აკაკი ბაქრაძის შედევრი

აკაკი ბაქრაძის შედევრიაკაკი ბაქრაძის მიერ 1978 წელს დაწერილ წერილს კინორეჟისორ ნანა მჭედლიძის ფილმზე “პირველი მერცხალი” თავისუფლად შეგვიძლია შედევრი ვუწოდოთ, რადგან მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული ეროვნული იდენტობის გარკვევაში:

“გავიხსენოთ “პირველი მერცხლისა” და ინგლისელ ფეხბურთელთა შეხვედრის ეპიზოდი. ერთ მხარეს, კარი წინ, ინგლისელები დგანან, მეორე მხარეს “პირველი მერცხალი”. თითქოსდა, განსაკუთრებული არაფერი ხდება. სადაც არის თამაშიც დაიწყება. მაგრამ უცბად ინგლისელები იწყებენ სიმღერას. მღერიან ეროვნულ ჰიმნს. გუგუნებს ერის, ქვეყნის, სახელმწიფოს სადიდებელი. ვხედავთ იასონისა და მისი ბიჭების გაოგნებულ სახეებს. რა ხდება? ასეთი რამ მათ აქამდე არ ენახათ. რა უნდა იმღერონ პასუხად? არც სახელმწიფო აქვთ, არც ჰიმნი, არც არასოდეს ყოფილან ასეთ ვითარებაში. ისინი თამაშობდნენ ფეხბურთს. თამაშობდნენ იმიტომ, რომ უყვარდათ, ერთობოდნენ, სახელის მოხვეჭაც უნდოდათ. მართალია, ერთხელ ისინი გაზეთ “ივერიაშიც” შეაქეს, მაგრამ ეს სასიხარულო იყო და მეტი არაფერი. ახლა კი უფრო რთული ალტერნატივა დადგა.ახლა საქმე მარტო მოგება არ არის. მოწინააღმდეგეს უნდა დაუმტკიცო, რომ შენც ერი ხარ და არა შემთხვევით შეკრებილი ჯოგი, რომელსაც, ავად თუ კარგად, ფეხბურთის თამაშიც უსწავლია. მეტოქის ჰიმნს პასუხი სჭირდება და “პირველი მერცხალიც” მღერის, მართალია, ეს ჰიმნი არ არის, ხალხური სიმღერაა, მაგრამ მთავარია ის, რომ ვაჟკაცურად ჟღერს. შეგიძლია იხტიბარი არ გაიტეხო და მეტოქეს თვალში ნაცარი შეაყარო, ასეც იქცევიან.

როცა ამ სურათს უყურებ, გეღიმება, მაგრამ ბოღმაც გახრჩობს. უფრო იმიტომ, რომ მეტოქე მიხვდა: არავინ ხარ. მიხვდა, რომ ჰიმნის მაგიერ, უბრალო ხალხურ სიმღერას მღერი, მაგრამ მას კეთილშობილება და აღზრდის კულტურა ნებას არ აძლევს არ მოგისმინოს, პატივი არ გცეს და თავი არ მოიტყუოს. იგი ყველაფერს ისე იღებს, როგორც ნამდვილს. არ გაგრძნობინებს, რომ სიცრუეს მიგიხვდა, ამ დამოკიდებულებით კიდევ უფრო გამცირებს.
უკვე სიცილის გუნებაზე აღარა ხარ. პროვინციალიზმი და ჩამორჩენილობა ტრაგიკული და მეტად მტკივნეული ხდება, მაგრამ ამ ტკივილს უნდა გაუძლო. იგი გულში ჩაიმარხო და სახიდან სევდანარევი ღიმილი არ მოიცილო. სხვა გამოსავალი არ არის.

ინგლისელებთან დამარცხდნენ. ბუნებრივიც იყო. არ ეყოთ ნიჭი, გამოცდილება, ძალა, მაგრამ არის სხვა შემთხვევაც, როცა იმარჯვებენ, მაგრამ მაინც წაგებულნი არიან. ასე თურქებთან მოხდა. ასეთი პირობა იყო დათქმული: მატჩის მომგები სანაძლეო ფულსაც იგებდა. ამ პირობასაც თავისი საფუძველი ჰქონდა. “პირველ მერცხალს” სპორტული ფორმა არა აქვს, არც ფული. რაღაც გზით ეს ფული უნდა იშოვონ. საქმეს არ შველის გემზე ფეხბურთელთა მტვირთავად მუშაობა. ამ საქმეში გროშებს აძლევენ. საკმარისია ერთი მწარე რეპლიკა – ჩვენი მარგანეცი მიაქვთ და ისევ ჩვენ გვაგინებენო, რომ ნათელი გახდეს: ძარცვავენ არა მარტო სპორტსმენებს, ძარცვავენ მთელ ქვეყანას. მძარცველი როდის იყო გაძარცულის სასარგებლო საქმეს აკეთებდა! ამიტომაც ფულის საშოვნელად სხვა გზების მოძებნაა საჭირო. და აჰა, შემთხვევაც. თურქები თანახმანი არიან ფულზე ითამაშონ. თავგანწირული თამაშობდა “პირველი მერცხალი”. მოიგო კიდეც. ფულიც მიიღო. სხედან მდინარის პირას და მოგებულ ფულს ითვლიან. მოულოდნელად თავზარდამცემი შეძახილი – ფული ყალბია. თავქუდმოგლეჯილი გარბიან პორტში, ამაოდ, თურქები უკვე ჩამსხდარან გემში და წასულან.

კეთილშობილება, გულუბრყვილობა მოტყუებული და გაცუცურაკებულია.
ან მოტყუებული ან წაგებული. ასეთია ამ ხალხის ბედი.

თანდათანობით იკვეთება ერის იერხატი: ღატაკი და კეთილშობილი, დიდბუნოვანი და მოტყუებული, ამაყი და დამარცხებული.

ფილმის კომედიური ატმოსფერო თანდათანობით იჟღინთება ტრაგიკული განწყობილებით. სულ უფრო და უფრო შემაწუხებელი ხდება კითხვა – რა ძალით არსებობს ეს ხალხი? ამ კითხვის პასუხად ფილმის ავტორები გვაჩვენებენ ფინალს.

ინგლისელებთან მატჩი დიდი ანგარიშით წააგეს. არაფერმა უშველათ: არც იასონის მომაკვდინებელმა დარტყმამ (ასე, სიტყვის უთქმელად, გაიფანტა მითი იასონის მარჯვენა ფეხისა), არც მონდომებამ, არც გამარჯვების დაუოკებელმა წყურვილმა, არც მაყურებელთა მხარდაჭერამ.

მატჩის ბოლოს გაწვიმდა კიდეც. დასველებულნი, ქანცგაწყვეტილნი, ჩამოხეულნი, ტალახში ამოთხუპნულები, დამარცხებულნი და წამხდარნი მილასლასებენ იასონი და მისი ბიჭები ზღვის პირას. ერთ უდაბურ ადგილას, კბოდეზე ჩერდებიან. შორს მიმავალ გემს სევდითა და ბოღმით სავსენი მისჩერებიან. გემიდან გუგუნითა და გრიალით ისმის ინგლისური ეროვნული ჰიმნი. მისი ხმა ყველაფერს ავსებს. ქართველი ფეხბურთელების მწუხარებით სავსე სახეზე ერთმანეთში აზელილია წვიმა, ცრემლი, ოფლი, ტალახი. ისინი მზერით მიაცილებენ გემს. უცბად, თითქოს დაგროვილმა ბოღმამ ვულკანივით ამოხეთქაო, იწყებენ სიმღერას. ისევ იმ სიმღერას, მატჩის დაწყების წინ, ჰიმნის მაგიერ რომ იმღერეს. მღერიან ისე, რომ უსკდებათ ძარღვები, ეხლიჩებათ ყელი, მაგრამ მაინც ომახიანად და ვაჟკაცურად. არსებითად ეს არ არის სიმღერა. ეს უფრო გლოვაა. თვალებიდან მოწანწკარებს ცრემლები, სხეული უთრთით და უცახცახებთ, მაგრამ სიმღერას არ წყვეტენ. ეს სასიცოცხლო ენერგიის გამოვლენაა. სხვა ძალა მათ არა აქვთ. გაუტეხელ სულში უნდა იპოვონ არსებობის საფუძველი.

მაშასადამე, არც იასონის მიამიტობა, უსაგნო კეთილშობილება და დიდბუნოვნება ყოფილა მხოლოდ მისი პიროვნული თვისება. ეს ეროვნული ხასიათითაც ყოფილა განპირობებული.

არც ამ პატარა ქალაქის პროვინციულობა, სიცილის მომგვრელი კუდაბზიკობა და სულიერი სისუფთავით გამოწვეული გულუბრყვილობა ყოფილა ლოკალური მოვლენა. ესეც მთელი ქვეყნისთვის ყოფილა დამახასიათებელი.

ფილმის ავტორთა თანაგრძნობით სავსე ღიმილი და გულისტკივილიც ამით ყოფილა ნაკარნახევი.

ასე იქცევა, ერთი შეხედვით, უბრალო სპორტული ამბავი ერის ისტორიული ცხოვრების ტრაგიკულ ალეგორიად.”