ინგუში მწერლის ისა კოძოევის მიმართვა ქართველებს

ინგუშების ეროვნულმა ლიდერმა, ცნობილმა მწერალმა ისა კოძოევმა (კოაძოი) ქართველებს გამაფრთხილებელი წერილით მიმართა:

“ყურადღებით, ქართველებო!!!

“მე არ მინდა, რომ ქართველები გავდნენ ევროპელებს!
ვისურვებდი, რომ ქართველები გავდნენ – ქართველებს! დიდი ხანია მე ეს გულში ლურსმანივით მჩხვლეტავს!
მე არ მინდა, რომ ქართველები გაევროპელდნენ, ქართველები უნდა იყვნენ – ქართველები!
ჩვენ სხვა რასა ვართ, ჩვენ კავკასიელები ვართ, ჩვენ ჩვენი განსაკუთრებული მენტალიტეტი გვაქვს.

ქართველო კაცებო და ქალებო, ჩვენ უნდა ვიყოთ შესაბამისად შემოსილნი, სიმპატიურნი, სალმიანნი, სტუმართმოყვარენნი და მამაცნი. როგორ შეიძლება ჩვენ ერთმანეთის გარეშე ვიცხოვროთ?
ეს იგივეა რაც ძმის დაკარგვა, დამარხე ძმა და აღარ გყავს.
დადიხარ მის ცარიელ სახლში და ბალახი იზრდება, სადღაც ღობეზე კატა კნავის.

ცოტა ხნის წინ კახეთში ვიყავი, დავიარე სოფლები და ქუჩების გასწვრივ მიტოვებული ცარიელი ფანჯრები მიყურებდნენ. ვიკითხე, რა ხდება მეთქი? – მითხრეს, რომ ხალხი საკუთარ სახლებს ტოვებს და ევროპაში მიდის. ჩემთვის ეს ძალიან ძნელი სანახავი იყო, მთელი ღამე ვფიქრობდი და ძილი არ მეკარებოდა. ახლა ყველა ქართველს მინდა ვთხოვო:- ღვთის გულისათვის, ნუ წახვალთ, არ არის ბედნიერება უცხო მიწაზე!

ორი მონათესავე ერის, ქართველებისა და ინგუშების კულტურა ძალიან ჰგავს ერთმანეთს, იმდენად, რომ ქართველების დახმარებით ინგუშური კულტურის დაკარგული ელემენტების აღდგენა შეიძლება!

თქვენი საგუნდო სიმღერები, საერთოდ, თქვენი სიმღერები, მუსიკა – ისეთია, როგორც ჩვენი, თქვენი კულტურაც, ხელოვნებაც და ტრადიციებიც. ჩვენ თქვენგან უნდა გავიხსენოთ, აღვიდგინოთ ის, რაც დავკარგეთ, რაც დაგვაკარგვინეს და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, ჩვენი სულით თქვენ სულთან მოვდივართ და გეუბნებით, რომ დაგვეხმაროთ აი ასეთ დროს.

თქვენიდან ავიღებთ იმას, რაც ჩვენთან გაქრა, თქვენ შემოგხედავთ და მოგბაძავთ, ამიტომ თქვენ ძალიან კარგები უნდა იყოთ.

კავკასიაში ყველაზე ახლო ხალხები ჩვენ ვართ – ქართველები და ინგუშები!
ჩვენ ერთნაირად გამოვიყურებით, ჩვენ ერთნაირი ტრადიციები გვაქვს, ერთნაირი თვისებები, ერთნაირი მენტალიტეტი და ჩვენ ძარღვებში ერთი და იგივე სისხლი სჩქეფს.
ალბათ ღმერთმა, როცა ჩვენ გვქმნიდა, იცოდა რასაც აკეთებდა, ამიტომ ჩვენ ეს არ უნდა გადავაკეთოთ!
აი, რა მინდოდა თქვენთვის მეთქვა, ქართველებო.
გისურვებთ წარმატებებს!”