ბესიკ ხარანაული საქართველოს

პოეტი ბესიკ ხარანაული სამშობლოს – საქართველოს მიმართვს:
“გაიმართე, საქართველო !
გაიმართე, საქართველო,
კვლავ მოგადგა განსაცდელი.
საქართველო,
რაც იყავი,
რაცა ხარ
და
რასაც ელი,
ამ ერთ წუთში,
რაშიც დგახარ,
გეკარგება ყველაფერი.
გეკარგება შენი მიწა,
წინაპართა
ხმლით ნაჭერი,
გეკარგება ცისაფერი
მგოსანთაგან
დანამღერი,
მომავალი გეკარგება,
იმისი
სახსენებელი.
ზვირთი გინდა
საქართველო,
ხალხის ტანში,
მის ძალაში,
ზვირთი გინდა,
საქართველო,
ზვირთი,
ზვირთზე,
როგორც ზღვაში,
ზვირთი გინდა,
საქართველო,
ზვირთი,
ატყორცნილი
ცაში !
გაიმართე,
საქართველო,
ახლა გიდგას განსაცდელი,
ახლა არის
დრო,
საათი,
შენი ძალის
გასამხელი,
შინ და გარეთ
მტრიანი ხარ,
მაგრამ
ძლიერი გაქვს ხელი.
სადაც გულით გეძახიან,
იქ არჩიე მასპინძელი,
სადაც ზაკვით გეძახიან,
იქაც მოუქნიე ცელი,
ლელო არის გასატანი,
სახელია გასათქმელი.
შენ შეგეძლო,
საქართველო,
კვლავაც კიდევ
შეიძელი,
თხუთმეტი დღის
მთვარისხელა
შეუბია ღმერთს
მტკაველი,
გადაზომე შენი მიწა,
წინაპრების
დროინდელი,
შენ შეგეძლო,
საქართველო,
კვლავაც კიდევ
შეიძელი!
ამტეხი სიტყვა
სჭირდება
ორ კაცსაც კი
ლაპარაკში,
ამტეხ ზვირთით
დაიწყება
მღელვარება
მდუმარ ზღვაში,
ერთ ტყლაშუნზე აიძვრება
ზვავი,
ტყეს და მინდორს
წაშლის,
ზვირთი გინდა
საქართველო,
ხალხის ტანში,
მის ძალაში,
ზვირთი გშვენის
კლდეს მიწოლილ
ვეფხვის ტანში,
მის კაბაში…
ამტეხი
ზვირთი გჭირდება,
ერთს მოჰყვება
ბევრზე ბევრი,
აიძვრება მთელი ხალხი,
ახალს მოებმება ძველი,
ამხედრდება,
აღელდება,
ერთიანად
მთა და ველი,
შეგიძლია,
საქართველო,
კიდევ ერთხელ
შეიძელი !”