ირაკლი მდივანის გენიალური ნახატები

მხატვარ ირაკლი მდივანსა და მის არაჩვეულებრივ ნამუშევრებზე აქამდე ქართულმა საზოგადოებამ არაფერი იცოდა.

ხელოვანის შესახებ ინფორმაცია ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ გაგვიზიარა:

“დღემდე მეგონა, რომ ქართულ მოდერნიზმს პეტრე ოცხელის სახით ერთადერთი კაშკაშა ვარსკლავი ჰყავდა, თუმცა სულ რამდენიმე დღის წინ, კიდევ ერთი ალმასი აკიაფდა. დიახ, არ გეჩვენებათ, ეს ნახატები, რომლებშიც აშკარად იგრძნობა ოცხელისეული მოდერნიზმის ესთეტიკა, მხატვარ ირაკლი მდივანს ეკუთვნის, მდივანის ასეთი ნახატები ქართულ საზოგადოებას დღემდე არ უნახავს…

ამ დონის ორი მხატვარი ერთ ეპოქაში?! ეს უკვე დიდი განაცხადია არა ჩვენი ეროვნული კულტურისათვის?! ეს 22 უნიკალური ესკიზი სამშობლოში გალერისტმა ხათუნა ჩხეიძემ დააბრუნა, კულტურის მინისტრის პირადი ძალიახმევითა და მხარდაჭერით კი სახელმწიფომ ჩვენი მუზეუმის კოლექციისათვის შეიძინა…

ასე რომ, ქართულ სახვით ხელოვნებას კიდევ ერთი დიდებული სახელი შეემატა. ირაკლი მდივანი სიცოცხლეში არ იყო დაფასებული, არცაა გასაკვირი, ჩვენში ხომ ხშირად “უღირსებს უსამართლოდ ადგამენ დაფნას”… ამ მუდმივი ეროვნული სენით გულნატკენ მხატვარს კი ერთ-ერთ ესკიზზე საბჭოთა მენტალობის ქართველების გასაგონად მიუწერია: “ყალბია სიტყვა ყოველ ქართველის.”