მსახიობი ლენა ყიფშიძე თავისი განსაკუთრებული ნიჭიერებით მთელი კარიერის განმავლობაში აოცებდა მაყურებელს.
ამის დასტურია ისტორია, რომელსაც რეზო შატაკიშვილი გვიზიარებს:
“ხანშიშესული ლენა მარტო ცხოვრობს, ჩავლილია ახალგაზრდობა, როცა ის ძველ ვოდევილებში თამაშობდა, ახალგაზრდობა აღარ ბრუნდება, მაგრამ ბრუნდება ვოდევილები, რეჟისორი გოგი თოდაძე “ისევ ვოდევილებს” დგამს და ლენას არც მეტი არც ნაკლები კაცის – კარაპეტა დამბაღოვის როლს აძლევს, ლენა გრიმით ცხვირს იგრძელებს, ხმას იბოხებს და სომეხი ვაჭარი ხდება, სცენაზე ფურორია, ამ ფურორამდე შოკია, შოკი – სამეზობლოში:
“როცა გოგი თოდაძემ ამ როლზე დამნიშნა, მის არჩევანს თეატრში თურმე დიდი შეხლა-შემოხლა მოჰყვა – რა გაჭირვებაა, ლენამ რატომ უნდა ითამაშოს კარაპეტას როლი, თეატრში ამდენი კაციაო. მაგრამ გოგიმ თავისი გაიტანა, ლენას ყველა როლის თამაში შეუძლიაო. მან ერთგვარი ექსპერიმენტი დააყენა. რომ მითხრა, კარაპეტა უნდა ითამაშოო, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. თან შედეგის შემეშინდა. დავიწყე მუშაობა. მარტო ვცხოვრობ, ჩავიკეტებოდი სახლში და სარკესთან რეპეტიციებს გავდიოდი, კარაპეტას ბოხი ხმით ვლაპარაკობდი და სომხური აქცენტით ვმღეროდი: “ვახ, ფულებო, ფულებო, ლამაზებო, კარგებო”… თურმე ერთი ჩემი მეზობელი ქალი ჩასაფრებულია და აინტერესებს, ერთი სული აქვს ნახოს, ვინ დადის ყოველდღე ჩემთან. ჩემი საყვარელი ჰგონია. ერთხელაც მორიგ რეპეტიციას გავდივარ, ეშხში შევედი და უცებ, მისი აივნის კარის ჭრიალი გავიგონე. ვეღარ მოვითმინე, თავი გავყავი და გავძახე, არ გადმოვარდეთ, ქალბატონო, ესეც მე ვარ, ისიც მე ვარ-მეთქი…” – ასე იხსენებდა იმ შოკს თვითონ ელენე ყიფშიძე.
ზურა ყიფშიძე: “ჰო, ის ძაან მაზალო ქალია, თან სახლიც ისეთია, ყველაფერი ისმის, სამზარეულოში რომ დაჯდე, გაიგონებ მეცხრე სართულზე ვინ ვის ეჩხუბება. კარაპეტაზე მუშაობის დროს, ლენამ მართლა გადარია მეზობლები, ეგონათ, რომ ვიღაცაა მაგასთან, თან ისეთ რაღაცეებს ლაპარაკობენ, ფული, ფული… რა ფული? ვინ არის ეს სომეხი კაცი? რა ხდება? გაგიჟდნენ.”