ეკატერინე გაბაშვილის ბრწყინვალე წერილი

მწერალი ეკატერინე გაბაშვილი ყოველთვია ღიად და დაუფარავად უწევდა პოპულარიზაციას განათლებას.

1870 წელს “ივერიაში” დაიბეჭდა მისი წერილი “გლეხკაცის აზრი სასოფლო სკოლაზე”, სადაც მწერალი განათლების უპირატესობასა და აუცილებლობაზე საუბრობს:

“განა ვერა ხედავ, როგორ ყველაში გჯობიათ სწავლულნი ხალხი: როგორც გონივრობაში, ისე ცხოვრებაში, თუ ჭამით, თუ სმით და ჩაცმით? აქედან ჩანს, რომ სწავლას უფრო ადვილად მოაქვს კეთილი ცხოვრება.

გარდა ამისა, განა დღიური ლუკმა მარტო ხვნითა და თესვით მოიპოვება? არა, თქვენისთანა მხვნელ-მთესველს კარგი ცხოვრება ვერ უპოვნია და ვერც თქვენ იპოვნით, იმიტომ ხვნასა და თესვასაც სწავლა უნდა.

მეორეც ესა, რომ არიან კიდევ სხვა ბევრი გზები ცხოვრებისა, მაგალითად: ვაჭრობა, ხელოსნობა, ოსტატობა, მხატვრობა, მწერლობა, ხელმწიფის სამსახური და სხვა. ნუ იფიქრებთ, რომ თქვენს შვილებს არ შეეძლოთ ასრულება ყველაფრისა, რაც მე ჩამოვთვალე.

სწავლას ბევრი რამ შეუძლიან, შენიშნულია, რომ წარჩინებულნი კაცნი ხშირად უფრო თქვენისთანა ხალხიდგან გამოდიან. სიხარულით მიეცით თქვენი შვილები სკოლაში, სწავლა დიდი სამკაულია კაცისათვის და მარტო სწავლას შეუძლიან გამოიყვანოს ხალხი იმ უმეცარი მდგომარეობიდგან, რომელშიაც აქამდისინ ყელამდინ არის ჩაფლული…”