პოეტ ალეკო შენგელიას შემოქმედებიდან საკმარისია გავიხსენოთ მისი მხოლოდ ერთი ლექსი “ანდერძი”, რომელიც მისი სავიზიტო ბარათია.
პოეტის მრავალი ლექსი მკითხველმა ძალიან შეიყვარა, მრავალი მათგანი კი სიმღერად აქცია და გაახალხურა:
„რა სცოდნიათ, ამ პატარა ნამის ღილებს,
თვალს ნაბავენ, თითქოს შენი თვალებია,
ერთხელ მაინც, ჩუმად მაინც გამიღიმე,
რა უღმერთო გაჯავრება გყვარებია.“
ან
„…თუ დავეცე ნუ მიტირებთ დანანებით,
ნაღველს გულში არასოდეს გავივლებდი,
საქართველოს ლამაზებო, საქართველოს მანანებო,
დამაყარეთ თქვენი ფერის ყვავილები…“
სწორედ ლექსიდან “ანდერძი” არის ბოლო ამონარიდი, რომელიც გენიალურმა კომპოზიტორმა გოგი ცაბაძემ უკვდავ სიმღერად აქცია, მომღერალმა თემურ წიკლაურმა კი ეს სიმღერა ათასობით მსმენელს სამუდამოდ შეაყვარა.
“იმ პატარა სიყვარულის ცრემლებს ვფიცავ,
იმ თეთრ აკვანს, დედაჩემის ცისფერ თვალებს,
ვფიცავ მიწას, ვაჟას გულზე დაყრილ მიწას,
რიჟრაჟს ვფიცავ, ნისლებში რომ იფერმკრთალებს;
თუ ჩემს ზეცას, ჩემს მწვერვალებს ცადასროლილს
წაეპარა ყორნისფერი ღამე მძიმედ, –
ამოვწვადო ხმალი ელვით ანაჟრჟოლი,
ვარსკვლავებით მოხატული, მოციმციმე.
თუ დავეცე, – ნუ მიტირებთ დანანებით,
ნაღველს გულში არასოდეს გავივლებდი,
საქართველოს ლამაზებო, მანანებო,
დამაყარეთ თქვენი ფერის ყვავილები.
გული დამაქვს სიყვარულით განახელი,
მყვარებია… ჰო, ცრემლებიც მყვარებია;
ჩემი ქვეყნის ძველი დარდი და ნაღველი
ხანჯალივით გულში გამიტარებია.
გაღიმებაც შემიძლია აპრილისა,
ხარირემის ვაჟკაცური დაძახილიც…
– შენი ლექსი ქედმაღლურად გაჰყვირისო, –
მეტყვის ვინმე, სტრიქონებზე თავდახრილი.
– თაობა ვარ ავთანდილის გაწაფული,
სიყვარული ყბით დამიტარებია,
ჩემი თეთრი ცისარტყელა, გაზაფხული,
თებერვალში აპრილს დამიდარებია…
დავიღუპო!.. ნუ მირიტებთ დანანებით…
ნაღველს გულში არასოდეს გავივლებდი…
ჩემი ქვეყნის ლამაზებო, მანანებო,
დამაყარეთ გაზაფხულის ყვავილები.”