ნუგზარ შატაიძე თბილისზე

მწერალმა ნუგზარ შატაიძემ – გახმაურებული სერიალის “ცხელი ძაღლი” სცენარის ავტორმა – თბილისზე პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერი შემოგვინახა:

“…ეს ქალაქი ჩემი მეგონა. ჩემი მეგონა ეს ქუჩები და ძველი სახლების სადარბაზო შესასვლელები, სადაც ერთთავად საამო სიგრილე დგას, იატაკის მოზაიკაზე კი უცხო, მაგრამ თბილი და ალერსიანი სიტყვა SALVE წერია. ის უცნაური სურნელიც ჩემი მეგონა, მხოლოდ აქ, ამ უძველესი ქალაქის ქუჩებში რომ ტრიალებს, ქალაქისა, რომელსაც დასაბამიდან თბილისი ჰქვია, მაგრამ რატომღაც ყველანი, უბრალოდ “ქალაქს” ვეძახით. არადა, თურმე, მორჩა, თბილისი მომკვდარა და ახლა მხოლოდ შორეული სიზმარივითღა თუ გაგახსენდება შენი მშობლიური ქალაქი – რაღაც სხვანაირი, სხვა იმედის შუქით გაცისკროვნებული და იქნებ ათასნაირი საზრუნავით შეჭირვებული, მაგრამ მაინც მხიარული, ბედნიერი და თავისუფალი. მიუხედავად იმისა, რომ ახლა აქ უფრო მეტი ხალხი ცხოვრობს, ვიდრე ამ ორმოცდაათი, ან თუნდაც, ათას ხუთასი წლის წინ, მაინც დაცარიელებულა და ახლა მის მიუსაფარ და უკაცრიელ ქუჩებში შიმშილისაგან გაცოფებული ძაღლებიღა დაწანწალებენ…”