ზვაიდ გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ პირველებმა დაბეჭდეს ვაჟა-ფშაველას 1909 წელს დაწერილი ნაკლებად ცნობილი ლექსი, რომლის ისტორიასაც კონსტანტინე გამსახურდია გვიზიარებს:
“ვაჟა-ფშაველა ამ ნაკლებად ცნობილ ლექსში, რომელიც რუსეთელ
რევოლუციონერს და სოცდეკს მიუძღვნა, ერთი ნიუანსია: ევროპა განა ცუდია. იგი ვაჟასთვის, ისევე როგორც ილიასთვის, მოწინავე პოლიტიკური თეორიების და თანამედროვე მეცნიერების მშობელია. ცუდი და მავნეა “უმ-უმი უცოხნ-უღეჭი”, ფრაზების და ეფექტების დონეზე ატაცებული, არასიღრმისეული, გაუაზრებელი ფსევდოდასავლურობა.
ეს ლექსი პირველად ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ გამოაქვეყნეს თავიანთ თვითგამოცემაში “ოქროს საწმისი”.
***
“შენ, ეი ძმობილო, თმა-გრძელო,
ტვინ-თხელო, წვერებ-ცანცარა.
ჭკუაზე მოსვლის მაგივრად
გადაირიე თანთანა.
ჰმიეთ-ჰმოეთობ, სჯახირობ,
ამბობ რაც არი, რაც არა,
ჰმეგობრობ ალი-მუსიას,
ნამწყრალევად ხარ ძმასთანა.
სამშობლოს ზურგი აქციე,
რადგან კუდი გაქვს სხვაგანა.
აჩუქებ საქართველოსა,
თუ ვინმემ დაგიკაკანა,
ძმობა-ერთობას დაგპირდა
და ღვინით პირი დაგბანა.
დედას მანდილი მოჰხადე,
ცოლს გაუყიდე კაბები,
ღვიძლ-შვილებს სიმშილით ჰხოცავ,
გარეთ გაჰზიდე ტაბლები.
მსმენელთა სმენა ვალდების,
ისეთი შეჰქმენ ამბები.
აბლაბუდასებრ გააბი
ცილის და ჭორის ძაფები.
საქვეყნო დარდად გაჰხადე
შენ საკუთარი დარდები.
სენისგან ქვეყნის მკურნალო,
თვით როდის გაგვისაღდები?
ფილოსოფოსის სახე გაქვს
და დონკიხოტის კანჭები.
გიწყვია ჯიბე-უბეში
ევროპიული აზრები,
უმ-უმი, უღეჭ-უცოხნი,
მაღალი სორტის ფრაზები,
პროლეტარობის დოგმები
და საქანქარო გაზები!
ვაი ჩვენს ხოდაბუნებსა,
ვაი საბრალო ვაზები!
სადუნიაოდ გაჰხადე
მამათა დანათესია,
მთა-ბარი სისხლით მორწყული;
იმიტომ გითხარ ლექსია.
გაიგე, მოდი ჭკვაზედა,
შეიგნე, არ ხარ მესსია!
იმიტომ საქართველოში
თანთან გიხმება ფესვია.
რომ მოხდებოდა ეს ასე,
ადრევე დაგიკვესია.
უტიფრობაში ჩამიგდე,
ეხლა ჰზიხარ და ჰკვნესია.
ხანდახან, ვგონებ, ამბობდე:
“რად მომივიდა ესია?”
ეგ დღე მოელის, ბუნების
ვინაც არ იცის წესია:
ვის გინახიათ, მითხარით,
მთაში მოსული ნესვია?!”