14 მაისი, 2023

ნათელა ურუშაძე მედეა ჯაფარიძეზე

თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძე ქართული თეატრისა და კინოს ულამაზეს და უნიჭიერეს მსახიობზე მედეა ჯაფარიძეზე საუბრისას, ყველაზე ხშირად მასთან პირველ შეხვედრას იხსენებდა:

,,პირველად მედეა ჯაფარიძე ვნახე არა სცენაზე, არამედ ცხოვრებაში, დიდი ხნის წინ… ზაფხული იყო, რუსთაველის გამზირზე მოვდიოდი და უცებ – არაამქვეყნიური მშვენიერება! მას ეცვა სადა თეთრი კაბა, ხელში ერთი თეთრი ყვავილი ეჭირა. მაღალი არ იყო, მაგრამ ყველა, უკლებლივ ყველა, მთელი ქუჩა მას უცქერდა. ეს ქართული ხატის მსგავსი, თეთრად მოსილი არსება ანათებდა თბილისური ზაფხულის დღის სიჭრელესა და ხალხმრავლობაში. იმ დღეებში ყველას ის ეკერა პირზე, რომ თბილისში გამოჩნდა კიდევ ერთი მზეთუნახავი – მედეა ჯაფარიძე.

როცა მის სილამაზეზე ლაპარაკობენ, არ სიამოვნებს, ურჩევნია მის შემოქმედებაზე ილაპარაკონ, ავიწყდება, რომ ასეთი იშვიათი სილამაზე – ბუნების შემოქმედებაა. ისიც ავიწყდება, რომ მისი გარეგნობა არაა მხოლოდ სახის ნაკვთების ფაქიზი ნახატი. ეს ნახატი მისი მფლობელის შინაგან თვისებას გამოხატავს, იმას, რაც სისხლხორცეულადაა დაკავშირებული მსახიობის შემოქმედებით თვისებებთან.”