საბედისწერო დღე მალხაზ გორგილაძისთვის

მსახიობმა მალხაზ გორგილაძემ მხოლოდ 58 წელი იცოცხლა და ამ დროში ათასობით ადამიანმა შეიყვარა.

ხელოვანი რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა გაიხსენა:

“დღეს 85 წლის გახდებოდა. ეს ციფრები რომ შევაბრუნოთ – ზუსტად 58 წელი დაჰყო ამ ქვეყანაზე.

ვიდრე ცოცხალი ვარ, არასდროს დამავიწყდება კახი კავსაძის განწირული ღრიალი 96 წლის 1 იანვრის გამთენიისას, სწორედ მაშინ, როცა ჯერ კიდევ ქვეყანა ახალი წლის შემობრძანებას აღნიშნავდა, რუსთაველის გამზირზე მალხაზ გორგილაძე ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა.

დაუჯერებელი იყო ამ ღიმილიანი კაცის ასეთი უეცარი გაქრობა, კაცის, რომელმაც დატოვა უდიდესი სიყვარული და დღემდე მოუშუშებელი ტკივილი. საოცარი გულისხმიერებით, საოცარი სითბოთი და კეთილგანწყობით იყო გამსჭვალული ყველას მიმართ. სულ ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.

ძალიან ახალგაზრდა იყო – ასაკითაც და სულით ხომ კიდევ უფრო ახალგაზრდა, ვიდრე ასაკით. განა ვინ ვიყავით მისთვის 21-22 წლის გოგო-ბიჭები მარჯანიშვილის თეატრში რომ მივედით და თანატოლივით გვერდში რომ ამოგვიდგა? არ არსებობდა სიტუაცია მაგალითის მიმცემი არ ყოფილიყო. მაგალითის – რაინდობაზე, სიკეთეზე, სიყვარულზე.

გიჟი მამა იყო – ეს ყველასთვის ცნობილია და რადგან უფრო მეტ დროს თეატრში ატარებდა, ვიდრე ოჯახში შვილებისადმი მზრუნველობის, მათი მონატრებისა და სიყვარულის დიდ წილს ჩვენც, მისი ქალიშვილების თანატოლებს გვიზიარებდა. თუ ყურს მოკრავდა, რაღაც გროშებს რომ ვაკოწიწებდით საქეიფოდ, არც გვეტყოდა ისე ჩუმად გაგვეპარებოდა, ღვინოს მოგვაშველებდა და გაქრებოდა. მეორე დღეს მადლობას და საყვედურს ერთად რომ “ვაახლებდით” რატომ მიგვატოვეთო, მე სპორტსმენი ბიჭი ვარ, თქვენნაირი ლოთი კი არ ვარო, თვითირონიულად ჩაიღიმებდა. ჩვენ ხომ გვიყვარდა და პატივს ვცემდით, უნდა გენახათ მისი უფროსი კოლეგები როგორი სიყვარულით ეპყრობოდნენ.

სცენაზე ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს, თითქმის ყველა იმ სპექტაკლში ვთამაშობდი, სადაც ბატონი მალხაზი იყო დაკავებული. განსაკუთრებით დამამახსოვრდა “გრაალის მცველნში” რომ შემაგდეს უცებ. ის კოტე მარჯანიშვილის როლს ასრულებდა, მე – ტიციან ტაბიძის. მართლა დიდი რეჟისორივით მპატრონობდა სცენაზე. ანდა რა საოცარი გასტროლები იყო ბათუმში. ახალგაზრდებმა ვიცოდით, რომ ჩვენი უფროსი მეგობარი ყველანაირ ჩვენს სიშლეგესა თუ ახირებას ისე ჩააცხრობდა, ისე დაგიდგებოდა გვერდში ბავშვობის ძმაკაცივითა თუ თანატოლივით, რომ გაგაოცებდა.

ახალი წლის იმ დილას ქართულმა თეატრმა და კინომ ერთი ვარსკვლავი დაკარგა, ჩვენ  – დიდი მეგობარი და ქომაგი. შობა თენდებოდა, წინა საღამოს ვაკის სასაფლაოს მივაბარეთ, კაცი – დღესასწაული აღარ იყო, არც ჩვენ გვედღესასწაულებოდა.

დღეს რომ ვფიქრდები, ვერც წარმომიდგენია დაბერებული მალხაზი, არადა დღეს ხომ 85 წლის გახდა…

…და ხომ შეიძლებოდა დღესაც ჩვენს შორის ყოფილიყო!!!”