ხევსური პოეტი გაბრიელ ჯაბუშანური 54 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა არაჩვეულებრივი შემოქმედების დატოვება მოასწრო.
“არტ ინფო” მის ერთ-ერთ ლექსს გიზიარებთ:
“ვაჟკაცური ძახილი
მომეცით ხმალი დამახურეთ თავზე ჩაჩქანი,
მომგვარეთ ლურჯა უხედნელი, გიჟი, უბელო,
არც თანამგზავრი მინდა ვინმე მივალ საჩქაროდ,
მხოლოდ მეგზურად მეყოლება მრუმე ღრუბელი.
უთქვამთ ვიღაცებს თითქოს ვაწყობ სიტყვებს ცარიელს,
ვითომ საქმით კი არ შემეძლოს სხვებთან დადგომა,
ვითომ სუსტი ვარ, უღონო და ბედდაცარული
და გამიჭირდეს გავაცხადო ჩემი ნათქვამი.
მივალ საზღვარზე ავი სიტყვით შენარხევ სულით,
ვანანებ, ვინაც ჩემი ქვეყნის მზეს ერქინება,
მე თქვენ გაჩვენებთ, როგორ ხმარობს მახვილს ხევსური,
და როგორ მღერის, როცა მოსულ მტერს ერკინება.
მომეცით ხმალი – თავს ვანებებ ლექსთა მოყოლას,
მინდა საქმითაც დავამტკიცო მღერა ქველური,
მარტო ვიბრძოლებ, როგორც ძველად ქისტი ჯოყოლა,
რომ ყველა ყბედებს დავუმოკლო ენა გველური.”