11 ივნისი, 2023

იამაყეთ ნინო ხარატიშვილით

nino-xar.jpgმწერალი ნინო ხარატიშვილი ის შემოქმედია, რომლითაც ძალიან ამაყობენ ქართველებიც და გერმანელებიც.

ზურა შევარდნაძე ნინო ხარატიშვილთან დაკავშირებით ძალიან სასიამოვნო ისტორიას იხსენებს:

“ნინო ხარატიშვილის შესახებ მაშინ არაფერი ვიცოდი, გაგონილი მქონდა მხოლოდ, რომ წიგნი დაწერა საქართველოზე, ქართველებზე წერს გერმანულად და ბევრი ჩემი გერმანელი ნაცნობი, მეგობარი ვინც წაიკითხა აღტაცებულია მისით.

მაშინ გერმანიაში, ბონთან ახლოს პატარა სოფელში ვიტერშლიკში ვცხოვრობდი, წიგნებს, საწერ ქაღალდს, კალამებს, ბარათებს და ამდაგვარ წვრილმან ნივთებს სოფლის პატარა წიგნების მაღაზიაში ფრაუ ზორგენაუსთან ვყიდულობდი.

ერთ დღეს რომ შევედი სალაროსთან, ფურცელზე ამობეჭდილი აბრა დამხვდა:
“ქართველი, გერმანულენოვანი ავტორის, ნინო ხარატიშვილის რომანი, მერვე სიცოცხლე გათავდა, აღარ გვაქვს და მომდევნო 40 დღის განმავლობაში შეკვეთაც აღარაა შესაძლებელი, გამომცემლობაშიც გათავდა..” შეწუხდა ადამიანი მოჭარბებული შეკითხვებით და გამოაკრა.

ადვილი წარმოსადგენია, ქართველისთვის გერმანიის პატარა სოფლის წიგნების მაღაზიაში ამ სიტყვების წაკითხვა რას ნიშნავს…

მას მერე, რა   თქმა უნდა, ბევრი ვიცი ნინო ხარატიშვილზე, ბევრი მისი ნაწერით აღფრთოვანებული გერანელი მკითხველი შემხვედრია, ბევრი მისი წიგნებით იცნობს საქართველოს, აქებს, ნიჭიერებას და განსაკუთრებულობას აღნიშნავს ყველა ვინც წაიკითხა. საოცრად პოპულარულია ნინო ჩემს გერმანელ ნაცნობ-მეგობრებს შორის.

გუშინ ნინოს დაბადების დღე ჰქონდა. ჩემს ბაღში შეკრიბა გერმანელი საპაიო სტუმრები, მეგობრები, ოჯახის წევრები და ლამაზ, მოფურჩქნილ სუფრასთან აღნიშნა დღეობა.
რათქმაუნდა საამაყოა ჩვენთვის მისი და მისი სტუმრების მასპინძლობა.

ვუთხარი კიდეც და აქაც დავწერ: ნინო! შენ ამდიდრებ, აფერადებ, აძლიერებ ჩვენს პატარა უბედო ქვეყანას. ფასს, წონას, მნიშვნელობას აძლევ ყველაფერს რაზეც წერ, რასაც ეხები. ჩვენ ყველანი ამაყი და უსაშველოდ მადლიერი ვართ შენით, აღტაცებული შენი ნიჭიერებით. გუშინდლიდან კი შენი თავმდაბლობით და ადამიანურობით მოხიბლულიც. ” მე რა შუაში ვარ? უბრალოდ ასე გამოვიდა, თავისით აეწყო ყველაფერი, თუ რამე გამომდის ეს ჩემს გარეშე ხდება, მე უბრალოდ ვწერ…”

კიდევ ერთხელ გილოცავ, სიხარულით სავსე დღეები გქონდეს, იცოცხლე მრავალჟამიერ ჩვენს საამაყოდ და გასახარად!

ფრაუ ზორგენაუ ყველა მის ახალ გამოსულ წიგნს უკვეთავს, საგულდაგულოდ ფუთავს ჩემთვის და მიგზავნის. არვიცი მისფერი გულანთებული გულშემატკივარი კიდევ თუ ჰყავს საქართველოს და ნინოს.”