ალექსანდრე მიშელაშვილი ქართულ კულტურაში ყველასგან გამორჩეულია. მისი პატარა, მაგრამ უაღრესად ღრმა და საინტერესო ჩანაწერები გულგრილს არავის ტოვებს.
“არტ ინფო” გთავაზობთ ალექსანდრეს ჩანაწერებს, რომლებიც თავისუფლებას ეძღვნება:
“ჯაჭვზე
გაზრდილ
მგელს
ნადირობა
არ უსწავლია,
აბა
როგორ
არ
შეაშინებს
თავისუფლება?!
***
ჰკითხე ამ ჩიტებს,
ამ ყვავილებს,
თუ რა რისკია
თავისუფლება:
ქოთნის ყვავილებს
ფეხს არავინ
არ დააბიჯებს,
შურდულს
არავინ დაუმიზნებს
ამ ჩიტებით
სავსე გალიას.
***
ჰკითხე
ამ თაფლზე
დაწებებულ ბუზს,
ღირს კი საჭმელზე
გადაცვლილი
თავისუფლება?!
***
სადაც
ჩურჩულზეც
შეიძლება
ზვავი
დაიძრას,
იმ
მთებში
ვეძებთ
თავისუფლებას.”