ნათია ფანჯიკიძე ქორწინებასა და სიყვარულზე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ადამიანებისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხზე – ქორწინებასა და სიყვარულზე ძალიან საინტერესოდ საუბრობს:

“XX საუკუნის მეორე ნახევრამდე ქორწინება გახლდათ გარიგებით – ანუ უცნობი ადამიანების და შემდეგ იწერებოდა სევდიანი სიმღერები “შენ ეზოში გადმორგული ხე ვიყო”, “ღამეს ალუბლის ტოტზე გავათევ”, “ახ, ნეტავი შენ ზღვა იყო, მე ნავი ვიყო” დატვირთული ფროიდისტული სიმბოლდოებით, აქ ჩნდებოდა დაძაბულობის ველი, რომელიც გრძნობებს ანიჭებდა სიმძაფრეს, გადაუჭრელ დილემას ქმნიდა და ეს გადაუჭრელი დილემები მშვენიერებად გვიბრუნდებოდა ლიტერატურულ ტრაგედიებში.
დღეს სიყვარულზე წერას რა აზრი აქვს აღარც კი ვიცი, იმიტომ რომ აღარ არსებობს დილემა – ვინც გინდა გიყვარდეს, სადაც გინდა იყავი, ვისთანაც გინდა სექსი გქონდეს, რაის ანა კარენინა, რაღა დროს ეგ არის… რაღა დროს დახანჯვლაა, თუმცა, მიუხედავად ამისა, დახანჯვლა მაინც ხდება – ფემიციდი რა დონეზეა, ვხედავთ. იმიტომ რომ მაინც ჯერ კიდევ გარდამავალი პერიოდია, მაგრამ ნელ-ნელა სიყვარულის დაძაბულობის ველი მცირდება და ნეიტრალდება.

აქ ყველაფერი მძაფრად განიცდება, იმიტომ რომ ჩვენ ბორკილების მსხვრევა დავიწყეთ დღეს. ეს კი მტკივნეულია, გტკივა მოჭერილი რომ გქონდა ბორკილები, ასე იოლი არ არის ამ ყველაფრის გარდაქმნა, როდესაც გუშინ ქათამივით მიგაცუნცულებდნენ ისე, რომ აზრი არც კი გკითხეს გინდოდა თუ არა გათხოვება და აკვნიდან ოჯახის შექმნა.
როგორც კი სიყვარულით ქორწინების უფლება მიენიჭათ ადამიანებს, სწორედ მაშინ დაიწყო ოჯახების უფრო ინტენსიური ნგრევა, რადგან სიყვარულით არჩეულ პარტნიორებს ერთმანეთის მიმართ ჰქონდათ ორმაგი მოლოდინი, რომ შენ უნდა იყო ყველაფერი – ოჯახიც უნდა არჩინო, შვილებიც უნდა დაიცვა, განათლებაზეც უნდა იზრუნო, მე უნდა ვიყო პრინცესა. ეს ჯერ კიდევ იმ პერიოდს ვგულისხმობ, როდესაც ქალის ქალიშვილობა ძვირად ფასდებოდა, მამაკაცის მხრიდანაც მსხვერპლს მოითხოვდა, მსხვერპლი იყო შრომა-გასწორების რეჟიმი, ფაქტიურად აზიური რეჟიმი – ოქროებში უნდა ჩამსვა რამდენადაც შეგიძლია, თუ ვერ შეძლებ, მაშინ შენ კაცი არა ხარ, იმიტომ რომ, აბა, მაშინ რისთვის ვარ მე შენთან, ესეც თუ ვერ გააკეთე?! იმიტომ რომ მუსულმანურ საუკეთესო ტრადიციებშია – ყოველ კაცს გარეთ გასვლის და ნადირობის სრული უფლება ჰქონდა.

ეს მოდელი მოითხოვდა, რომ რადგან სიყვარულით აგირჩია, აღარ არის საკმარისი, შენ გაინავარდე, სადაც გინდა წაბრძანდი – “კაცია, გაინავარდებს და მოვა უკან”. ძველი ქალების მოთმინება, რომ გაინავარდებს და დაბრუნდება, გარკვეულ ხალხურ სიბრძნეს ეფუძნებოდა. სტატისტიკურად კაცები თითქმის არასდროს ანგრევენ ოჯახს, ქალმა თუ არ გააგდო, ისე არაფერი გამოვა. ე.ი. ქალის პანჩურით არის გამოყრილი ყველა, ვინც გამოყრილია ოჯახებიდან.

როგორი შეიძლება იყოს XXI საუკუნის ოჯახი? როდესაც წყვილებმა აირჩიეს ერთმანეთი სიყვარულით, განჩდა ორმაგი პრეტენზია: ქალებმა დაიწყეს – ნამდვილი კაცი ოჯახში შემომტანი უნდა იყოს, ნამდვილი კაცი, ნამდვილი კაცი – ათასი კატასტროფა, რაც მიეწერება “ნამდვილ კაცს”. არავითარი ინდივიდუალიზმი, არავითარი ღირსებების, შესაძლებლობების გათვალისწინება, სრული დავიწყება იმისა, რა მომენტში შეგვიყვარდა ერთმანეთი და რა იყო ის მთავარი, რამაც ჯადოსნური წუთი შექმნა. ამ ჯადოსნური წუთის გაფრთხილება ძალიან უჭირთ ხოლმე ადამიანებს. ის საწყისი მომენტი ავიწყდებათ და გადავლენ ხოლმე ყოფიერებაში, მით უმეტეს იმ კულტურაში, სადაც არ აქვს ყველა წყვილს საშუალება, რომ ცალკე დაიწყოს ცხოვრება და ზოგჯერ დისტანციაზეც დედები თავს ესხმიან რძლებს და რძლებიც ჩაბმულნი არიან დედებთან ბრძოლაში. აბსოლუტურად სხვაგან გადადის ფრონტი და იწყება ტრაგედიები. მერე ამბობენ, რომ ყოფა-ცხოვრებაში იკარგება მომხიბვლელობა. სინამდვილეში ახალდაქორწინებულ წყვილს არ აწყენდა ტრენინგი რას უნდა მიექცეს ყურადღება და რას სჭირდება გაფრითხილება, თუკი სიყვარულის შენარჩუნება არის მთავარი.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ სიყვარულით ნებადართულმა ქორწინებამ ვერ გაამართლა სიყვარულისთვის. თუკი რომანტიკული სიყვარული პრაგმატულ სიყვარულში გადაიზრდება და ეს დაწყვილდება, მაშინ საქმე არის იდეალურად. ეს ძალიან რთულია, იმიტომ რომ ასეთი ბევრი საერთოც წყვილს არ აქვს, ან ვერ ახერხებენ მეგობრებად და თანამებრძოლებად ჩამოყალიბებას. იმ ოჯახებში, რომლებშიც ბევრი თავგადასავალია და ბევრია საბრძოლველი, ქორწინება უფრო მდგრადია, იმ ოჯახებში, რომლებსაც მოლოდინები გაუცრუვდათ, იმიტომ რომ, აი, შენ თურმე კიდევ სხვა ქალს გახედე, აი, შენ თურმე რაღაც ვერ შეძელი, იქ უკვე ძალიან მარტივად იმსხვრევა ურთიერთობები.
არის კიდევ ერთი ცუდი ტენდენცია ის, რომ ცნობიერების გარდამავალ პერიოდებში ძალიან ხშირია ადამიანების მსხვრევა, რადგან რევოლუცინერები მეტად ზიანდებიან. როგორც კი ქალებმა მოიპოვეს თავისუფლება და მიიღეს კაცებისგან ერთგვარი დაკვეთა – თუ თანასწორები ვართ, თუ ერთნაირი მორალური სასამართლო უნდა გვქონდეს, დრო არის გვქონდეს თავისუფალი სექსი და არ ველოდოთ ქორწინებას, ასეთ შემთხვევაში საკმაოდ გაუჭირდათ ქალებს, იმიტომ რომ საბოლოოდ მაინც მოელიან სიყვარულს, მოელიან ერთადერთობის აღიარებას და მათზე ძალიან ცუდად მოქმედებს შემთხვევითი და ხშირი კავშირები.

ახალგაზრდა ქალებისთვის და კაცებისთვის პირველ ეტაპზე შეიძლება ჰორმონები, ბიოლოგია, ცნობისმოყვარეობა იყოს უფრო მეტად წარმმართველი, გარკვეული ასაკის შემდეგ კი, უკვე ყველა ადამიანს სჭირდება ფსიქიკური კავშირიც, ანუ სულიერი კავშირიც თავის წყვილთან, იმიტომ რომ მაშინ არასდროს სექსუალური ცხოვრება არ არის სრულყოფილი, თუ არ გამოსცადე, რას ნიშნავს გიყვარდეს. გიყვარდეს უკვე ძალიან საინტერესო რამეა, როგორც კი გიყვარდეს გადავა ოჯახურ ცხოვრებაში, ძალიან ხშირად სწორედ ეს ეროტიული როლი აღარ არის ხოლმე მოვლილი.

როდესაც სარა ეუბნება მოშეს, ყოველთვის შენს გვერდით ვიყავი როცა გიჭირდა, ეს ტრაგედია გქონდა, ის ტრაგედია გქონდა, არავინ შენ არ გიცნობდა, არავინ შენს გვერდით არ იდგა და სულ მე ვწიე ჭაპანი, ახლა რატომ მტოვებ, ახლა რატომ ვანგრევთ ურთიერთობასო. მოშე ეუბნება, ყველა უბედურებას შენ მაგონებ, ჩემო სარა, და იმიტომო.
ძალიან მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ასოცირება საკუთარ თავთან. როგორც კი ვიწყებთ მეწყვილის დადანაშაულებას, აუცილებლად საჭიროა კრიტიკა – ჩვენ როგორები ვიყავით და როგორები გავხდით, არა გარემოს დადანაშაულება, არამედ საკუთარი თავის.”