ხელოვნების საერთაშორისო ფონდმა „რეი” დაარსების 1 წელი მწერალთა სახლში გამარჯვებულთა დაჯილდოვებით აღნიშნა. საღამოს მწერლები, მუსიკოსები, პოეტები, სხვადასხვა სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები და კონკურსანტთა გულშემატკივრები ესწრებოდნენ.
“მუსიკა, დრამა, ლიტერატურა” – ასე ეწოდება ყოველწლიურ კონკურსს, რომელშიც მონაწილეობა პირველ წელს 40-მა მსურველმა მიიღო.
მუსიკის განხრით კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, ხოლო ლიტერატურისა და დრამის განხრით – 40 წლამდე მსურველებს.
ფონდი ხელს უწყობს ახალგაზრდა ხელოვანებს გაიკვლიონ გზა ხელოვნების სამყაროში და გააცნონ საკუთარი ნამუშევრები ფართო საზოგადოებას, მათი დაჯილდოებით კი ხელოვნების საერთაშორისო ფონდი „რეი” თითოეულ მათგანს აძლევს სტიმულს, რათა არ გაჩერდეს, კიდევ უფრო მეტი იმუშავოს და შექმნას ახალი ნაწარმოებები.
გამარჯვებული კონკურსანტები გამოავლინა ჟიურიმ ნიკა ნიკვაშვილის, ქეთევან ტრაპაიძის, ანა ჭაბაშვილისა და პაატა შამუგიას შემადგენლობით. მუსიკალური მიმართულებით კონკურსანტებს შორის საუკეთესოები ნიკა ნიკვაშვილმა შეარჩია, დრამის მიმართულებით – ქეთევან ტრაპაიძემ, ლიტერატურის მიმართულებით კი – პაატა შამუგიამ და ანა ჭაბაშვილმა.
ფონდმა “რეი” ჟიურის გადაწყვეტილებით თითოეულ მიმართულებაში 2-2 გამარჯვებული გამოავლინა, რომელთაც გადაეცათ ფულადი პრიზი. ყველა გამარჯვებული დამსწრე საზოგადოებამ მქუხარე აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.
მუსიკალური მიმართულებით გამარჯვებულებად დასახელდნენ ვახტანგ გვახარია და გიგა მაჭავარიანი. ლიტერატურის მიმართულებით – ანა მაწკეპლაძე და თორნიკე ღვთისიაშვილი. დრამის მიმართულებით კი – ანა სანებლიძე და გურამ ჩხეიძე. თითოეულმა გამარჯვებულმა ფულადი პრიზი – 2500 ლარი მიიღო.
ნიკა ნიკვაშვილი, ჟიურის წევრი:
-ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არსებობდეს ისეთი კონკურსები , რომლებიც ხელს შეუწყობს ნიჭიერ ადამიანებს მათი შემოქმედების წარმოჩენაში. ამას მათთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მინდა უდიდესი მადლობა ვუთხრა ფონს „რეის“, რომ დაარსების დღიდან მათი საქმიანობა ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენა და მათი ნაწარმოებების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაა.
პაატა შამუგია, ჟიურის წევრი:
-მივესალმები ფონდ „რეის“ ინიციატივას. ნიჭიერი შემოქმედების ხელშეწყობა – ეს არის ყველაზე დიდი საქმე, რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს და რაშიც შეიძლება ფინანსური რესურსები ჩადოს. ვულოცავ ყველა გამარჯვებულს და დიდ მადლობას ვუებნები ყველას, ვინც ამ წამოწყებას მხარი დაუჭირა.
ნიკა ჭკადუა, ხელოვნების საერთაშორისო ფონდ „რეის” დამფუძნებელი:
-ჩვენ არ ვიცნობთ კონკურსანტებს, ვიცით მხოლოდ მათი ნაშრომები. დავაჯილდოვეთ საუკეთესოები სამ ნომინაციაში – მუსიკა, დრამა და ლიტერატურა. ძალიან სასიამოვნო იყო მათთან შეხვედრა. ეს არის ჩვენი საუკეთესო მომავალი ნიჭიერი თაობა. ფონდი გააგრძელებს მათზე ზრუნვას, არ მოაკლებს ყურადღებას და მომავალშიც სიამოვნებით ითანამშრომლებს. ყველანაირად ვეცდებით, მივცეთ სტუმული, გაააქტიურონ მუშაობა. ვამაყობ, რომ საქართველოში არსებობენ ასეთი ლამაზი, ნათელი, ნიჭიერი ახალგაზრდები. მინდა მათ წარმატება ვუსურვო.