას სახელოსნოში ჰქონდა ეს ქანდაკება, რიგის ქუჩაზე. დილის 6 საათია. გამოგვყავს ეს ბიჭი დაწოლილი. ძალიან მძიმე იყო. ორ-ორ კაცს ფეხები უჭირავს, ორ-ორს ხელები, ერთსაც – თავი. მანქანაზე უნდა დადონ და მზიურში ჩაიტანონ. ამ დროს, ვიღაც კაცი გაჩერდა და, – რა მოუვიდაო? – იკითხა.

– ბევრი დალია და სახლში მიგვყავსო, – უპასუხა გიამ. იმ კაცმა ლექცია წაუკითხა, რომ არ უნდა დალიოს კაცმა, მით უფრო, ახალგაზრდამ.

მზიურის ჩასასვლელის მაკეტი რომ გავაკეთეთ, იქ დავსვი ერთი ტიპი, ადამიანი, რომ მასშტაბი მიმეთითებინა. კომკავშირის ცეკაში განხილვაზე მოიწონეს ჩვენი მაკეტი და ერთმა იკითხა, ეს კაცი რა მასალაში კეთდებაო? მე ვუთხარი, ბრინჯაოში უნდა გაკეთდეს-მეთქი და მაშინ გაჩნდა აზრი, მართლაც ქანდაკება გაგვეკეთებინა.

გია ჯაფარიძემ არლეკინზე მუშაობა რომ დაიწყო, მოვილაპარაკეთ და სახით ირაკლი მასხარაშვილს მიამსგავსა. ირაკლის გრძელი ცხვირი აქვს და გავუშვით ჭორი, ვინც არლეკინს ცხვირზე ხელს მოჰკიდებს, სურვილი აუსრულდებაო. ამიტომ ახლაც გაპრიალებური აქვს ცხვირი.

ხევი იყო ძალიან ღრმა, 20 მეტრი. თანაც მთელი ვაკე ხომ მეწყრული ზონაა, ამიტომ დრენაჟები ჩააწყეს. 30 ათასი კუბური მეტრი ბალასტი მოიტანეს და ჩაყარეს. გარდა იმისა, რომ ხევი უნდა ამოევსოთ, კიბეები ხომ უნდა შეექმნათ. ნახაზებისა და მაკეტის რეალობაში გადატანა არ იყო ადვილი. ამაში ერთი ტოპოგრაფი ლიოვა ანდრეევი დაიხმარეს. დიდი ჯანის პატრონი და მაღალი დონის პროფესინალი.

ერთხელაც, იქ ვართ და ნახაზზე ვაჩვენებ იმ ადგილს, სადაც ახლა ბორჯღალის შუაში ბროწეული დგას. ვეკითხები, აბა ეს ადგილი სად იქნება-მეთქი? მოიცადეო, მითხრა, ამოიღო თავისი ხელსაწყოები, გახედა-გამოხედა და ერთ ხეზე მანიშნებს, აი, ზემოთ, ჩიტი რომ ზის, იქ იქნება ეგ ადგილიო. ალბათ 15 მეტრის სიმაღლეზე იჯდა ის ჩიტი…”