20 მაისი, 2023

კატო ჯავახიშვილის საუკეთესო წერილი

პოეტი კატო ჯავახიშვილი საუკეთესო წერილს გვიზიარებს:

“როდის ვიქეცით ნაგავსაყრელების ქვეყნად? პლაკატურად ავიფარეთ ჩვენი წარსული, ისტორია, ადამიანები, რომლებმაც ეს ქვეყანა შექმნეს, ნაგავსაყრელზე წამოვწექით და დაგვინახეთო, ვუთხარით სამყაროს? როდის მოხდა ის, რომ ყვირილის საქართველო შევქმენით? წიოკის, ღმუილის, ბღავილის საქართველო, ისტერიკის საქართველო, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სინამდვილესთან?

ეს საქართველო მე ძროხების ფერმას მაგონებს, იცის, ჰა და ჰა, ყელი რომ უნდა გამოჭრან და მაინც იმისი ხელიდან ჭამს ბალახს, ვისი როზგიც უგემია, ვისაც მისი ხბო დაუკლავს, თავად კი, რადგან ჯერ მეწველია – დაუნდია და მისი ხორცად ქცევა გადაუდია. მაშინ გამოჭრის ყელს, როცა მოუნდება – შესაბამის დროს, შესაბამისი მიზეზით. და ჩვენც, ამ ძროხასავით, სიკვდილის მოლოდინი რომ ჩასდგომია გაფართოებულ თვალებში, ერთი დღის გადაგორებას ვნატრობთ. ერთი დღის თივას, წყალს, ერთი დღის საბძელს, სხვა ძროხისთვის ყელის გამოჭრას ერთი დღის სიცოცხლის სანაცვლოდ. „ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო“ – და გადავაგდეთ ერთი შვილი, მეორე, მესამე, – მთავარია, როგორღაც გადავრჩეთ. გადაშენებადი ერი – გადაშენების კატასტროფის წინაშე. მთავარია გადარჩეს ჩვენი ხბოს აღტკინება – რძე, რომელიც ყველს ამოიყვანს და ხაჭაპურს დააცხობს, და ამისთვის თუ საჭიროა ჩვენი შვილების მეგობრების ახალი ხორცი, რომლიდანაც მწვადის საამო სურნელი დატრიალდება, ჩვენი დის გულ-ღვიძლი, იქით ქუჩაზე მცხოვრების სხეული ხინკლის ცომის მოსაზელად, – ამაზე წავალთ, ასე ხომ გადავადდება ჩვენი განწირული ბღავილის ხმა, სიკვდილი, როგორც დროითი მოცემულობა. მაგრამ ამ გადარჩენაში თუ ღირსებაც გვინდა შევინარჩუნოთ, ეროვნულობაც, კულტურაც, როგორ მოვიქცეთ? როგორ მოვიქცეთ თუ რუსთაველის ქვეყანა ვართ და დიახაც, გადარჩენის ღირსები ვართ?

თავლის მეპატრონე დღეს კარგ ხასიათზეა, ნაკვებია, წყურვილი არ ახრჩობს, სეირნობის ხასიათზეცაა. და ჰა, დაინახა! გვიცნო! მოეწონა ჩვენი მიწოდებული ხორცეული, ჩვენი შეთავაზებული სისხლი, რუსთაველის ციტატაც ისწავლა, ახალ, უფრო დაცულ თავლაში გადაყვანითაც დაგვაიმედა. შვილსაც დამიბრუნებს? – ფიქრობ შენ, ჩემს მოკლულ მამასაც? მამას ვერა, მაგრამ მისი საფლავის დაბრუნებას შეგპირდება და კმაყოფილი დარჩები, სულ არაფერს ხომ სჯობს.

ევროპის მრავალ ქვეყანაში შეგხვდებათ რუსი ეროვნების ხალხი, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ეს ხალხი ამინდს ვერ ქმნის, მათ ეს ქვეყნები თავის დაკრულზე აცეკვებენ. ჩვენთან? „ეროვნული ინტერესების დაცვით“ მოქმედებს ამ ქვეყნის ყველა გამყიდველი. ეროვნული ინტერესების დაცვას ამოეფარა იასე ფალავანდიშვილი 1832 წელს, ეროვნულ ინტერესად უთვლიდა სერგო ორჯონიკიძეც ამ ქვეყნის გადაშენებას, ეროვნულ ინტერესების დაცვით ვეპატიჟებით ამ ხალხს ხბოს დაკვლის საზეიმო მეჯლისზე.

დააკვირდით ადამიანებს, როგორ საუბრობენ, დააკვირდით პოლიტიკოსებს. დააკვირდით ჩვენი მთავრობის წევრებს და მათ სამოსს, საათებს, გადაადგილებებს, ცამდე აზიდულ კისრებს, დააკვირდით ოპოზიციას, ძალაუფლების ხელში ჩაგდების წყურვილით შეპყრობილ მეორე მხარესაც, და შეადარეთ დასავლეთს. სინამდვილეში უდიდესი უფსკრულია. მაგრამ ეს ხალხი ხომ ჩვენი წიაღიდან ამოიზარდა, ბღავილის, ღმუილის, ყვირილის საქართველოს შვილები არიან, სწორედ ამიტომ ვეპატიჟებით ძროხის დაკვლის საზეიმო მეჯლისზე სწორედაც რომ რუსეთს, ქვეყანას, რომელსაც ჩვენი ჩიჩია ყველაზე მეტად უნდა, ჩვენი ღვინო მეტად მოსწონს, ჩვენი შავი ზღვა მეტად აღაგზნებს.

მაშ რა ვქნათ? ხბოს დასაკლავ მეჯლისზე ტუჩები არ უნდა გავილოკოთ, ქონიანი ხელები როგორღაც გავისუფთავოთ, ადამიანები უნდა გავხდეთ, როგორღაც ქვეყანად ვიქცეთ. ისე მენანება ჩემი გაუპატიურებული საქართველო. მენანება ჩემი პლაკატად ქცეული ისტორია, აგერ შვეიცარიის არქივებში რომ მხვდება და ტირილი მინდება. და მენანება ყველა ადამიანი, ვისაც ეს ქვეყანა მართლა უყვარს. თავად ქვეყნისთვის და არა საკუთარი თავისთვის.”