16 მაისი, 2023

უმნიშვნელოვანესი სიახლე ქაქუცა ჩოლოყაშვილზე

ეროვნულ გმირზე ქაქუცა ჩოლოყაშვილზე უმნიშვნელოვანეს სიახლეს ავრცელებს პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი:

,,ვინა სთქვა საქართველოზე” – საბედნიეროდ, რამდენიმე წლის წინათ, ქაქუცას რაზმის ჰიმნის ნოტები აღმოვაჩინე და ლოტბარ მაია მიქაბერიძეს გადავეცი. (ლექსი ეკუთვნის ბაჩანა რაზიკაშვილს). იმავე წელს მიხა ხელაშვილის საღამო ჩავატარე და იქ აჟღერდა ეს საოცარი მუსიკა და კიდევ – ქაქუცა ჩოლოყაშვილი ჩემ მიერ წაკითხული ლექსების ფონზე დაიკრძალა მთაწმინდაზე, ხოლო სამარეზე ილია მართლის საზოგადოების ნაბრძოლი დროშა გადავუფრიალე. ეს ნოტები ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმსაც გადავეცი. საპატრიარქოს ტელევიზიამ გადაიღო ის საღამო, მაგრამ, დღემდე, არ მინახავს და მიკვირს, რატომ? ზვიად მიქელაძემ გადაიღო!.. როგორ აღმოვაჩინე ნოტები? ამის შესახებ სხვა დროს!..

მეც გულით ვტირი ამაზე…

ბევრს უტირია ოდესღაც, მეც გულით ვტირი ამაზე, –
ხელფეხშეკრული სამშობლო დაუბამთ ცხენის გავაზე.
შემოხვევია მომხდური არაგველების სავანეს,
ქოჩორა ტყეში გათხრილა შეფიცულების სამარე.
ჩამოსწოლია ღრუბელი ციხე-კოშკს ახიელაში,
ჩარგალში წამოსწევია სიკვდილი მიხა ხელაშვილს.
აქეთ – კახეთის ლომები, იქით – ქისტების აული,
მოუკლავთ რაზიკაშვილი და თომა ბალიაური.
არხოტს რომ ტყვია გავარდა, ალვანს გადაჰკრა ალმურმა…
მტერს ხორნაული შეაკვდა და ქიზიყელი ქარუმა.
სად მიდის ჩოლოყაშვილი ან საით მიეხეტება?..
ქაქუცას ჩოხის კალთები დახიეს ჭალა-ხევებმა.
დრომ ხელი როგორ დარია თეთრონის ლაგამ-უნაგირს,
ოხერმა როგორ არია შუაფხოს ვეფხვის ბუნაგი?!.
მე ისიც მწარედ მაწამებს, მტანჯავს და მევაგლახება,
ცრემლი მისველებს წამწამებს, ძალიან მევალალება, –
სად გაიფანტნენ ლექსები, მძიმე დროების შვილები,
სამფეროვანი დროშის ქვეშ განფენილ-გადაშლილები.
ან საით გადაიკარგნენ ვაჟები – მათი დამწერნი,
ხატ-სალოცავთა მცველები და საგანძურთა აღმწერნი.
ან მიწამ ვით მიიბარა ძმობაში შარის ამტეხი,
ფშავ-ხევსურეთის ხვიარა, ფიცვერცხლის უღმრთოდ გამტეხი?!.
აქეთ – ლომგულა მამრები, იქით კი – ვიღაც დედლები…
დაღონებული მამები… დამდუღრებული დედები…
ბევრს უტირია ოდესღაც, მეც გულით ვტირი ამაზე,
ჩემი ლამაზი სამშობლო დაუბამთ ცხენის გავაზე.

თომა ბალიაური – ქაქუცა ჩოლოყაშვილის ძმადნაფიცი, მენშევიკური მთავრობისა და
შემდეგ თეთრი გვარდიის (ჩრდილო – კავკასიაში) ოფიცერი. თომა ბალიაური ღალატით
მოკლეს 1934 წელს. თომა ბალიაურმა, გარდაცვალებამდე, ანდერძი დაწერა და ბალიაურების საგვარეულოს სთხოვა, რომ შესაფერის დროს გაეხსნათ. ათეული წლები ითმინეს ბალიაურებმა და ბატონი ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, გახსნეს ბარათი.

რაზიკაშვილი – იგულისხმება ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეგობარი, ვაჟა-ფშაველას შვილი,
ქართველი სამხედრო ოფიცერი ლევან რაზიკაშვილი. ჩეკისტებმა დახვრიტეს 1923 წელს.

ქიზიყელი ქარუმა – ,,ქიზიყელი ბიჭი ქარუმა” – ასე მოიხსენიებს ალექსანდრე სულხანიშვილი რაზმის ერთ-ერთ ახალგაზრდა ბიჭს.

ხორნაული – იგულისხმება ნიკო ხორნაული, რომელიც ჩოლოყაშვილის რაზმს მაღაროსკა-
რის ბრძოლაში შეუერთდა. 1925 წელს დამსჯელი რაზმის უფროსმა, ტალახაძემ, ხორნაუ-
ლი დახვრიტა.

ახიელი – სოფლის სახელწოდება (პირიქითა ხევსურეთში, არხოტის თემის მთავარი სოფელი იყო).”