24 მაისი, 2023

ხვიჩა ყალაბეგაშვილი: “გინდათ სრული სიმართლე?”

კითხულობს მწერალი და გამომცემლობა “კალმოსანის” დირექტორი ხვიჩა ყალაბეგაშვილი და თითოეულ ჩვენგანს მეტად საყურადღებო წერილს გვთავაზობს:

“გაბანკნოტებული პოლიტიკური სპექტრი

გინდათ სრული სიმართლე? რაც შეიძლება არ მოგეწონოთ… ერთი, რომ კახეთიდან ვარ და ჩემ მხარეს ვიცნობ ბავშვობის მეგობარივით; და მეორე, თუ საკითხი ზუსტად არ ვიცი, უზუსტესად, გამორიცხულია მტკიცებით ფორმაში ვთქვა რამე… ყვარელში რომ რუს ღორებს დახვდნენ, ორ საუკუნოვან მტერს რომ ფეხქვეშ გაეგნენ და მონურად იფორთხეს, ზუსტად ასე მოიქცევა კახეთის მოსახლეობის 30-40%, მათ შორის ჩემი უახლოესი ხალხი, რომლებზეც შეიძლება გული ამერიოს, მაგრამ წიხლს ვერ ვკრავ, ვერც თქვენ… კაი, ორი აზრი არ არის, რომ ეგ სასტუმრო/რესტორანი გასაშავებელია, მე თუ მკითხავთ შემოსაღობი და ბოსლად გადასაკეთებელი, მაგრამ იმ 30-40%-ს რას უშვრებით… ვიღაც მარცხენაში კაპუჩინომმარჯვებული, აიფონმერაღაცამდენე პროთი იკითხავს – ,,პატრიოტიზმი”, ,,ღირსება” ,,პრინციპები”… რაც თავი მახსოვს ჩემი ოჯახი, მთელი სოფელი და მთელი კახეთი 5-6 საათზე იღვიძებს და 7-8-ზე ბრუნდება ჯაფით ქანცგაწყვეტილი, ისე, რომ მაინც შიათ, მაინც არაფერი აქვთ, მაინც ვერ აძლევენ შვილებს განათლებას…

პოლიტიკოსების და ელიტის პრობლემა არის ის, რომ წარმიდგენა არ აქვთ სინამდვილეში რა განწყობებია მოსახლეობაში და თან გლეხები ჰგონიათ შტერები… იცით, რას გეუბნებიან, როცა უხსნი, რომ რუსებთან ვაჭრობა ცუდია… მიშამ მიყიდა ყველა რესურსი რუსებს, მოუხსნა სავიზო რეჟიმი, ბიძინა რუსეთის კაცია, ხოშტარიებს და ოპოზიციონერებს დღემდე ურიცხავს მოსკოვი ფულსო და მე რომ ატამი მივყიდო რუსს, მარტო მე ვარ მოღალატეო… უხსნი, რომ ჩვენ ყველას, ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს… იღიმება და გპასუხობს, რომ მას თავის მშიერ შვილთან აქვს პასუხისმგებლობა და დღეს თუ მოუკვდა შიმშილით, ხვალ სულ ერთია რუსეთში გაიღვიძებს, ამერიკაში, თუ ევროპაში…

შარშან ყურძენი 90 თეთრი ღირდა, წყალზე იაფი (7-8 ოპერაციაზე არ მოვყვები, ვერ გაიგებთ, მარტო 8-10-ჯერ შეწამვლა ჭირდება, არც შეწამვლის ფასებზე შეგაწყენთ) არ დაგვავიწყდეს, რომ გვაქვს სუბსიდირების მავნებლური პრაქტიკა, მთავრობა გლეხს ჯიბიდან უღებს ფულს, მეორე ჯიბეში უდებს და ატყუებს, რომ ქარხანამ გადაუხადა. ქარხნები, რომლებიც მუდმივად ხელისუფლების გაგრძელებაა, ხალხის ბიუჯეტის ფულით ყიდულობენ ყურძენს, აწარმოებენ ნაგავს და ყიდიან რუსებზე, სულ ასეა 30 წელია… ვინმე იტყვის სხვა კულტურებს მიხედონო… არ არსებობს ოჯახი, ყველაფერი რომ არ ეცადა, მე მაგალითად, ყველა კულტურა მაქვს ნათრევი ბაზარში და მთელი წლის შემოსავალი ბინის ქირზეც არ მყოფნიდა ხოლმე… ვინმე უდგას ამ ხალხს გვერდით? ვინმე ეხმარება როგორ აწარმოონ კარგი ღვინო და გაყიდონ ევროპის ბაზარზე? ვინმეს ახსოვს ეს ხალხი, გარდა არჩევნებისა, როცა პოლიციის ხელქვეითი ,,განაბები“’ და პარტიული ყბედები გამოიშლებიან ხოლმე…

აგერ გეუბნებით, რომ სასტუმრო და რესტორანი კი არა, კახეთის მოსახლეობის 30-40% მიიღებს და უცეკვებს რიგით რუს ღორს, იმიტომ, რომ შვილები გამოკვებოს… კაი, ამ ხალხს არ აქვთ იმდენი ინტელექტი და პრინციპები მტერ-მოყვარე გაარჩიონ… 30 წელია ვინმე დაუდგა მათ გვერდით, რომ შიმშილით სიკვდილსა და რუსების ღიმილს შორის არ ჰქონოდა არჩევანი გასაკეთებელი?!

ვინ უნდა ელაპარაკოს ამ ხალხს? მამუკა ხაზარაძე, რომელსაც ჩვენი ნახევარი სოფელი აქვს ნაყიდი, ხალხისვე ფულით ეფექტურ 36%-ად; ნათელაშვილი? რომელსაც პარტიული საქმიანობის გარდა არაფერი უკეთებია და რამდენიმე მილიონის უძრავ ქონებას ფლობს; ნაც. მოძრაობა, რომელმაც ვიზები მოუხსნა რუსეთს, რუსეთში გამილიონერებული ნაყოფია ჰყავდა მმართველად?! ხოშტარია, რომელიც რუსული ფულით ბინებს ყიდულობს?! ვაშაძე? თავად რომ აქირავებს რუსებზე ბინებს?

ბიძინასთან და მის მონებთან ყველაფერი გარკვეულია, ახლა რომ ვინმე ამ პარტიას უჭერს მხარს, ბოლო დონის ნაძირალაა, ღირსია მთელი ცხოვრება სულში აფურთხო და ასეც იქნება, მაგრამ ამ რუსეთთან მოვაჭრე და რუსეთის მოიმედე ხალხს, 30 წელია ვინმემ რამე ალტერნატივა შესთავაზა, გარდა შიმშილისა? არ თქვათ არ შეეძლოთო… ყველა, ვინც პოლიტიკაში იყო მრავალმილიონიან კაპიტალს ფლობს… ამ მშივრების ქვეყანაში პარლამენტარების, მინისტრების, მოსამართლეების, სამღვდელო იერარქების 80% მილიონერია 30 წელია…

თუ ვინმე არ არის დამნაშავე ჩვენს მონურ სირცხვილში, დამნაშავე არ არის ხალხი… ის, რაც ახლა ხდება, ბოლშევიკების პერიოდზე საშიშია, ეს კი სწორედ პოლიტიკოსების და იმ ვერგამძღარი კაპიტალისტების ბრალია, ვინც 30 წელი მოსახლეობას მხოლოდ სამ არჩევანს უტოვებს: უცინონ ოკუპანტ მტერს, მოსამსახურედ დაუდგნენ ევროპელს, ან იშიმშილონ და იავადმყოფონ…

კი, მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა დაუშვა ეს ყველაფერი, ყველამ ერთად…

ამათ ჰგონიათ ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში რომ შეიკეტებიან, უკრაინის დროშას დაიჭერენ, შუბლზე ,,ბიძინა მონაა”-ს მიიწერენ, მორჩა, მაგით ამოიძირკვა რუსეთი…

აბა, ჩადით სოფლებში და იკითხეთ რა უჭირთ, თქვენზე რას ფიქრობენ, რუსეთზე რას ფიქრობენ…

ააა, გეზარებათ?

ცხოვრებისგან სიქაგამძვრალ მოქალაქეს არ უნდა დაეზაროს ხო აქციაზე მოსვლა, რომ მოუხმობთ ბიძინა გადმომაგდებინე და მე ავძვრები ბიუჯეტის გასაღებთანო…

საუბედუროდ, ყველაზე მავნებელი, საშიში და ბოროტი ძალა ივანიშვილის და მისი გარუსებული მონების სახით ისეთ დროს დაგვატყდა, როცა მთელი პოლიტიკური სპექტრი გაბანკნოტებულია, როგორც მორალურად, ისე ინტელექტუალურად… ერთი ახალგაზრდების ნაწილის მეიმედებიდა და მაგათაც ვუღალატეთ, აქეთ ჩვენ უფროსებმა და იქით თანატოლებმა, რომლებიც ღარიბაშვილის დაკრულ დრაკონებზე გადიხსნებიან, მაშინ როცა ლაზარე დღემდე პატიმრობაშია…

ახლა, ამ 30-40 წლიანი ტანჯვისთვის, უბედურებისთვის, სირცხვილისთვის მეცოდება ჩემი ხალხი, თორემ საქართველო იყო, არის და იქნება, სანამ იარსებებს სახელმწიფოებრიობა პლანეტაზე, იმიტომ, რომ სამყაროს ვჭირდებით, რაღაც მნიშვნელოვანის ნაწილი ვართ, რუსეთისგან განსხვავებით, არც გავქრებით, არც გადავშენდებით, იმიტომ კი არა, რომ ყველაზე მაგრები, ან ჭკვიანები ვართ, სამყაროს ფაზლში რაღაც როლი მოგვენიჭა…

გაძლება გვქონდეს და ეს გაძლება არის, მინიმუმ გულწრფელი საუბარი ერთმანეთთან, პროტესტი, ღიაობა, უკომპრომისობა…