22 ივნისი, 2023

გია მურღულია უფალზე

უფლის რწმენა ფილოლოგ გია მურღულიასთვის და თითოეული ადამიანისთვის ყველაზე სათუთი და განსაკუთრებულია:

“ერთხელ იესოსაც კი წამოსცდა: “ღმერთო, რატომ მიმატოვე მე?”
ეს მისი ადამიანური ბუნების ამოძახილი იყო.
ბევრ ჩვენგანს ეს განცდა თან დაჰყვება ხოლმე – მე მარტო დავრჩი, არავის ვახსოვარ, ღმერთი ჩემზე არ ფიქრობს.
ალბათ, ერთხელ მაინც გვწვევია ეს შეგრძნება.
ამის გამო თვითგვემა არ ღირს.
ხომ ხედავთ – ერთხელ ღმერთმაც კი იფიქრა ეს თავის თავზე.
სულ უნდა გვახსოვდეს გამორჩეულად დასამახსოვრებელი რამ:
ადამიანი მარტო არასდროს არის და ღმერთი მუდმივად მის გვერდზეა.
ეს ათასნაირად ხდება და გამოიხატება.
ზოგჯერ ღმერთი სხვა ადამიანშია, ახლა რომ გელაპარაკება.
ზოგჯერ – ამომავალ მზეში.
ზოგჯერ – მთის მდუმარებაში.
ზოგჯერ – საგანში, რომელიც მაგიდაზე დევს.
ზოგჯერ – სევდაში.
თუმცა არის ერთი ვინმე, ვინც მუდამ განასახიერებს მის მუდმივად შენთან ყოფნას – ეს შენ თვითონ ხარ!
იცი, შენ ვინ ხარ? – ღმერთის ფიქრი საკუთარ თავზე.
ვინმე იტყვის, რომ ასე არ არის?
დაე, თქვას – ის მეორე “მე” პირველი შეეკამათება და უსათუოდ გაიმარჯვებს.
მხოლოდ სიცოცხლის ბოლო წამი წაგვართმევს ამ განცდას, რათა ახალი სიცოცხლის პირველ წამად იქცეს.
დილა მშვიდობის!
ეს დილაც ღმერთისა და ადამიანისაა – ორივესი ერთად.”