7 მაისი, 2023

“სულიკოს” საოცარი ისტორია ეთერ თათარაიძისგან

eter-tatara.jpgფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე აკაკი წერეთლის ცნობილი ლექსის “სულიკო” შექმნის საოცარ ისტორიას გვიზიარებს:

“ერთ-ერთი ჩემი ექსპედიციის დროს, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ პატარა თონეთში, იგივე დვალთაში ვმუშაობდი და სრულიად შემთხვევით ერთმა მოხუცმა მითხრა, ეს ხომ იცით რომელი სოფელია, შვილოო. როგორ არა-მეთქი, ჩამოვუთვალე გვარები, ვინც ვიცოდი. არა, ამას არ გეუბნებითო. სიმღერა “სულიკო” ხომ იცითო?! ეგ ხომ მთელმა საქართველომ და მსოფლიომ იცის-მეთქი. ჰოდა, ეგ “სულიკო” რომ ამ სოფლელი იყო, იციო? ფოლკლორისტი ვარ, ეჭვები ცოტათი გაჩნდა, სანამ ამ მოხუცს ბოლომდე შევიცნობდი. ქართლელები არიან ძალიან ალალები, სუფთები, არაფერს არ იგონებს, ყველაფერს ყველა სუფთად, გულწრფელად ყვება, არაფერს არ ჰყვება არტისტულად, რაც გაუგია, იმას ამბობს. ამან დიდი ინტერესი გამიჩინა, გამოვკითხე და აღმოჩნდა, ძალიან მტკივნეული ისტორია:

ამ სოფლის მამაკაცებს ურმებით თბილისში მოჰქონდათ ნახშირი ზამთრისთვის. 90 წელს გადაცილებული 3 მოხუცი ყვება, მერე ვიპოვე ისინი. მათ შორის იყო 30 წლის ზალიკო სამადალაშვილი, ამ სოფლელი ახალგაზრდა კაცი, რომელიც გაეცნო აკაკი წერეთელს და მისთვის ნახშირთან ერთად ჩამოჰქონდა სხვა პროდუქტებიც, რასაც აკაკი სთხოვდა. დამეგობრდნენ და სწორედ ამ ზალიკოს ჰყავდა ძმა სულიკო სამადალაშვილი, მასზე უმცროსი, რომელსაც ამავე სოფლელი გოგო შეუყვარდა. უყვართ ერთმანეთი, დაინიშნებიან, ქორწილის დრო რომ მოვიდა, გვიანი შემოდგომაა, სულიკო მოდის ქალაქისკენ, რომ შეიძინოს სამეფო სამოსი. გადის დღეები, უნდა აბრუნდეს მაღლა და აღარ ჩანს. დაიკარგა ეს ადამიანი, ახალგაზრდა კაცი. დანიშნულიც ელოდება, დაიწყო განგაში, მოიკითხეს ყველან, თუ ვინმე ნათესავი ჰყავდა ქალაქში, ახლო სოფლებშიც მოიკითხეს, მაგრამ გზა-კვალი არ ჩანს. რამდენიმე თვის ძებნის შემდეგ, ზოგი ვერსიით მანგლისის ტყეში იპოვნიან ჩონჩხს, ძვლებს, ქამარ-ხანჯალს და სამოსის ნაფლეთებს. ქამარ-ხანჯლით და იმ სამოსით იცნეს, რაც ეცვა წასვლის წინ. ის დანიშნული გოგონაც სულ დადიოდა ტირილით ამ ტყე-ველში და სადაც ეძებდნენ, ყველგან იყო.

გაზაფხულისკენ ზალიკო რომ ჩამოვიდა აკაკისთან და რაღაც ჩამოუტანა, ძალიან გამხდარი იყო. პოეტმა უთხრა, სად დამეკარგე, მთელი ზამთარი გეძებდი, არც ვიცოდი, როგორ და სად უნდა მეპოვნე, ხომ მშვიდობა გაქვსო. არ გვაქვს მშვიდობაო, ზალიკომ და ეს ამბავი უამბო, რომ დანიშნული ძმა ასე დაეკარგა და იპოვეს ძვლები, მიაბარეს პატარა თონეთის – დვალთის მიწას და ჩამოვიდა კვლავ ქალაქში ზალიკო, დაიწყო შრომა, ხომ უნდა იცხოვროს.

აკაკიზე ძალიან უმოქმედია ამ ამბავს. მეორე ჩასვლაზე რომ ჩავიდა ზალიკო, მან ეს ლექსი დაახვედრაო. ოღონდ ეს ლექსი იწყებოდა “ჩემი ძმის საფლავს ვეძებდი, ვერ ვნახე დაკარგულიყო”. ისე იმოქმედა ამ ამბავმა ჩემზე, ვერ გავძლებ და ოჯახში აუცილებლად ამოვალ სამძიმრის სათქმელად იმდენი ხნის ნაცნობობა და ახლობლობა გვაქვსო. ის ქალიშვილიც მაინტერესებს თუ ვნახავო და მართლაც არიან მოწმეები, ვინც ნახა აკაკი ამ სოფელში. ყვებოდა ერთი, 12-ის ვიყავი, როდესაც ეტლით აკაკი შემოვიდა დვალთაში, მიიღო სოფელმა დიდი პატივით, მოითხოვა სულიკოს საფლავზე წასვლა და იქ ის მტირალი გოგო დაუხვდაო. მერე ლექსი გადააკეთაო “ჩემი ძმის საფლავს ვეძებდი” აღარ იყოო “საყვარლის საფლავს ვეძებდიო”. გაუბედურებული და განადგურებული გოგო რომ ნახა, ძალიან იმოქმედაო. ეს ლექსი “ჩემი ძმის საფლავს ვეძებდი” სწორედ ამ საფლავზე წაიკითხა აკაკიმო.”