„მსურს სამყარო ბოროტების გარეშე და სიყვარული ნათელ ფერებში“ – ეს გიორგი ყელბერაშვილის არაჩვეულებრივი სიტყვებია.
მწერალი თავის სადებიუტო წიგნზე “სიყვარული ნათელ ფერებში” 5 წლის განმავლობაში მუშაობდა. წიგნი ნოდარ დუმბაძის გამომცემლობამ დაბეჭდა და მისი წაკითხვა ნებისმიერ მსურველს უკვე შეუძლია.
ავტორი ამბობს, რომ ლიტერატურა განიჭებს თავისუფლებას, რაც ნებისმიერი ადამიანისთვის ყველაზე მთავარია.
გიორგი ყელბერაშვილი:
“ვფიქრობ, ხელოვნების ძირითადი დანიშნულება, სწორედ ის არის, რომ მოგწყვიტოს გამრუდებულ რეალობას და ადამიანად დარჩენაზე ჩაგაფიქროს. ხელოვნებამ მოახერხა, რომ საზოგადოება არ დაეყო არც ეთნიკური და არც რელიგიური ნიშნით… კიდევ უამრავი რამ შეიძლება ითქვას, რადგან რომ არა ხელოვნება, ბევრად განსხვავებულ საზოგადოებაში მოგვიწევდა ყოფნა.
უშუალოდ ლიტერატურასთან პირველი შეხება მქონდა სკოლის წლებში და, ზოგადად, რამდენადაც ბავშვობა ასოცირდება თავისუფლებასა და სილაღესთან, იმდენად ლიტერატურა გაძლევს და განიჭებს ბევრად მეტ თავისუფლებას. შემდგომ ვაკეთებდი მცირე ჩანახატებს, თხზულებებს, რასაც ლიტერატურლ პორტალებზე ვანთავსებდი და მათი წაკითხვა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. ამავდროულად, 2017-2018 წლებში ლიტერატურულ ჟურნალ “ანეულში” პირველად დაიბეჭდა ჩემი ტექსტები.
ვფიქრობ, რასაც არ უნდა აკეთებდე და მოქმედებდე, ვერასდროს, ვერსად ვერ გაექცევი შენს მთავარ გზას და სწორედ ეს გზა მეხმარებოდა ცხოვრებაში ყველაზე დიდ და გარდამტეხ ძიებებში. საკუთარი თავის შეცნობის პროცესი ყველაზე ხანგძლივი და საინტერესოა, თუმცა ის უსვამს უმთავრეს კითხვას-პასუხებს თუ რატომ ახლა იქ, სადაც ხარ?! ამ ყველაფერს აგრეთვე მოჰყვა პრემია „მაჩაბლის“ ფინალისტობა, რამაც კიდევ უფრო მეტი შემართება მომცა ჩემს საქმეში.
„სიყვარული ნათელ ფერებში“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა) ჩემი პირველი სადებიუტო წიგნია, რომლის წერის პროცესიც დაახლოებით ხუთ წელს გრძელდებოდა, რადგან ყველაზე რთული ამ ამბავში ის აღმოჩნდა, თუ რისი თქმა მსურდა რეალურად საზოგადოებითვის, მკითხველისთვის. მაგიური რეალიზმის ჟანრი არ არის მარტივად დასაწერი ისტორია, თუმცა ვფიქრობ, რამდენადაც გულწრფელი ხარ შენს ტექსტებში, იმდენად ბუნებრივი ხდება თხრობაც. წაკითხულმა ისტორიამ უკეთესი უნდა გაგხადოს და ბევრი საფიქრალიც დაგიტოვოს, რადგან ლიტერატურის ძირითადი დანიშნულებაც ხომ ეს არის?! რამდენად კარგად გამომივიდა არ ვიცი და ამას მხოლოდ მკითხველი თუ შეაფასებს, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ წერისას თითქოს ბევრი რამისგან გავთავისუფლდი და მთელი ეს ემოციები ერთ წიგნში მოვყევი. ყველაზე მთავარს კი შეიძლება არც კი დაჭირდეს ვრცელი ამბის მოყოლა და ერთმა წინადადებამაც კი დაიტიოს თქმულიც და უთქმელიც. ამიტომ ჩემს ამბავს ასე დავასრულებ… „მსურს სამყარო ბოროტების გარეშე და სიყვარული ნათელ ფერებში“.